ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ეს არის საქართველოს მთავრობის მთავარი პასუხისმგებლობა და ამოცანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გაიმართა არაერთი შეხვედრა, სადაც განხილული იყო სამთავრობო პროგრამით განსახორციელებელი პროექტების დეტალები.
„განვიხილეთ კონკრეტული მეგაპროექტების დეტალები, რომლებიც არის დაანონსებული და უნდა განხორციელდეს შემდეგი წლების განმავლობაში. ასევე ვმუშაობთ ძალიან საინტერესო საინვესტიციო პროექტებზე. მთელ რიგ შემთხვევებში საქმე უკვე ბოლომდე არის მიყვანილი და ძალიან მალე ანონსიც გვექნება ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პარლამენტს წარედგინება როგორც სამთავრობო, ასევე 4-წლიანი პროგრამა.
„როგორც მოგეხსენებათ, ორშაბათს, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, ჩვენ უნდა წარვუდგინოთ საქართველოს პარლამენტს სამთავრობო პროგრამაც, 4-წლიანი პროგრამაც და მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი იყოს დაზუსტებული. ეს არის ჩემი თხოვნა თითოეული სამინისტროს და მინისტრის მიმართ. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომელიც ასახულია სამთავრობო პროგრამაში. 4 წლის თავზე ჩვენ განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, ამას უზრუნველყოფს ჩვენი სამთავრობო პროგრამა. ახლა მთავარია ყოველდღიური მუშაობა იმისათვის, რომ ყველა ამოცანა სათანადოდ შესრულდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.