ის არის ჩვეულებრივად უცხოური აგენტი, რასაც ჩასძახებენ, ის უნდა ამოსძახოს - ირაკლი კობახიძე პრეზიდენტზე

სალომე ზურაბიშვილს ნათქვამი აქვს, რომ როდესაც ოპოზიცია უარს ამბობს მანდატებზე, ამით უარყოფს დემოკრატიის პრინციპს და საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს და ახლა თავად მოუწოდებს იმავე ოპოზიციას, რომ არ ისარგებლონ მანდატებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს იმის მანიშნებელია, როგორ ხელყოფენ აგენტების ღირსებას პატრონები.

„მას აიძულებენ, ილაპარაკონ ისეთი რამ, რისი სრულიად საპირისპიროც აქვს ნათქვამი ოთხი წლით ადრე. ის არის ჩვეულებრივად უცხოური აგენტი, რასაც ჩასძახებენ, ის უნდა ამოსძახოს. რასაც დაავალებენ, ის უნდა გააკეთოს. პირდაპირ ხელყოფენ მის ღირსებას. როცა უწევს საკუთარი პოზიციის კარდინალურად შეცვლა, ეს არის მისი ღირსებისთვის დამამცირებელი, თუმცა მას სხვა გზა უბრალოდ არ აქვს. რამდენიმე წლის წინ ხელი მოაწერა შეთანხმებას, გახდა უცხოური აგენტი, რასაც ავალებენ, იმას აკეთებს

აქტუალური აღარ არის ეს ქალბატონი, დღევანდელ დღეს რომ გამოვაკლებთ, 3 პარასკევი აქვს უკვე დარჩენილი, უფლებამოსილების ვადა ამოეწურება ძალიან მალე, თუმცა მაინც ვიტყვი ერთ რამეს, სალომე ზურაბიშვილიც არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რას უშვება ლიბერალური ფაშიზმი ადამიანებს. ამ ადამიანს პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე ჩამოუშალეს ღირსება, პირდაპირ ჩართეს დეზინფორმაციულ კამპანიაში საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ლიბერალურ ფაშიზმში და სკოლებთან დაკავშირებულ კამპანიაში. როგორც არ უნდა უარყოს მან ამ კამპანიაში ჩართულობა, საჯარო სივრცეში დევს მისი პოსტი, სადაც ის აცხადებდა, რომ სტუდენტები იყვნენ ჩართული აქციებში და ახლა იყო სკოლების ჯერი, თან ის საუბრობდა ძალადობრივ აქციებზე, რომლებიც იმართებოდა თბილისის ქუჩებში. მან პირდაპირ მოუწოდა სკოლის ბავშვებს, ჩართულიყვნენ ძალადობრივ აქციებში, რაც არის უბრალოდ წარმოუდგენელი მოვლენა. თუმცა, როდესაც ღირსებას აგყრიან, იქ შენგან არავითარი ასეთი ნაბიჯი აღარ არის გასაკვირი, რაც დამართეს სალომე ზურაბიშვილს. მას მთლიანად აყარეს ღირსება, როგორც კი მან დათმო საკუთარი დამოუკიდებლობა, როგორ კი გახდა უცხოელი აგენტი, მაშინვე ბოლომდე აყარეს ღირსება და ჩართეს სრულიად ამორალურ კამპანიებში. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია თანავუგრძნოთ მას ამ თვალსაზრისით, რაღაც მომენტში მან ხელი მოაწერა და ხელმოწერის შემდეგ უკან გზა უკვე აღარ არსებობს. როცა ხდები უცხოელი აგენტი, რა თქმა უნდა, იძულებული ხარ, ნებისმიერი დავალება შეასრულო თვალდახუჭულმა. ასე მოხდა სკოლების მიმართ კამპანიის შემთხვევაშიც, ის პირდაპირ ჩართეს სრულიად ამორალურ კამპანიაში. რაც შეეხება მისი მხრიდან ამ ძალადობის რომანტიულად შეფასებას, ესეც არის იგივეს გაგრძელება. მას არ აქვს დამოუკიდებლობა, ის არის უცხოელი აგენტი, რასაც დაავალებენ, იმას ამბობს. ნებისმიერი ტყუილი შეიძლება იკადროს. მას კი არ უხარია ასეთი რამ, უბრალოდ, როცა ხარ უცხოელი აგენტი, რასაც დაგავალებენ, ის უნდა გააკეთო, გეტყვიან, რომ უნდა თქვა ტყუილი, უნდა თქვა ტყუილი, გეტყვიან, რომ უნდა ჩართო სკოლის ბავშვები ძალადობაში, უნდა ჩართო სკოლის ბავშვები ძალადობაში. ეს არის უცხოელი აგენტის ხვედრი. ეს არის მოწოდება, მათ შორის, ყველას მიმართ, ვინც კი შეიძლება გაიფიქროს ასეთი რამ, რომ მომავალში ხელი მოაწეროს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, აგენტის სტატუსს შეეგუოს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და პირველ რიგში, ასეთი რამ, ვისი აგენტიც არ უნდა იყოს, პირდაპირ უკარგავს ადამიანს ღირსებას, რაც ძალიან კარგად არის წარმოჩენილი სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში“, - განაცხადა პრემიერმა.