პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან, პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პარლამენტთან შეკრებილები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პრეზიდენტის არჩევის პროცედურა არის არალეგიტიმური, რადგან თავად პარლამენტიც არალეგიტიმურია.

ამავდროულად, აქციის მონაწილეები აკრიტიკებენ პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას.

„პარლამენტმა გაყალბების გზით აიღო თავისი მანდატები, არ მოისმინა ქართველი ხალხის ხმა და ამას ზემოდან დაუმატა დაცინვა ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევის სახით. ზუსტად დღეს ვხედავთ ამ პროცესს, ქართველი ხალხის დაცინვას, როცა რუსული კანონის ინიციატორი დეპუტატი, რომელიც ვითომ გამოყოფილი იყო „ხალხის ძალის“ სახით, ასევე ვხედავთ ვითომ ოპოზიციის შექმნის მცდელობას „ხალხის ძალის“ სახით, რაც არის ასევე დაცინვა ქართველი ერის და ამას ქართველი ხალხი არ მოითმენს. მინდა, მოვუწოდო ჩვენს ყველა მოქალაქეს, გამოვიდეს და დადგეს პარლამენტის წინ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.