"მათ მხარეს არის რეალურად ბურთი, გახსნან მოლაპარაკებები - ვაწერთ ხელს" - ირაკლი კობახიძე

ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან  გვქონდა ძალიან მეგობრული,  პროდუქტიული შეხვედრა, შევთანხმდით რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალან ბერსესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

პრემიერის თქმით,  90-იანი წლებიდან მოყოლებული,საქართველოსა და ევროსაბჭოს  მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია მისი ვიზიტი საქართველოში. ჩვენ გვქონდა ძალიან მეგობრული, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობაზე. შევთანხმდით იმაზე, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი ინტერესია, რომ ეს თანამშრომლობა მაქსიმალურად აქტიურად გაგრძელდეს. პირადად ბატონი გენერალური მდივნის როლი ამაში არის განსაკუთრებული და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანას ექნება პირადად ბატონი ალან ბერსეს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა  აღნიშნა, რომ ევროკავშირის სივრცეში არსებული მდგომარეობა სამწუხაროა.

„ნახეთ, რამხელა აბსურდში არიან შესული, მოგვიწოდებენ და ნაბიჯის გადმოდგმა არ უნდათ. მათ მხარეს არის რეალურად ბურთი, გახსნან მოლაპარაკებები - ვაწერთ ხელს. რომელ დაბრუნებაზეა საუბარი, ნახეთ რამხელა აბსურდში არიან შესული. ძალიან სამწუხაროა ეს მდგომარეობა, რომელსაც ვხედავთ ევროკავშირის სივრცეში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლიდან ასეთი ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული ევროპული ინსტიტუტების მხრიდან.

„უცხოური მედიის წარმომადგენლების მხრიდანაც განიმარტა, რომ არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ ნაბიჯს, თუმცა ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯი, ეს არის ღიად ანტიქართული გადაწყვეტილება, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ასეთი ანტიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული ევროპული ინსტიტუტების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პრემიერის თქმით, სანქცირებულთა სიაში პოლიტიკოსებთან ერთად ოჯახის წევრების შეყვანას არაფერი კავშირი არ აქვს  ევროპულ ღირებულებებთან.
 

„სამართლებრივი თვალსაზრისით ეს ნიშნავს ნებისმიერი პრინციპის უარყოფას, რაზეც ტრადიციულად იდგა სამართლებრივი სახელმწიფო. არსებობს სუბიექტური შერაცხვის პრინციპი, რაც არის ერთ-ერთი წამყვანი პრინციპი სამართალში როდესაც შენ ამას უარყოფ, სამართლებრივი სახელმწიფოდან პრაქტიკულად არაფერი რჩება. ეს არის ძალიან მძიმე პროცესი, რომელიც წარიმართება შესაბამის ქვეყნებში. ეს ანგრევს სამართლებრივ სისტემებს და იმედი მაქვს, რომ მომავალი წლიდან ვითარება რადიკალურად შეიცვლება. არაფერი კავშირი არ აქვს ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს ევროპულ ღირებულებებთან და სამართლებრივ პრინციპებთან. რასაც ასწავლიდნენ ევროპულ უნივერსიტეტებში 20 და 30 წლის წინ, იმისთვის ხაზის გადასმაა ნებისმიერი ასეთი სახის გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სოციოლოგიური კვლევის ახალი შედეგებით მმართველი გუნდის რეიტინგი უცვლელია, ანუ იმეორებს იმას, რაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ბოლო კვლევაში არჩევნების წინ.

