"აპროტესტებინებთ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს, ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა" - ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის ელჩი მანამდე აცხადებდა, რომ შეჩერებული იყო ევროინტეგრაცია და მერე თქვა, რომ თურმე ჩვენ შევაჩერეთ ევროინტეგრაცია,  ეს არის ტყუილი, სიცრუე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საზოგადოება აპროტესტებს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს, ვინაიდან ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა და ეს არის ტყუილი.

„ჩვენ არ გვითქვამს, რომ აღარ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციას, ეს ტყუილია და საზოგადოებასაც ატყუებთ. რეალურად, საზოგადოება, აქ შეკრებილი 5 000 ადამიანი აპროტესტებს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა, ეს არის ტყუილი, რასაც ამბობთ თქვენ და რაც გაიმეორა ევროკავშირის ელჩმა. ეს არის ტყუილი და აპროტესტებინებთ ადამიანებს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა, ჩვენ ვაგრძელებთ პირიქით, განსაკუთრებული ძალისხმევით ყველა ვალდებულების შესრულებას და ზუსტად ეს არის ევროინტეგრაცია. 90 %-ზე მეტი ჩვენი ვალდებულებებისა იქნება შესრულებული 2028 წლისთვის. თქვენ ატყუებთ საზოგადოებას, რომ შეჩერდა ევროინტეგრაცია, ისევე როგორც ატყუებს ევროკავშირის ელჩი და, სწორედ, ამიტომ კარგავს ევროპული ინსტიტუტები საქართველოში ნდობას. რეკორდულ მინიმუმზე ჩამოვიდა ნდობა ევროპული ინსტიტუტებისადმი, თვითონ ევროკავშირის კვლევის თანახმად. „ევრობარომეტრის“ კვლევა გამოქვეყნდა, 58 %-ზეა ჩამოსული ევროპული ინსტიტუტებისადმი ნდობა, რატომ, იმიტომ რომ ელჩი იტყუება, ევროპარლამენტი სამარცხვინო რეზოლუციებს აქვეყნებს და აღარ მინდა გავაგრძელო. „ასოცირების შეთანხმება“ არის სწორედ ერთადერთი პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელსაც მიჰყავხარ ევროინტეგრაციისკენ. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, თქვენ თვითონვე აღიარეთ თქვენს პარტიებთან ერთად, რომ კანდიდატის სტატუსი ყოფილა ფორმალობა და იგივე ეხება მოლაპარაკებების გახსნასაც. ეს არის ფორმალური მხარე. ერთადერთი პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს ევროკავშირისკენ არის, სწორედ, „ასოცირების შეთანხმება“,“- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას შემდეგ, რაც მოხდება საბოლოოდ ცვლილებები, დასრულდება ომი უკრაინაში, არსებობს ყველა წინაპირობა ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვისთვის.

 

„ეს მომდევნო რამდენიმე თვე ჩვენთვის იქნება შესაძლოა კიდევ უფრო რთულიც, ვიდრე იყო წინა 3 წელიწადი, ამიტომ, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფხიზლად და ფრთხილად, თუმცა მას შემდეგ, რაც მოხდება საბოლოოდ ცვლილებები, დასრულდება ომი უკრაინაში, რა თქმა უნდა, არსებობს ყველა წინაპირობა ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვისთვის. ჩვენ ველოდებით ამ მომენტს.

