ვინ ფლობს დიპლომატიურ პასპორტს საქართველოში და ვისზე შეიძლება გავრცელდეს EU-ის სანქციები - სია

ცნობილია ვინ ფლობს დიპლომატიურ პასპორტს საქართველოში და ვისზე შეიძლება გავრცელდეს ევროკავშირის მიერ დაწესებული სავიზო სანქციები.

სიაში არიან, როგორც არალეგიტიმური პრემიერმინისტრი, პარლამენტის წევრები, ისე სასამართლოების თავმჯდომარეები, ცესკოს თავმჯდომარე და პატრიარქი. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად ვის შეეხება ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები.

საქართველოში, დიპლომატიური პასპორტის გაცემა 1997 წლის 9 აგვისტოს განსაზღვრული წესით ხდება.

დიპლომატიური პასპორტი მიეცემათ:

ა) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მათ მეუღლეებს; დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება საქართველოს პრეზიდენტსა და მის მეუღლეს უნარჩუნდებათ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც;

ბ) საქართველოს პარლამენტის წევრებს, პარლამენტის აპარატის უფროსს, აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების აპარატის უფროსებს;

გ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეებს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეებს, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის, პროტოკოლის სამსახურების უფროსებს და მათ მოადგილეებს, ამავე სამსახურების მთავარ მრჩევლებს და მრჩევლებს;

დ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, წევრებსა და მდივნის მოადგილეებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორებს;

ე) საქართველოს მინისტრებს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრებს; საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსს, განვითარებისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსს – პრემიერმინისტრის მთავარ მრჩეველს, საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს – პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველს, ამავე დეპარტამენტის პროტოკოლის განყოფილების უფროსს, იურიდიული დეპარტამენტის უფროსს – პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს;

ვ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს გენერალურ პროკურორს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს 30 თანამშრომელს საგარეო საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების მინისტრების მიერ დამტკიცებული ნუსხის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს;

ზ) საქართველოს პატრიარქს, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსს;

თ) ქ. თბილისის მერს, ქ. თბილისის პრემიერს და საკრებულოს თავმჯდომარეს;

ი) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მის უცხოეთის ქვეყნებში არსებული დაწესებულებების დიპლომატიურ თანამდებობაზე მყოფ თანამშრომლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში დიპლომატიურ რანგში მყოფ თანამშრომლებს, დიპლომატიურ კურიერებს, სამხედრო მისიათა მეთაურებს, თავდაცვის ატაშეებს, საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში ზემოთ ჩამოთვლილი პირების მეუღლეებსა და 18 წლის ასაკამდე შვილებს (გარდა დიპლომატიური კურიერებისა).

2. საქართველოს უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირებს დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება უნარჩუნდებათ სამუდამოდ.

აღნისნული სია საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული.

ცნობისთვის, ევროკავშირი “ქართული ოცნების” დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალური პირებისთის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე შეთანხმდა.