"ჩვენი ვალია, დავიცვათ ქვეყნის ევროპული მომავალი..." - სეუ-ს სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილის განცხადება

"ვგმობთ ძალადობას, რომელსაც მიმართავენ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები", - ამის შესახებ სეუ-ს სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილის განცხადებაშია საუბარი: 

"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) თანამშრომლები და სტუდენტები ვაცხადებთ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება საფრთხეს უქმნის ყველა, მათ შორის განათლების სფეროს თავისუფლებას. მიმდინარე მოვლენები მკვეთრად გასცდა პოლიტიკურ პროცესებს და იქცა ჩვენი ერისა და სახელმწიფოს მომავლის განმსაზღვრელ უმნიშვნელოვანეს პროცესად.

ევროპული ინტეგრაციის შეჩერება ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გაცხადებულ მიზნებს.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის უმნიშვნელოვანესია განათლება. მივიჩნევთ, რომ ჩვენი ვალია, დავიცვათ ქვეყნის ევროპული მომავალი, ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა და არჩევანის თავისუფლება.

ასევე, ვგმობთ ძალადობას, რომელსაც მიმართავენ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები პროტესტის მონაწილეების მიმართ, რომელთა შორისაც არიან ჩვენი სტუდენტები და ლექტორები.

გვჯერა, რომ სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის ხარისხიანი განათლებისა და თანაბარი შესაძლებლობების გარანტი," - ნათქვამია განცხადებაში.