„ძალიან მაგარია საქართველო და მაგარია მისი საზოგადოება" - სალომე ზურაბიშვილის მიმართვა

მინდა მივმართო სამართალდამცავებს - არ აწიოთ ხელი ჩვენს ახალგაზრდა მოქალაქეებზე. რუსთაველის გამზირზე და სხვა ქალაქებში არაფერი ხდება ისეთი, რაც დარბევას მოითხოვს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა:

„ძალიან მაგარია საქართველო და მაგარია მისი საზოგადოება. ჩანს ყველანაირად, რომ არავინ არ არის მზად, შეეგუოს გარუსებულ საქართველოს, კონსტიტუციაწართმეულ საქართველოს, არალეგიტიმური მთავრობისა და პარლამენტის ხელში მყოფ საქართველოს. თქვენ დღეს ძალიან ბევრნი ხართ გამოსულები. გიყურებთ რუსთაველზე, გიყურებთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახმეტა, ლაგოდეხი, თელავი. ეს არნახულია, რომ ერთდროულად და სპონტანურად გამოდიოდნენ საქართველოს მოქალაქეები უაღრესად მშვიდობიანად.

მინდა მივმართო, პირველ რიგში, სამართალდამცავებს, ვიცი, საპატრულო პოლიცია ყველაფერს აკეთებს და მინდა ამისთვის მადლობა ვუთხრა. დანარჩენებს მინდა მოგმართოთ - არ აწიოთ ხელი ჩვენს ახალგაზრდა მოქალაქეებსა და არც სხვებზე! თავი შეიკავეთ და თქვენი მოვალეობა დაიცავით! არაფერი ხდება არც რუსთაველზე, არც სხვა ქალაქებში, რაც თქვენს ჩართულობასა და დარბევას მოითხოვს. ამიტომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა არის თქვენი, მხოლოდ თქვენი და თქვენი უფროსების. მათაც უნდა იფიქრონ ამაზე“