ბათუმში პროფესორ მამუკა ჯორბენაძის და 4 სტუდენტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბათუმში, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანის და პროფესორის მამუკა ჯორბენაძის და 4 სტუდენტის პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება. 

გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ორი პირი ჯგუფურად სცემეს. მათ 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

ლექტორები, სტუდენტები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ხუთივე პირი უკანონოდ არის დაკავებული, რადგან ისინი საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდნენ. მათივე თქმით, ეს პროვოკაცია უნივერსიტეტის ერთ ერთმა ლექტორმა და მისმა მეუღლემ მოაწყვეს, რომელიც მერიის მაღალჩინოსანია.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში პროფესორი და ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და 4 სტუდენტი 9 დეკემბერს დააკავეს. მამუკა ჯორბენაძე ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. დაკავებამდე მას უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორის თეა ცაგურიას ქმარი დაემუქრა და ფიზიკურად გაუსწორდა. მუქარის ამსახველი შეტყობინების სქრინი სტუდენტებმა გაასაჯაროვეს. ახალგაზრდების თქმით, ცაგურიას ქმარი ირაკლი დევაძე, თანამდებობის პირია. დაკავებულებს ბრალდება დღეს წარედგინათ. 

სტუდენტებმა და ლექტორებმა მოსამართლის სახელზე მიმართვაც გააკეთეს და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს.