"გვაქვს ძალიან ამბიციური ამოცანები..." - ირაკლი კობახიძე

ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის მიერ ნდობის გამოცხადება, გვაკისრებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას შემდეგი 4 წლის განმავლობაში, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, პირნათლად შევასრულოთ ჩვენი პროგრამა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, მთავრობა ახალი შემადგენლობით დღეს პირველად შეიკრიბა.

ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრებს ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება მიულოცა და ყურადღება დაუთმო ქართველი ხალხის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების, დასახული ამბიციური გეგმების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობას.

„დღეს, როგორც მოგეხსენებათ, იმართება პირველი სხდომა, ახალი შემადგენლობით. პირველ რიგში, მინდა, ყველას მოგილოცოთ ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება, რაც გვაკისრებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას შემდეგი 4 წლის განმავლობაში, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, ჩვენი პროგრამა, რომელიც წარდგენილ იქნა პარლამენტისა და ქართული საზოგადოების წინაშე და ჩვენი ვალია, ჩვენი გეგმა, ჩვენი პროგრამა პირნათლად შევასრულოთ შემდეგი 4 წლის განმავლობაში.

ეს გეგმა არის ძალიან ამბიციური - ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გვაქვს ძალიან ამბიციური ამოცანები, ჩვენი მიზანია, 4 წელიწადში 130 მლრდ ლარამდე გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა. ტენდენციები არის ძალიან კარგი, გამოქვეყნდა რამდენიმე დღის წინ ეკონომიკური ზრდის მონაცემები საქსტატის მიერ და ოქტომბერში,  მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო საარჩევნო თვე და როგორც მოგეხსენებათ,  არჩევნებთან დაკავშირებულია ხოლმე გარკვეული შიშები, ამის მიუხედავად, ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11 %, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი დაუბრუნდა ორნიშნა ნიშნულს, ჩვენ გვაქვს ზუსტად 10 %-იანი ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წლის პირველი 10 თვის მონაცემებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, ვინარჩუნებთ არსებულ ტემპსა და ტენდენციას და ამის შენარჩუნება ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. სწორედ, ამ ტემპით ჩვენ შევძლებთ, მივაღწიოთ დასახულ მიზანს და 130 მლრდ ლარამდე, მინიმუმ, გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა შემდეგი 4 წლის განმავლობაში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გაიზრდება ქვეყნის ბიუჯეტიც. შარშანდელი ბიუჯეტი თუ იყო 28 მლრდ ლარი, 4 წელიწადში ჩვენი ბიუჯეტი იქნება 40 მლრდ ლარზე მეტი და ეს ყველაფერი მოგვცემს ბევრად უფრო მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას, მოსახლეობაზე ზრუნვის საშუალებას, ესეც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განათლების სისტემა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაც ბოლოდროინდელმა მოვლენებმაც კიდევ ერთხელ აჩვენა.

„ძალიან დიდი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების მიმართულებით, ასევე პროფესიული განათლების მიმართულებით. ამ კუთხით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. რაც შეეხება სკოლებს, იყო სერიოზული პრობლემა წლების განმავლობაში, როდესაც მაქსიმალურად იყო დაკნინებული სასწავლო პროგრამებში, ეროვნულ სასწავლო გეგმაში პატრიოტიზმის, პატრიოტული აღზრდის მნიშვნელობა, საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერების მნიშვნელობა და ამან, სამწუხაროდ, თავის შედეგები გამოიღო. თუმცა არაფერი არ არის დაგვიანებული და ყველაფერი გაკეთდება, რათა სათანადო ყურადღება დაეთმოს ჩვენი ბავშვების, მოსწავლეების სათანადო აღზრდას და სათანადო განათლების მიწოდებას. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლების დეპოლიტიზება. ეს იყო წინა ხელისუფლების ხელწერა და ამ ხელწერით აგრძელებენ ახლაც მოქმედებას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ სასკოლო განათლების კუთხით გვქონდეს სერიოზული წინსვლა და არანაკლებ მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების განვითარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მისივე თქმით, არის ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც უკავშირდება თბილისის და ქუთაისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და სწავლების შინაარსის გაუმჯობესებას.