თქვენ გახსოვთ, წინა 3 წლის განმავლობაში რაც ხდებოდა. ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის,  რომ ჩვენ შეგვქმნოდა ხელოვნური დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე. წელიწადნახევრის განმავლობაში კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენებოდა, როგორც მხოლოდ და მხოლოდ შანტაჟის ინსტრუმენტი. არავინ არ ახსნა, რატომ არ მოგვანიჭეს ჩვენ 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი, როცა ეს სტატუსი მოლდოვასაც კი მიანიჭეს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ევროპაში, უსუსტესი ინსტიტუტებით, დსთ-ს წევრი ქვეყანა და ა.შ. დღემდე ქართული საზოგადოებისთვის არავის არ აუხსნია რატომ არ მოგვანიჭეს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი, როცა მიანიჭეს მოლდოვას და წელიწადნახევრის განმავლობაში რატომ იყენებდნენ ამ თემას საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად. თქვენ ერთი წამი წარმოიდგინეთ დაშვების დონეზე, რა იქნებოდა, რომ მაშინ, 2022 წლის ივნისში ჩვეულებრივად მოენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი, შემდეგ რომ გაეხსნათ მოლაპარაკებები და ა.შ. რა იქნებოდა, იქნებოდა სიმშვიდე და რატომ არ გააკეთეს, იმიტომ, რომ ვიღაცას არ უნდოდა სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში და უნდოდა ამ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩა, უნდოდა პოლარიზაცია, რადიკალიზმი ჩვენს ქვეყანაში და უნდოდა ნაცმაედანი, „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნება ხელისუფლებაში ძალადობრივი მეთოდებით, ან თუნდაც არჩევნების გზით და უნდოდა საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაცია. სხვა ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს, ამ უსამართლობას ვერ ექნება სხვა ახსნა. როცა გადაივლის პროცესები, როცა დასრულდება ომი უკრაინაში, ჩვენ ველოდებით ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას. აქედან გამომდინარე, ვართ აბსოლუტურად ოპტიმისტურად განწყობილი. 2028 წლისთვის ჩვენ გვექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 1949 წლიდან 2008 წლამდე სამართლიანობა იყო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ხელწერის შტრიხი, დღეს განსხვავებული ვითარებაა. 

 

„ჩვენთვის მთავარია ობიექტური შეფასებები, თუ ისინი გმობენ იმ ძალადობას, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან, მაშინ შეგვიძლია, დადებითად შევაფასოთ ასეთი განცხადება. თუ ასეთი რამ არ არის დაგმობილი, მაშინ არ ვიცი, რა შეფასება შეიძლება, ჰქონდეს. ჩვენთვის მთავარია სამართლიანობა და ობიექტურობა. ევროკავშირის სტრუქტურებში არის სერიოზული პრობლემები ამ კუთხით. მთელი ამ სამი წლის განმავლობაში მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავდით ამ სტრუქტურებში, იყო სწორედ უსამართლობა, სიცრუე და ორპირობა. ევროპარლამენტის რეზოლუციები გაიხსენეთ, 5 ასეთი რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა, ეს არ შეშვენის ევროკავშირს, რომელიც 2008 წლამდე იყო სამართლიანობის სიმბოლო. 1949 წლიდან 2008 წლამდე სამართლიანობა იყო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ხელწერის შტრიხი, დღეს სამწუხაროდ, განსხვავებული ვითარებაა. იმედი მაქვს, უკრაინაში ომის დასრულებასთან ერთად ამ კუთხით იქნება სერიოზული პროგრესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია გრძელდება ინტენსიურად და ამაზე ხელისუფლებას პასუხისმგებლობა აქვს აღებული, როგორც საარჩევნო, ისე სამთავრობო პროგრამებით.

 

„ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, გრძელდება ინტენსიურად ევროკავშირში ინტეგრაცია, მაგრამ არ გრძელდება შანტაჟი. დასრულდება შანტაჟი, გაგრძელდება ევროინტეგრაცია, პირდაპირი კავშირია ამ ორ მოვლენას შორის. თუ გაგრძელდება შანტაჟი, არ იქნება არავითარი ევროინტეგრაცია. დასრულდება შანტაჟი, ჩვენ უფრო სწრაფად შევალთ ევროკავშირში, ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა. საზოგადოებას უნდა უთხრათ სიმართლე, ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა, პირიქით, ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხისმგებლობა აღებული, საარჩევნო პროგრამით და სამთავრობო პროგრამით მათ შორის იმაზე, რომ 90 %-ზე მეტით შევასრულებთ ამ ვალდებულებებს და ეს არის, სწორედ, ერთადერთი პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიიყვანს ევროკავშირში გაწევრიანებამდე. საზოგადოებას აპროტესტებინებთ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება ბუნებაში არ არსებობს. არც ევროკავშირს შეუჩერებია, აქაც იტყუება ევროკავშირის ელჩი და არც ჩვენ შეგვიჩერებია ინტეგრაცია, აქაც იტყუება ევროკავშირის ელჩი, ეს არის სიმართლე,“- განაცხადა პრემიერმა.