"შესაძლებელია უსაფრთხოების დაწესებულებებშიც თანამდებობაზე დაინიშნონ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელიც საქართველოს მტერია" - ლევან ალაფიშვილი

საჯარო სამსახურებში დასაქმებულებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება - ცვლილებები "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შედის. უფრო კონკრეტულად, საჯარო დაწესებულებების მენეჯერებისა და მათი მოადგილეებისთვის სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება, რადგან ისინი აღარ იქნებიან მოხელეები (ავტომატურად ჩაითვლებიან ხელშეკრულებით დასაქმებულებად). 

კანონი დაჩქარებული წესით განიხილეს და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

კანონის ავტორები და ინიციატორები არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატები არიან: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი.

ახალი კანონის თანახმად, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები ხდებიან.

ამ ცვლილებებს ეხმაურება,  კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილის და სოციალურ ქსელში წერს: 

"ქართული ენის ცოდნისაგან საშუალო დონის ხელმძღვანელთა გათავისუფლება არ არის საჯარო სამსახურის კანონის ერთადერთი პრობლემა.
- საშუალო დონის ხელმძღვანელთა პოსტებზე შესაძლებელი ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დანიშვნა, რომელთაც ხელი მიუწვდება სახელმწიფო საიდუმლოებაზე და ჩართული არიან გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
- საშუალო დონის ხელმძღვანელთა პოსტებზე შესაძლებელი ხდება უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეთა დანიშვნა, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში სახელმწიფო სამსახურში უკავიათ თანამდებობა
! შესაძლებელია უსაფრთხოების დაწესებულებებშიც თანამდებობაზე დაინიშნონ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელიც საქართველოს მტერია.
- #წარმოიდგინეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატლანტიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსად რუსეთის მოქალაქე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კავკასიის საქმეთა სამმართველოს ინსპექტორი. 
- ეს მაგალითია, ჰიპოთეტური, რომელიც შეიძლება რეალობად იქცეს!" - წერს ლევან ალაფიშვილი.