ძვირფასო უკრაინელებო, თქვენი ეს ბრძოლა არასდროს იქნება დავიწყებული - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელებს იმპერიალისტური რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სპეციალურ ვიდეომიმართვაში საუბრობს. 

პრეზიდენტის თქმით, უკვე 1000 დღეა უკრაინელები მსოფლიო მშვიდობისთვის იბრძვიან და მათი ეს ბრძოლა თავისუფლების მოყვარე ერებისთვის არასდროს იქნება დავიწყებული.  

1000 დღეა, რაც თქვენ, უკრაინელო მეგობრებო, იბრძვით თქვენი ქვეყნის დასაცავად, თქვენი დამოუკიდებლობის დასაცავად, თავისუფლების დასაცავად. 

თქვენ იბრძვით ჩვენი სახელით, ევროპელის სახელით, ყველას სახელით, ვისაც სურს საკუთარი თავისუფლება დაიცვას რუსული იმპერიალიზმისგან, რუსეთის დამორჩილების, ანექსიისა და სხვა მეზობლების ტერიტორიების გაკონტროლებისაგან.  

თქვენი ეს ბრძოლა, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, არასოდეს იქნება დავიწყებული. და შეიძლება დამთხვევაა (მაგრამ, რა თქმა უნდა არა) ის, რომ დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში, ჩვენი მოქალაქეები რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მორიგ მცდელობებს ეწინააღმდეგებიან. არც ეს იქნება წარმატებული, და ყველგან, სადაც ხალხი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ყველგან გაიმარჯვებს, - განაცხადა პრეზიდენტმა.