ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომლითაც უარყოფს ირაკლი კობახიძის სიტყვებს, თითქოს ესპანეთი იყო ერთ-ერთი იმ ხუთ ქვეყანას შორის, ვინც მხარი არ დაუჭირა სანქციებს.
„ესპანეთმა გამოხატა შეშფოთება საქართველოში სამოქალაქო უფლებების შესახებ და სავარაუდო სადეზინფორმაციო კამპანიებზე.
სრულად დავუჭირეთ მხარი გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია საფრთხეა ჩვენი დემოკრატიებისთვის და მას ყოველთვის შევეწინააღმდეგებით“, - წერია გავრცელებულ განცახდებაში.
ასევე, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუმინეთის მსგავსად, აცხადებს, რომ არ უთქვამს უარი „ოცნების“ წინააღმდეგ დასაწესებელი სანქციების მიღებაზე.
„იტალიამ მხარი დაუჭირა კაია კალასის შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციებს, რომელთა დაბლოკვაც სხვა წევრებს შორის კონსენსუსის არქონის გამო შედგა. იტალიამ მხარი დაუჭირა დიპლომატიური პასპორტის მქონეთათვის უვიზო რეჟიმის გაუქმებასაც.
იტალია იმეორებს, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდზე უნდა იყოს და იმედოვნებს, რომ თბილისის ბოლო გადაწყვეტილებები, რომლებმაც ევროპული გზა გადაკეტეს, გადახედვადი იქნება“,- ნათქვამია განცხადებაში.