მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, პირადად შს მინისტრს, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დღეების განმავლობაში, მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერმა გასული 5 დღე შეაჯამა და აღნიშნა, რომ თუ პირველი ორი დღის განმავლობაში იყო სამწუხარო ინციდენტები, ბოლო სამი დღის განმავლობაში შესაბამისი მოქმედებები ჩატარდა ყოველგვარი ინციდენტის გარეშე, პოლიციელები მოქმედებდნენ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით.
„მინდა, შევაჯამო განვლილი 5 დღე, ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ 5-დღიანი ციკლი. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, პირადად შს მინისტრს, თითოეულ პოლიციელს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დღეების განმავლობაში, მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით. თქვენ, მოგეხსენებათ, რომ პირველი ორი დღის განმავლობაში იყო სამწუხარო ინციდენტები. მას შემდეგ, გასული სამი დღის განმავლობაში, ყოველგვარი ინციდენტების გარეშე ჩატარდა შესაბამისი მოქმედებები, ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა შსს, მოქმედებდნენ პოლიციელები. მადლობა მათ ამისთვის. ერთ მხარეს იყვნენ არაევროპულად მოქმედი ძალადობრივი დაჯგუფებები და მეორე მხარეს იყო ევროპული და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი პოლიცია, რაც არის ძალიან დასაფასებელი. ჩვენ ვწუხვართ თითოეული დაშავებული პოლიციელის, მომიტინგისა და ჟურნალისტის გამო“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ დღეების განმავლობაში ოფისებში იმალებოდნენ მდიდარი NGO-ების ლიდერებიც, რომლებიც მონაწილეობდნენ ძალადობრივი ღონისძიებების მხარდაჭერაში.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდოდ, დაფინანსებული იყო მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის სპეციალური აღჭურვილობის შეძენა მდიდარი NGO-ების მიერ. ოფისებში შემალული მდიდარი NGO-ების ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში. ოპოზიციის ლიდერები და მათი NGO-ების ლიდერები ოფისებში იყვნენ შემალული ამ დღეების განმავლობაში, თუმცა პასუხისმგებლობა არის პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა და NGO-მა გაწირეს ათეულობით ადამიანი ჯანმრთელობის დაზიანებისთვის და სისხლის სამართლის სასჯელისთვის.
„ადამიანები არიან ძალადობრივი დაჯგუფების წევრები, რომლებსაც ემუქრებათ მათ შორის რამდენიმეწლიანი სისხლის სამართლის სასჯელი, ესეც არის შესაბამისი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკანების პასუხისმგებლობა. ამ დღეების განმავლობაში ამ ადამიანებმა იკადრეს აბსოლუტურად ყველაფერი უკადრებელი, მათ შორის გადაწვდნენ ბავშვებსაც კი. ხედავდით, რა ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში. ამ კამპანიაში პირდაპირ იყვნენ ჩართული როგორც რადიკალი პოლიტიკოსები, ასევე მათი მედიასაშუალებები, სალომე ზურაბიშვილი, რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ამორალურია ის, რასაც ჩვენ ვხედავდით ბავშვებთან მიმართებით მთელი ამ დღეების განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა და ყველა მოქმედებაზე იქნება სათანადო რეაგირება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
„გასული დღეების განმავლობაში, უცხოურმა აგენტებმა და მათმა პატრონებმა გამოიყენეს ბოლო რესურსი, რაც ჰქონდათ დარჩენილი, მათ შორის, მათ გამოიყენეს ბოლომდე საჯარო სამსახურში არსებული რესურსი. ამ რესურსის გამოყენება მათ შეეძლოთ ამ გაზაფხულზეც, ან წინა გაზაფხულზე, ან 2022 წლის ივნისშიც, თუმცა ხედავდით, რომ გარკვეულ რესურსებს იტოვებდნენ და ბოლო რესურსი, რაც ჰქონდათ დარჩენილი, მათ შორის, საჯარო სამსახურში, მათ გამოიყენეს, სწორედ, ამ დღეებში, თუმცა ხედავთ, რომ არც ეს რესურსი გამოადგათ საბოლოო ჯამში „ნაცმაიდნის“ წარმატებისთვის. საინტერესოა, რომ ადამიანები, რომლებიც მოუწოდებდნენ წინა დღეების განმავლობაში საჯარო მოსამსახურეებს სამსახურიდან წამოსვლისკენ, ახლა პირიქით, მას შემდეგ, რაც ჩავარდა „ნაცმაიდანი“, მოუწოდებენ საჯარო მოსამსახურეებს, რომ არ დატოვონ საჯარო სამსახურები. ქცევის ეს ცვლილება, თავისთავად, მეტყველებს ყველაფერზე. თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, ჩვენ ვაკვირდებოდით, რა თქმა უნდა, ყველას მოქმედებას და ყველას მოქმედებაზე გვექნება რეაგირება, ეს რეაგირება იქნება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ რეაგირება იქნება, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოსასმენად, მათ შორის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წუხან „ნაცმაიდნის“ მცდელობის გამო და იმ ვითარების გამო, რომელიც შექმნეს რადიკალურმა პოლიტიკოსებმა ამ დღეების განმავლობაში, ჩვენს დედაქალაქში,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 4 წელი გავიდა 2020 წლის ნოემბრიდან დღემდე და ამ 4 წლის განმავლობაში უცხოეთიდან დაფინანსებული რევოლუციისა და „ნაცმაიდნის“ ორგანიზების 4 მცდელობა იყო.
