საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა

საქართველოს პარლამენტში, სადაც პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს, ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.

საპრეზიდენტო არჩევნები 09:00 საათზე დაიწყო, პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს.

ხმის მიცემის დასრულების შემდეგ ცესკო შეიკრიბება, გამართავს სხდომას, სადაც დაითვლება შედეგები და შედგება შესაბამისი შემაჯამებელი ოქმი.

მოგვიანებით, ცესკო-ს წარმომადგენლები დაბრუნდებიან პარლამენტის სხდომათა დარბაზში და საზოგადოებას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გააცნობენ.

საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილია წარდგენილი.

ამასთან, როგორც ცესკო-ში განაცხადეს, 11:30 საათისთვის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კოლეგიის ნახევარზე მეტმა და არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად, კანდიდატი პირველივე ტურში არჩეულად ჩაითვლება, თუ ის მიიღებს კოლეგიის 200 ხმას.

ცნობისთვის, საარჩევნო კოლეგია საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს, პირველად, არაპირდაპირი წესით ირჩევს. საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.

საქართველოს პარლამენტთან, პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პრეზიდენტის არჩევის პროცედურა არის არალეგიტიმური, რადგან თავად პარლამენტიც არალეგიტიმურია.