„4 წლის თავზე გვექნება თვისებრივად გაუმჯობესებული გარემო ჩვენი სტუდენტებისთვის და თვისებრივად ამაღლებული სწავლების ხარისხი, რასაც მივყვებით გეგმაზომიერად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, გასული 2.5 წელიწადის განმავლობაში შეიქმნა  170 000 ახალი სამუშაო ადგილი.

„შესაბამისად, უკვე გაკეთებული საქმე გვაძლევს ამ მიზნის თამამად დასახვის საშუალებას და აბსოლუტურად რეალურია, რომ 4 წელიწადში შეიქმნება 200 000 ახალი სამუშაო ადგილი. შესაბამისად, 4 პროცენტიან ნიშნულს ჩამოცდება უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში, რაც არის საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი. ესეც არის, მართალია, ამბიციური მიზანი, მაგრამ აბსოლუტურად განხორციელებადი და შესრულებადი. საშუალო ხელფასი 4 წლის თავზე გაიზრდება 3 500 ლარამდე, დღევანდელი მაჩვენებელი არის უკვე 2000 ლარზე მეტი, თუმცა ზრდა ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი და 3 500 ლარს გადააჭარბებს 4 წლის თავზე ჩვენი პროგრამის თანახმად საშუალო ხელფასი“, -  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა ასევე ისაუბრა სიღარიბის შემცირებაზე.

„რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად შემცირდება სიღარიბეც და ჩვენი ამბიციური და შესრულებადი მიზანია სიღარიბე ჩამოცდეს 4%-ს 4 წლის თავზე, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ. ამისთვის მნიშვნელოვანია მთელი რიგი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება. ამ კუთხით გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი, განსაკუთრებით იმ მოვლენების ფონზე, რომელიც ვითარდება მსოფლიოში და რეგიონში, ამისთვის საკმაოდ დიდი ინვესტიციები იდება, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარებაში. თქვენ იცით, რომ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები აეროპორტების მშენებლობა-გაფართოებასთან დაკავშირებით, ანაკლიის პროექტი, რკინიგზის მოდერნიზაცია, შავი ზღვის კაბელის პროექტი. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს დამატებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ზრდას. 
ენერგეტიკის სფეროში გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები. 8 000 მეგავატს უნდა გადააჭარბოს ენერგეტიკულმა განვითარებამ და ელექტროენერგიის  გამომუშავებამ 4 წელიწადში. ეს არის ასევე ამბიციური, მაგრამ განხორციელებადი მიზანი აბსოლუტურად. უკვე დაწყებულია მუშაობა ამასთან დაკავშირებით და პროცესები, რა თქმა უნდა, გრძელდება“, -  განაცხადა პრემიერ- მინისტრმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ მულტიფუნქციური ცენტრების მნიშვნელობაზე. 

„ჯანდაცვის სისტემის განვითარება არის განსაკუთრებული პრიორიტეტი და აქაც გვაქვს სერიოზული გეგმები, მათ შორის ახალი ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით არსებული პროგრამების კიდევ უფრო მეტად დახვეწისა და გაფართოების თვალსაზრისით. ამაზეც 4 წლის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავებთ. სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი, ესეც არის ერთ-ერთი სერიოზული პრიორიტეტი და ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები. განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ მულტიფუნქციური ცენტრების მნიშვნელობაზე, ეს არის პროექტი, რაშიც დაიხარჯება დაახლოებით 2 მილიარდი ლარი. ყველა მუნიციპალურ ცენტრს საბოლოო ჯამში უნდა ჰქონდეს მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა თავის საცურაო აუზით და თავისი სხვა სივრცეებით სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის, ამაშიც ძალიან სერიოზული ინვესტიცია ჩაიდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ გამოიკვეთა წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა საქართველოში.

„კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ხაზი უნდა გაესვას და რაც განათლებასთან არის დაკავშირებული, აშკარად გამოიკვეთა ის, რაც იკითხებოდა თავის დროზე PISA-ს ტესტებიდან. საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, ეს შეიძლება კიდევ იყოს ნაკლები პრობლემა, მაგრამ როდესაც წაკითხულის გააზრება უჭირთ, მაგალითად კონკრეტული საჯარო მოსამსახურეებს, ან პედაგოგებს სკოლებში, ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა.
მე მინდა შევთავაზო ყველას, ვისაც გაუჭირდა წაკითხულის ან მოსმენილის  გააზრება, აბსოლუტურად ყველასთან მზად ვართ დისკუსიისთვის, თუმცა აქაც იმედი ნაკლებად შეიძლება გვქონდეს. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ რამდენიმე თვის წინ შევთავაზეთ საზოგადოების წარმომადგენლებს ღია დისკუსია გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ამოქმედდა ლიბერალური ფაშიზმი და ყველას აუკრძალეს აქ მოსვლა დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად. დღეს ვართ ჩვენ ასევე გახსნილი დისკუსიისთვის, ნებისმიერ გულწრფელ ადამიანს, რომელმაც სხვანაირად გაიგო ის, რაც ჩვენგან ითქვა, ვთავაზობთ მობრძანდნენ და გავმართოთ გნებავთ საჯარო, გნებავთ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია ჩვენს განცხადებასთან. აქაც, დარწმუნებული ვარ, ამოქმედდება ლიბერალური ფაშიზმი და არცერთ ასეთ ადამიანს, მათ შორის გულწრფელ ადამიანს არ მისცემენ დისკუსიაში მონაწილეობის საშუალებას იმიტომ, რომ ასეთია ლიბერალური ფაშიზმის ბუნება.
თითოეული მოქალაქე არის ჩვენთვის ძვირფასი და  განსაკუთრებული ყურადღებით მივუდგებით ნებისმიერი ადამიანის აზრს, მით უმეტეს როდესაც საუბარია გულწრფელ ადამიანებზე. დღეს პროტესტს გამოხატავს ადამიანების ის ნაწილიც, რომლებიც არიან გულწრფელები. არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ძალადობრივ დაჯგუფებებზე. არიან გულწრფელი ადამიანები და სწორედ მათთვის არის ჩვენი შეთავაზება ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ დისკუსია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, რა თქმა უნდა, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა პირველ რიგში ამისათვის საჭიროა ჯანსაღი დისკუსია და არა ლიბერალური ფაშიზმი და არა ძალადობა, რასაც ვერავითარი წარმატება ვერ ექნება“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პრემიერის თქმით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ევროკავშირში მოვლენები უფრო ჯანსაღი მიმართულებით განვითარდება.

 

„შანტაჟი და უსამართლო, არაჯანსაღი მიდგომა საქართველოს მიმართ უნდა დასრულდეს და სწორედ ამას ემსახურებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, რომელიც ჩვენ გავახმოვანეთ. საქმე შანტაჟის ნაცვლად, რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას - არ შეიძლება ეს საკითხი გამუდმებით გამოიყენებოდეს, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ისევე, როგორც წელიწადნახევრის განმავლობაში გამოიყენებოდა კანდიდატის სტატუსი შანტაჟის ინსტრუმენტად. დადონ მაგიდაზე, ვაწერთ ხელს, მაგრამ კიდევ ერთხელ - საქმე შანტაჟის ნაცვლად. ჩვენ ვართ ღირსეული ხალხი, ღირსეული ქვეყანა და არავის მივცემთ საშუალებას, რომ წლების განმავლობაში გვამყოფონ შანტაჟის და უსამართლობის რეჟიმში. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მოლდოვა, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ევროპაში, უსუსტესი ინსტიტუტებით. ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ განვითარებული ქვეყანა, სადაც ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მხოლოდ 45% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას და 55% არის წინააღმდეგი. ეს არის ფაქტი. მოლდოვა არის დსთ-ს წევრი ქვეყანა და ის არ შეერთებია სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ის, რის გამოც უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. არის ასეთი ქვეყანა - კორუფცია, სუსტი ინსტიტუტები, დსთ-ს წევრი და მას ანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველოს არა. უხსნიან მოლდოვას მოლაპარაკებებს, საქართველოს არა. ეს არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. საქმე შანტაჟის ნაცვლად. სამართლიანობა უსამართლობის ნაცვლად. ეს უნდა ვიხილოთ ჩვენ ევროკავშირის სტრუქტურებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ევროკავშირში მოვლენები უფრო ჯანსაღი მიმართულებით განვითარდება. ურთიერთობების გადატვირთვა არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა, მაგრამ ამისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანობა.

 

კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენ ერთგულად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, მოსახლეობისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე, და ამით იქნება დაკავებული საქართველოს მთავრობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.