მადლობა პარლამენტს, საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერი-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მან დღეს პარლამენტსა და საზოგადოებას წარუდგინა ამბიციური პროგრამა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, ამბიციური პროგრამა, რომელიც დღეს წარვუდგინე კიდევ ერთხელ საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებას. ჩვენ 4 წლის შემდეგ საზოგადოების წინაშე წარვდგებით ჩვენი ანგარიშით და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამ პროგრამის თითოეული პუნქტი პირნათლად შევასრულოთ. ამ პროგრამაში ასახულია ძალიან ამბიციური მიზნები, თუმცა ეს მიზნები ამასთან ერთად არის აბსოლუტურად შესრულებადი და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ 4 წლის თავზე პირნათლად წავდგებით საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციის უფლებაა, რომ შეიტანოს განაცხადი და მოგვიანებით პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება მანდატების შეწყვეტას, ეს არის ოპოზიციის უფლება, შეიტანოს განაცხადი ამასთან დაკავშირებით. მოგვიანებით, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას. თქვენ გახსოვთ, ჩვენ შარშან მივიღეთ გადაწყვეტილება მანდატების არშეწყვეტასთან დაკავშირებით, წელს როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულია მსჯელობაზე. ჩვენ ჯერჯერობით არ გვქონია ამასთან დაკავშირებით მსჯელობა, დაველოდებით ოპოზიციის განაცხადებს და ამის შემდეგ ერთიანად შედგება მსჯელობა ამ საკითხზე,“- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია თვეების განმავლობაში ატყუებდა საკუთარ ამომრჩეველს, რომ ისინი იგებდნენ არჩევნებს, ახლა უწევთ თავის მართლება და ეს იწვევს მათ დეზორიენტაციას, უსუსურ მდგომარეობას.
„მთავარი მიზეზი არის ის, რომ ისინი ატყუებდნენ საკუთარ მხარდამჭერებს, მთელი ამ თვეების განმავლობაში. ატყუებდნენ, რომ იგებდნენ არჩევნებს, რომ ჩვენი მხარდაჭერა იყო 20%, 30%, 35%, თუმცა, საბოლოო ჯამში, დადგნენ ფაქტის წინაშე და ახლა უწევთ თავის მართლება თავიანთი მხარდამჭერების მიმართ. ეს იწვევს მათ დეზორიენტაციას, მათ უსუსურ მდგომარეობას, რაც საბოლოო ჯამში კარგია, ისინი უშვებენ შეცდომას შეცდომაზე და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებას,“- განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, სამთავრობო პროგრამა უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.
„სამთავრობო პროგრამის შესრულება უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას. ამ ყველაფრის შედეგი იქნება ჩვენი ეროვნული ამოცანების შესრულება, ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებაც. ჩვენ თანმიმდევრულად ვივლით წინ, ვივლით წინ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისკენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.