„რაც შეეხება ჩვენს განცხადებას, არსებითად არაფერი შეცვლილა, როგორც ვიბრძოდით 26 ოქტომბრამდე, ასევე განვაგრძობთ ბრძოლას იმისთვის, რომ ღირსებით შევიდეთ ევროკავშირში. რა განცხადებაც გაკეთდა 28 ნოემბერს, ის ნიშნავდა ზუსტად ამას. ჩვენ გვინდა მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ მშვიდობით და მხოლოდ კეთილდღეობით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება იმეორებს ზუსტად იმ სლოგანს, რა სლოგანითაც აგვირჩია ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს. ღირსება ნიშნავს იმას, რომ როდესაც მოლდოვას აძლევენ კანდიდატის სტატუსს და საქართველოს არა, შენი პოზიციები მკაფიოდ უნდა დაიცვა. ტელევიზიების დახურვა, პარტიების აკრძალვა - ეს არის მოლდოვის პროგრესი. არ დატოვეს არც მედიაპლურალიზმი, არც პოლიტიკური პლურალიზმი, რჩებიან დსთ-ს წევრებად, სანქციები არც მათ დაუწესებიათ, კორუფცია არის აყვავებული მოლდოვაში, არის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ევროპაში. ეს არის მოლდოვის პროგრესი. რაც შეეხება საქართველოს, საქართველო აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ შესრულდეს ევროინტეგრაციის გზაზე გათვალისწინებული ვალდებულებები, მათ შორის განუწყვეტლივ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ასოცირების შეთანხმებით და DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებები შევასრულოთ. ჩვენ, რეალურად, 2028 წლისთვის შესრულებული გვექნება ორივე მიმართულებით ვალდებულებების 90%-ზე მეტი. ეს არის საქართველოს გზა და მოლდოვას შევადაროთ კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით,  გუშინ გაკეთებული  განცხადება სანდო და საიმედო ინფორმაციას ეყრდნობოდა.

„ამ თემას მოჰყვა სპეკულაციები. მე გუშინ გავაკეთე განცხადება, 5 ქვეყანას გადავუხადე მადლობა ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერისთვის და გუშინ აქედან სამი ქვეყანა ჯიუტად ამტკიცებდა, რომ მათ ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა აზრადაც არ გაუვლიათ. სინამდვილეში, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ქალბატონი კაია კალასის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი, მე არ მიხსენებია სამწუხაროდ ლუქსემბურგი და ლუქსემბურგსაც ეკუთვნის როგორც ჩანს მადლობა, თუ არ უარყოფენ საკუთარ ამ პოზიციას. მადლობა ეკუთვნით ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერისთვის. კაია კალასმა განაცხადა, რომ იყო უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი და რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც წავიდა სანქციების წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მადლობა ამ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ჩვენ რა ინფორმაცია გვქონდა - მაგალითად, რომ ავიღოთ რუმინეთი, არის რადიო „თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელსაც ძალიან ხშირად ეყრდნობა ხოლმე ქართული მედია, ეს არის ბატონი ჯოზვიაკი, რომელმაც დაადასტურა, რომ რუმინეთი იყო ერთ-ერთი, ვინც წავიდა სანქციების წინააღმდეგ, თუმცა, მერე ვნახეთ, რომ რუმინეთი აიძულეს, რომ საწინააღმდეგო პოზიცია დაეფიქსირებინა. ეს  არავის უკვირს, თქვენ ნახეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი რუმინეთში შეაცვლევინეს გადაწყვეტილება ერთ დღეში. გამოვიდა ბატონი მეთიუ მილერი, რომელმაც პრაქტიკულად, მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. მან განაცხადა, რომ დაისჯებოდა ყველა, ვინც დაუპირისპირდებოდა რუმინეთში ევროპულ და ევროატლანტიკურ ღირებულებებს და ეს გააკეთა სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კონტექსტში. მეორე დღეს ადგა საკონსტიტუციო სასამართლო, აატრიალა საკუთარი გადაწყვეტილება და გააუქმა რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები. თან სრულიად განუსაზღვრელი საბაბით.

საუბარი იყო იმაზე, რომ „ტვიტერში“ დაფიქსირებული გარკვეული აქტივობები ქმნიდა აღქმას, რომ გარე ჩარევის ფონზე ჩატარდა რუმინეთში არჩევნები. ანუ, პირდაპირ გავრცელდა მუქარა მეთიუ მილერის მხრიდან და მეორე დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ რუმინეთში მთლიანად, რადიკალურად შეცვალა თავისი გადაწყვეტილება. ამ ფონზე არავის უკვირს, რომ რუმინეთს გააკეთებინეს იმის საპირისპირო განცხადება, ვიდრე იყო მათი ქმედება საქართველოსთან მიმართებით. იგივე ეხება ესპანეთს და იტალიას, საჯარო წყაროებში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იტალია და ესპანეთი უპირისპირდებოდნენ სანქციების იდეას და ამას დაემთხვა ჩვენი წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომელიც ძალიან სანდო და საიმედო ინფორმაციას ეყრდნობოდა, თუმცა ნახეთ, რომ ამასაც მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები. მე კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა ყველა იმ ქვეყანას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს საბჭოს სხდომაზე“, - განაცხადა პრემიერმა.