ჩვენ 890 ათასზე მეტი ხმით მოვუგეთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას, 325 ათასზე მეტი ხმით მოვუგეთ მთელ რადიკალურ ოპოზიციას ერთად აღებულს, რაც დადგინდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებული საბოლოო ოქმით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არჩევნებში მმართველმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.
„გუშინწინ შეჯამდა არჩევნების შედეგები და საბოლოოდ დადგინდა, რომ მმართველმა გუნდმა, ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა დამაჯერებლად ამ არჩევნებში, რისთვისაც ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. ეს გამარჯვება იყო ძალიან დამაჯერებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართულმა საზოგადოებამ ზუსტად მიიღო ის გზავნილი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ეს იყო გადამწყვეტი არჩევნები, იყო ერთგვარი რეფერენდუმი პირველ რიგში ომსა და მშვიდობას შორის და ქვეყნის ბნელ წარსულში დაბრუნებასა და ქვეყნის ნათელ და ევროპულ მომავალს შორის. არჩევანი გაკეთდა სწორედ ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ. კიდევ ერთხელ მადლობა ქართველ ხალხს იმისთვის, რომ სათანადო პოზიცია დაიკავა ამ არჩევნებზე და მხარი დაუჭირა ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას. გამარჯვება იყო ძალიან დამაჯერებელი. ჩვენ 890 ათასზე მეტი ხმით მოვუგეთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას. 325 ათასზე მეტი ხმით მოვუგეთ მთელ რადიკალურ ოპოზიციას ერთად აღებულს, რაც საბოლოო ჯამში დადგინდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებული საბოლოო ოქმით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, ცესკოს მდივანს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, ცესკოს შესაბამის წევრებს.
„ძალიან დიდი იყო წნეხი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე. იყო ძალიან მძიმე ინციდენტი, რაც ვიხილეთ გუშინწინ, თუმცა ცესკოს შემადგენლობამ სათანადოდ გაიარა ეს პროცესები და საბოლოო ჯამში უზრუნველყო არჩენების უმაღლეს დონეზე ჩატარება. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ცესკოს და ცესკოს წევრებს ამისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ეს მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით გაგრძელდეს პროცესები. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს შეუფერხებელი განვითარება. ჩვენ გვახსოვს წინა წლების განმავლობაში, როდესაც ძლიერდებოდა ხოლმე რადიკალური ოპოზიცია, სუსტდებოდა სახელმწიფოს პოზიციები, როდესაც დასუსტებული იყო რადიკალური ოპოზიცია, ამ დროს უფრო ძლიერი იყო ხოლმე ყოველთვის სახელმწიფო. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის დასუსტება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იმისათვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე და ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორი მიმართულებით. იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია, ალბათ შეგვეცოდებოდა, რომ არ ვიცოდეთ, რა ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს უსამშობლო ადამიანებთან, რომელთა დასუსტება არის მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლო ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს განვითარებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყოველდღიურად ავლენს საკუთარ სახეს, რაც არის ძალიან კარგი, ვინაიდან ამას საზოგადოება ხედავს.
პრემიერის შეფასებით, ის 785 000 ადამიანიც, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ რადიკალურ ძალებს, თანდათან გადააფასებს საკუთარ არჩევანს.
„დღეს, ამ ოთხმა პარტიამ, სინამდვილეში ერთმა პოლიტიკურმა ძალამ მიმართა ევროკავშირს კონკრეტული მოთხოვნებით და მე მინდა, ჩამოვთვალო ეს ძირითადი მოთხოვნები - მათ მოითხოვეს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, ეს არის პირველი მოთხოვნა, რომელიც მათ დააყენეს, არც მეტი, არც ნაკლები. მოითხოვეს კომუნიკაციის შეწყვეტა ევროკავშირსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს, ხელისუფლებას შორის. მათ მოითხოვეს 120 მლნ-იანი დაფინანსების შეჩერება და ასევე მოითხოვეს, რომ ეს თანხა მიემართოს აგენტურის გაძლიერებისკენ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის 3 მთავარი მოთხოვნა, რომლითაც მიმართა რადიკალურმა ოპოზიციამ ბრიუსელს. თქვენ გახსოვთ საუკუნის წინ ცნობილი გზავნილი, რომელიც სერგო ორჯონიკიძემ გაუგზავნა მოსკოვს, ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს.
ისინი ყოველდღიურად ავლენენ სახეს, რაც არის ძალიან კარგი, ამას ხედავს საზოგადოება. ვფიქრობ, რომ ის 785 000 ადამიანიც, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ რადიკალურ ძალებს, თანდათანობით გადააფასებს საკუთარ არჩევანს და, საბოლოო ჯამში, ისინი დაუბრუნდებიან იმ პოზიციას, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებასთან. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სხვა სამართალდამცავ უწყებებს იმისათვის, რომ მათ სათანადოდ მართეს ეს პროცესები დღემდე და, რა თქმა უნდა, ასე გაგრძელდება პროცესების მართვა მომდევნო დღეების განმავლობაშიც. საზოგადოება შეწუხებულია იმ აქტივობების გამო, რომელსაც ახორციელებს რადიკალური ოპოზიცია, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ყველაფრის ჯეროვნად მართვა და კიდევ ერთხელ მადლობა შსს-ს, რომელიც სათანადოდ წარმართავს ამ პროცესებს და, რა თქმა უნდა, მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, სტაბილურობა ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.