ერთ წრეზე ვტრიალებთ - როგორც წინა საუკუნეში, ახლაც საზოგადოების ნაწილი ქუჩაშია და ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბებულია. ზოგადად, ქუჩაში დგომა, როგორც ჩანს, ჩვენი ბედისწერაა, თუმცა ამჟამინდელი პროტესტი ყველა სხვა წინამორბედისგან იმით განსხვავდება, რომ „პროტესტანტები“ პარლამენტის წინ კი არა, არამედ, თსუ-ს პირველ კორპუსთან გამაგრდნენ. სხვათა შორის, ამ ლოკაციის „ათვისება“ თავად ოპოზიციის უდიდესი ნაწილისთვისაც კი ერთგვარი სიურპრიზი იყო ანუ რამდენიმე დღის წინ, როცა პარლამენტთან, Facebook-ჯგუფ „დაიტოვეს“ მიერ ორგანიზებული საპროტესტი შეკრება გაიმართა, ნიკა გვარამიამ, რომლის პარტიაც მსვლელობას ვაკიდან რუსთაველისკენ მართავდა, თსუ-ს პირველ კორპუსთან განაცხადა, ჩვენ აქ ვრჩებითო.
„ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ აქ ვრჩებით. 24 საათი ეს აქცია იდგება აქ, ვინ არის თანახმა თქვენ შორის, რომ არ შეუშინდეს დაჭერას, არ შეუშინდეს სიცივეს, არ შეუშინდეს რუსულ რეჟიმს იმიტომ, რომ ეს სამშობლო ჩვენია.
მოძრაობა არ იქნება, ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება, არც სხვა მაგისტრალებზე, ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას, ეს ქვეყანა ჩვენია, ყველას ძალიან დიდი ბოდიში“, - განაცხადა 17 ნოემბერს, საღამოს, ნიკა გვარამიამ.
გვარამიას თანაგუნდელმა ელენე ხოშტარიამ კი რუსთაველზე მყოფ ხალხს შეერთებისკენ მოუწოდა:
„წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია, ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, ჩვენ არ ვაპირებთ „ოცნების“ დღის წესრიგით სიარულს, ასევე, ჩვენ არ ვაპირებთ მათი ძალადობრივი გეგმებით სიარულს, ჩვენ ვართ არაძალადობრივი, მტკიცე წინააღმდეგობის მოძრაობა.
ამიტომ, ჩვენ დღეს მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, რუსთაველზე მყოფ ხალხს, ვაცნობებთ მათ, რომ აქ ვჩერდებით. თსუ-სთან, დღეს გავათევთ ღამეს, 24 საათი ვიქნებით აქ, გაგაცნობთ ყველა შემდგომ გეგმას და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ახალი და სამართლიანი არჩევნები. არჩევნები, რომელსაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა“.
იქვე, განცხადება ნიკა მელიამაც გააკეთა:
„ჩვენ გადავდივართ არაძალადობრივი პროტესტის სხვა ეტაპზე, გადავდივართ იმ ეტაპზე, რასაც ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი გვკარნახობს, არალეგიტიმურ ხელისუფლებას არ აღიარებს ხალხი, არალეგიტიმურ ხელისუფლებას არ აღიარებს არავინ მსოფლიოში…
24 საათის განმავლობაში, ხვალ საღამოს, 8 საათამდე, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალურ ადგილას ვრჩებით აქ, უნივერსიტეტის წინ, დანარჩენი, შემდგომი განცხადებები მოგვიანებით გაკეთდება“. გააგრძელეთ კითხვა