პროვოკაციები არასდროს არის გამორიცხული, შესაბამისად ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები და სამართალდამცავი სტრუქტურები არიან მაქსიმალურად ფრთხილად და ფხიზლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც არსებობს თეორიული, თუ პრაქტიკული რისკები, სახელმწიფო ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე წინასწარ გააფრთხილოს საზოგადოება.
„დღეს უკვე მნიშვნელოვნად არის გარდატეხილი ვითარება, 5-დღიანი ძალადობის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ძალადობრივი რესურსი არის მთლიანად განეიტრალებული. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის ძალიან ძლიერი სამართალდამცავი სტრუქტურები და მათ ზუსტად 5 დღე დასჭირდათ იმისათვის, რომ მთლიანად გაენეიტრალებინათ ამ ძალადობის რესურსი.
ახლა არის არსებითად დამშვიდებული ვითარება, ადამიანები იკრიბებიან, ეს დემოკრატიაა და მათ შეუძლიათ ქუჩაში შეიკრიბონ, თუმცა დღითიდღე მცირდება გარეთ გამოსული ადამიანების რაოდენობა და ისინი ვეღარ გადადიან ძალადობრივ ქმედებებზე. შესაბამისად, ვითარება არის სტაბილური. ჩვენ 14 დეკემბერს უკვე ავირჩევთ ახალ პრეზიდენტს, 29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ყველაფერი, საბოლოო ჯამში, დამშვიდდება, აქეთკენ მიდის პროცესები,
ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული განცხადებების გაკეთებაც, როდესაც არსებობს თეორიული, თუ პრაქტიკული რისკები, ჩვენ ამის თაობაზე წინასწარ უნდა გავაფრთხილოთ ხოლმე საზოგადოება და ამას ემსახურებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებაც,“- განაცხადა პრემიერმა.