"მოვიდნენ 11-12 კაცი, ჩვენ შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილს, ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით" - პრემიერი

არის სამი სუბიექტი - ჯანელიძე, ხიდაშელი და გირჩი, მე მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი, ჩვენ შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილს, ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, რაც უკავშირდება მთელი ამ 4 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით დღეს ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდება, სადაც შეთავაზებული იქნება კონკრეტული დრო, ადგილი და ფორმატი.

 

„პრესკონფერენციის დასრულებიდან ძალიან მალევე ჩვენ გამოვაქვეყნებთ ოფიციალურ განცხადებას, საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით, სადაც შეთავაზებული იქნება კონკრეტული დრო და ფორმატი.

ჩემი მიდგომა არის ასეთი, არის სამი სუბიექტი - ჯანელიძე, ხიდაშელი და გირჩი. მე მათ ვეტყოდი, რომ მთლიანობაში მოვიდნენ 11-12 კაცი, ჩვენ შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილს, ფორმატს და გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, მათ შორის, რაც უკავშირდება მთელი ამ 4 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს. დანარჩენს დავაკონკრეტებთ გამოქვეყნებულ განცხადებაში,“- განაცხადა პრემიერმა.

 

პრემიერის თქმით,  20 იანვრის შემდეგ ამერიკული ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ თვისებრივად შეიცვლება.

„აშშ-ს ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ჩვენთან ყველაზე მეტად უპირისპირდებოდა ორ კანონს, ეს იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი. დღეს ახალმა ადმინისტრაციამ უკვე დააანონსა, რომ თავად მიიღებენ ანალოგიურ კანონს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, მსგავსი შინაარსი აქვს ამ კანონს. რაც შეეხება გამჭვირვალეობის შესახებ კანონს, ახალი ადმინისტრაცია თავად საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც დაკავშირებულია უცხოური დაფინანსების გაუმჭვირვალობასთან. თავიდან ბოლომდე ახალი ადმინისტრაციის გზავნილები არის სრულ თანხვედრაში ჩვენს გზავნილებთან, მათ შორის იმ ორ კანონთან, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ პერიოდის განმავლობაში. ეს ამყარებს ჩვენს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რომ 20 იანვრის შემდეგ ამერიკული ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ თვისებრივად შეიცვლება. ჩვენ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა და იმედი მაქვს, რომ ეს ღირებულებითი თანხვედრა საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სრულად გადატვირთვას. ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის ძალიან დიდი პერსპექტივა არსებობს. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოწადინებული, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები. ეს სამწუხაროდ წინა წლების განმავლობაში იყო შეუძლებელი, პირიქით, ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ ურთიერთობები გაუარესებულიყო, ახლა ვფიქრობთ, რომ არის პოტენციალი ურთიერთობების გადატვირთვისთვის“, - განაცხადა პრემიერმა. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს ახალ ადმინისტრაციას დაუტოვოს მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა ამ რეგიონში, განსაკუთრებით, რაც ხდება უკრაინაში. 

„თქვენ ხედავთ, 3 წლის განმავლობაში რის უფლებასაც არ აძლევდნენ უკრაინას, ეს არის შორ დისტანციაზე რაკეტების გასროლა, იმის უფლება მისცეს ახლა, იმიტომ, რომ უნდათ ახალ ადმინისტრაციას დაუტოვონ მძიმე მემკვიდრეობა. ზუსტად იგივე რისკებია დაკავშირებული საქართველოსთან. ეს 2 თვე, დეკემბერი, იანვარი, იყო რისკებთან დაკავშირებული.  დეკემბერი იყო ყველაზე დიდი რისკების შემცველი და დეკემბერში ვერავის ვერ მივცემდით ქვეყნის დაშანტაჟების საშუალებას. თქვენ ხედავდით, რომ აქციები არ დაწყებულა 5 დღის წინ, აქციები გრძელდებოდა უწყვეტ რეჟიმში და რატომ, რა იყო ამის საფუძველი, არცერთი მთავრობა, არცერთი ხელისუფლება არ აკეთებდა განცხადებებს არჩევნებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირმა აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა, არ კეთდებოდა განცხადებები და ამ ფონზე რადიკალური ოპოზიცია თბილისში აწყობდა პერმანენტულ აქციებს, კეტავდა ქუჩებს და ა.შ. შანტაჟი გრძელდებოდა. 
ეს რესურსი ხომ მზადდებოდა, ეს პიროტექნიკა ხომ 1 დღეში არ შეუძენიათ ამ ადამიანებს, ეს საშუალებები ხომ 1 დღეში არ შეუძენიათ.  ყველაფერი მზადდებოდა კონკრეტული თარიღისთვის. ეს იყო კონკრეტული სუბიექტების მიერ დაგროვილი პიროტექნიკა და არამარტო პიროტექნიკა, კონკრეტული NGO-ები ყიდულობდნენ სხვა აღჭურვილობებს, არა პიროტექნიკას, არამედ სხვა აღჭურვილობებს. რისთვის აგროვებდნენ ამას, ე.ი რაღაც იყო დაგეგმილი და რაღაც რომ იყო დაგეგმილი იქიდანაც ჩანდა, რომ არცერთი ქვეყნიდან არ კეთდებოდა განცხადებები არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ნაადრევად მოუწიათ ამ შემთხვევაშიც რესურსების განიავება და ყველამ დაინახა, რომ 20 იანვრამდე ვერავითარი „ნაცმაიდანი“ ვერ შედგება და მერე უკვე გადაიტვირთება ურთიერთობები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, 9.8 % იყო 3 წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა, 2021, 2022, 2023 წლებში, ხოლო მიმდინარე წლის 10 თვის საშუალო მაჩვენებელი 10 %-ია.

 

„ამ 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის, „ნაცმაიდნის“ ოთხი მცდელობა, ეს ხომ ფაქტია. 2022 წლის ივნისში იყო „ნაცმაიდნის“ მოწყობის პირველი მცდელობა, არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი და ეს იყო პირველი მცდელობა, როცა გარედან დაფინანსებული „ენჯეოები“ ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და თვითონ მოსვლა ხელისუფლებაში, მინისტრები უნდა გამხდარიყვნენ „ენჯეოშნიკები“. შემდეგ იყო 2023 წლის გაზაფხულზე „ნაცმაიდნის“ მოწყობის მეორე მცდელობა, 2024 წლის გაზაფხულზე იყო მესამე და ახლა ვიხილეთ ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ მეოთხე მცდელობა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში გვქონდა ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. საშუალო ეკონომიკური ზრდა ამ 4 წლის განმავლობაში არის 9.8 %, წინა სამი წლის იყო 9.8% და წლევანდელი საშუალო 10 თვის არის 10 % ეკონომიკური ზრდა, ანუ ფართო რეგიონსა და ევროპაში ვართ პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდით. 4 წლის განმავლობაში იყო „ნაცმაიდნის“ მოწყობის ოთხი მცდელობა და ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკისა და საერთო პოლიტიკის დამსახურებით, მათ შორის, იმის დამსახურებით, რომ ქვეყანას შევუნარჩუნეთ მშვიდობა. 9.8 % იყო 3 წლის საშუალო ზრდა, 2021, 2022, 2023 წლების და ამ წლის საშუალო 10 თვის მაჩვენებელი არის 10 %-იანი ეკონომიკური ზრდა. ევროპაში ამხელა ზრდა არ აქვს არავის, ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში 40 მლრდ ლარით გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა, რაც არის საოცარი შედეგი. ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის, სწორი მენეჯმენტის, მშვიდობისა და სხვა მოვლენების დამსახურება ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად 4 „ნაცმაიდნის“ მცდელობისა,“- განაცხადა პრემიერმა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მიზანი იყო ისიც, რომ ლარს შექმნოდა პრობლემები, ეკონომიკას შექმნოდა პრობლემები, თუმცა ვერ მიაღწიეს.

 

„რაც შეეხება ლარის კურსს, ოთხივე „ნაცმაიდნის“ პირობებში იყო მოკლევადიანი რყევა და შემდეგ ლარი დაუბრუნდა თავის პირვანდელ ნიშნულს, რატომ, იმიტომ რომ აქაც ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად, ეროვნული ბანკი იდეალურად მუშაობს, როცა საქმე ეხება ლარის კურსის სტაბილურობას. ესეც იყო რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მიზანი, რომ ლარს შექმნოდა პრობლემები, ეკონომიკას შექმნოდა პრობლემები, თუმცა ვერ მიაღწიეს. რომ არ იყოს ეს რადიკალიზმი ქვეყანაში, ბუნებრივია, კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა ეკონომიკური ზრდა, ევროპაში პირველ ადგილას ისედაც ვართ,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, იმდენად არ ესიამოვნათ და არ მოეწონათ ეუთო/ოდირის შეფასება, რომ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულმა ტელევიზიებმა ეთერიც კი გათიშეს, როცა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა შესაბამისი ბრიფინგი.

 

„რეალურად, ყველამ იცის, რომ ეუთო/ოდირი არის მთავარი მისია, რომელიც აკვირდება და აფასებს არჩევნებს. ეუთო/ოდირმა ეს არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტული, დაიდო შესაბამისი დასკვნა, წინასწარი დასკვნაა და როგორც მოგეხსენებათ, საბოლოო დასკვნა არ განსხვავდება ხოლმე წინასწარი დასკვნისგან. სწორედ, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ეუთო/ოდირს ასე გამალებით ესხმიან თავს, როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე მათი უცხოელი მფარველები.

ეს თავდასხმა დაიწყო ჯერ კიდევ არჩევნების დღემდე. გამოიყვანეს ჯერ გახარია, შემდეგ გვარამია, დაიწყო თავდასხმა, ფონი მოამზადეს არჩევნების შემდგომ თავდასხმას და ეს თავდასხმა გაგრძელდა არჩევნების შემდეგ.

მე მახსოვს „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულმა ტელევიზიებმა ეთერიც კი გათიშეს, როცა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ეუთო/ოდირის ბრიფინგი, სხვა მისიებთან ერთად. იმდენად არ ესიამოვნათ და იმდენად არ მოეწონათ ეუთო/ოდირის შეფასება, რომ ეთერიც კი გათიშეს. გასაგებია, რასთანაც გვაქვს საქმე. ეუთო/ოდირმა ობიექტურად შეაფასა არჩევნები და აღიარა არჩევნების ლეგიტიმაცია. ამის კიდევ ერთი დადასტურება იყო, რა თქმა უნდა, ის წერილი, რომელიც მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრმა და სწორედ ამიტომ ესხმიან თავს ეუთო/ოდირს მთელი ამ დროის განმავლობაში,“- განაცხადა პრემიერმა.