ბალტიის ქვეყნების ლიდერები პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად საქართველოში ვიზიტს განიხილავენ

ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებმა, გიტანას ნაუსედამ, ედგარს რინკევიჩსმა და ალარ კარისმა დეკემბერში საქართველოში ერთობლივი ვიზიტის შესაძლებლობა განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვური მედია ავრცელებს.

„დიახ, ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა დეკემბერში, ეს შესაძლებლობა ღიაა და ჩვენ ამას განვიხილავთ პოლონეთის პრეზიდენტთან“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ნაუსედას თქმით, ბალტიის ქვეყნების ლიდერებმა განიხილეს თბილისში მომხდარი არეულობები და საქართველოს შეცვლილი ევროპული მიმართულება.

„უპირველესად, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ 2008 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთის ფედერაციამ ქვეყანაში შეჭრა დაიწყო და მისი ტერიტორია დაიკავა, საქართველოში სრულიად განსხვავებული ვითარებაა. ქართული საზოგადოება გაერთიანებული იდგა ოკუპანტისა და აგრესორის წინააღმდეგ. ამჯერად ვხედავთ ორ ნაწილად დაყოფილ ქართველებს. ჩვენ ვგმობთ ზოგიერთი ქართველი ლიდერის ბოლოდროინდელ რიტორიკას ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. ეს სახელმწიფო სტრატეგიის პოტენციურ ელემენტად არის დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში. შესაბამისად, ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას.

ჩვენ ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას მომიტინგეების წინააღმდეგ. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ბალტიის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს გარკვეულ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ ქმედებებზე

მე მხარს ვუჭერ გარკვეული სანქციების განხილვას, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს მიმართ ევროპულ დონეზე, თუმცა დგება სანდოობის საკითხი. ევროკავშირი თუ გამოაცხადებს მსგავს სანქციებს, მაგრამ შემდეგ მათ ვერ განახორციელებს, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს ნდობის დაკარგვას, ეს თავიდან უნდა იქნას აცილებული“, – განაცხადა ნაუსედამ.