"ვგმობთ აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობას, "ოცნებას" მოვუწოდებთ, სასწრაფოდ დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას" - ევროკავშირის საბჭოს ანგარიში

ევროკავშირის საბჭო მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ ძალადობას გმობს და საქართველოს არალეგიტიმურ ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას. ამის შესახებ საბჭოს ანგარიშშია ნათქვამი.

"საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ", - წერია ანგარიშში.

საბჭო კიდევ ერთხელ მიმართავს "ქართულ ოცნებას", სასწრაფოდ დაუბრუნდეს ევროკავშირის გზას.

"საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას და გაატარონ დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. საბჭო ხაზს უსვამს კომისიის 2023 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშში მითითებული ცხრა ნაბიჯის განხორციელებაზე დაბრუნების მნიშვნელობას", - აღნიშნულია ანგარიშში.