აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ერთ-ერთი ხმოსანი, ზურაბ ჯგუბურია, პროტესტის ნიშნად, დღევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებს არ ესწრება. როგორც მან სოციალურ ქსელში აღნიშნა, პრეზიდენტის არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
"საპროტესტო განცხადება
მე არ მჭირდება რჩევა, თუ სად და ვისთან უნდა დავდგე - მე საკუთარი აზრით, მსოფლმხედველობით და ჩემი ქვეყნისთვის, მეგობარ - თანამემამულეებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის: ჩემი დიდი ოჯახის, შვილების/შვილიშვილების ბედნიერი მომავლის რწმენით ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე.
მენტალურ რუსს ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ავირჩევ, და საერთოდ, არც ამ არჩევნების სამართლიანობას და მისი ლეგიტიმურობას ვიზიარებ!" - წერს ზურაბ ჯგუბურია.
აღსანიშნავია, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი წევრი, საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე თემურ მჟავია, რომელიც ამბობს, რომ უარს აცხადებს საქართველოს "დე ფაქტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე" და ბოიკოტს უცხადებს პრეზიდენტის არჩევნებს.
საქართველოს პარლამენტში ამ წუთებში 300 ხმოსნისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტს ირჩევს. ერთადერთი კანდიდატი ყოფილი ფეხბურთელი და "ხალხის ძალის" წევრი, მიხეილ ყაველაშვილია. ოპოზიცია პროცესში არ მონაწილეობს. 300 წევრიდან "ქართულ ოცნებას" 211 წარმოადგენს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან კოლეგიაში 20 წევრია.