„ეს ყველაფერი იყო ძალიან უსიამოვნო, გარკვეული კითხვები ისმებოდა ხოლმე ჩვენს ნაბიჯებთან დაკავშირებით, მათ შორის ამ კონტექსტში. ერთი რამ მინდა შეგახსენოთ, ამ 4 მცდელობის მაგივრად, რომ ყოფილიყო ერთი მცდელობა, მაგალითად ახლა, ამ მცდელობის რესურსი იქნებოდა ბევრად უფრო ძლიერი. ახლა ჩანს, რომ ძალიან ბევრი რესურსი გაანიავეს დროდადრო ამ 4 წლის განმავლობაში. შესაბამისად, რევოლუციის მცდელობის მეოთხე ტალღა იყო ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე შეიძლებოდა, ყოფილიყო სხვა შემთხვევაში. ამ აქციებზე თქვენ ხედავდით, რომ აღარ ჩანდა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ტუჩსაცხს ისვამდა პოლიციელის წინაშე, ან ყვავილით მისული ახალგაზრდა გოგონები, ან ქორწილიდან გამოქცეული წყვილი აქციაზე მისული, გაცვდა ყველაფერი, რაც აკერმანის სახელმძღვანელოში ეწერა. მეოთხე ტალღა რევოლუციის მოწყობის, „ნაცმაიდნის“ მცდელობის იყო ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე ეს შეიძლებოდა, ყოფილიყო სხვა შემთხვევაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ლიბერალური ფაშიზმი არის ზუსტად ისეთივე ტიპის იდეოლოგია, როგორიც იყო ბოლშევიზმი ერთი საუკუნის წინ.
„იცით, რამდენი ახალგაზრდა დაღუპეს ამ იდეოლოგიით, მათ შორის ცნობილი სახეები, როგორიც იყვნენ გიგლა ბერბიჭაშვილი და სხვები. ნებისმიერი ასეთი რადიკალური იდეოლოგია არის ძალიან სარისკო განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. მინდა, მოვუწოდო თითოეულ მშობელს, მაქსიმალურად მოარიდონ საკუთარი შვილები ლიბერალური ფაშიზმის ნებისმიერ კერას. ეს კერები დაკავებული არიან კონკრეტული საქმიანობით, ეს არის მაგალითად, ნარკოტიკების თავსმოხვევა ახალგაზრდებისთვის, არატრადიციული ინტიმური ურთიერთობების თავსმოხვევა და შემდეგ ამ ყველაფრის კომპრომატებად გამოყენება, ეს არის ყალბი ფასეულობების ჩანერგვა ადამიანებისთვის, საკუთარ ოჯახებთან დაპირისპირება და ა.შ. ამ ყველაფრის მსხვერპლი არის უამრავი ახალგაზრდა. საბედნიეროდ, ისინი არიან უმცირესობა ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ ჩვენთვის თითოეული ადამიანი, თითოეული მოქალაქე, განსაკუთრებით თითოეული ახალგაზრდა არის ძვირფასი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მშობელს, საკუთარი შვილები მაქსიმალურად მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროინტეგრაცია გრძელდება, არავითარი შეფერხება არ იქნება ევროინტეგრაციის გზაზე.
„ვწუხვართ თუ ვინმემ ჩვენი გზავნილი არასწორად გაიგო, ევროინტეგრაცია გრძელდება, არავითარი შეფერხება არ იქნება ევროინტეგრაციის გზაზე. მინდა, ერთი რამ შევახსენო ევროპელ ბიუროკრატებს და პოლიტიკოსებს, მათ შორის იმათ, რომლებიც ხელოვნურად აფერხებენ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, დადონ მაგიდაზე მოლაპარაკების გახსნა და იმ დღესვე, იმ წამსვე ვაწერთ ხელს. შანტაჟის ნაცვლად საქმე, საქმე შანტაჟის ნაცვლად და სამართლიანობა უსამართლობის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და მომავალშიც ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ საქმიანობას. ბუნებრივია, ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია, მაგრამ მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ სამართლიანობით, მხოლოდ შანტაჟის გარეშე გავაგრძელებთ ჩვენ სვლას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ჩვენ და ევროპელმა პოლიტიკოსებმა ერთად უნდა აღვუდგინოთ ევროკავშირს ქართული საზოგადოების თვალში შელახული რეპუტაცია. მე დარწმუნებული ვარ, 20 იანვრის შემდეგ ამ კუთხით გვექნება ძალიან სწრაფი პროგრესი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.