მაკკეინის ინსტიტუტის ოცნებებს ახდენა არ უწერია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომლის თანახმად, „სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ, მაგრამ მთავრობის „ბანდიტების“ ხელით თუ სიკვდილი მოხდება, პოლიტიკური გარემო უფრო არასტაბილური გახდება“, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის „მაკკეინის ინსტიტუტის“ და ზოგადად ასეთი ადამიანების ოცნება, თუმცა მათ ვერ მიაღწიეს საწადელს.
„მათ, როგორც ჩანს, ამ დღეების განმავლობაშიც ჰქონდათ გავლა მსხვერპლზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან მალე, ხუთ დღეში ძალიან მარტივად შეძლო ჩვენმა სამართალდამცავმა სისტემამ, დაპირისპირებოდა სისტემურ და უხეშ ძალადობას, რომელსაც ვხედავდით თბილისის ქუჩებში და მადლობა ღმერთს, ყველაფერი დასრულდა არათუ მსხვერპლის გარეშე, არამედ რაიმე განსაკუთრებული გართულების გარეშე. მაკკეინის ინსტიტუტის ოცნებებს ახდენა არ უწერია“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, „მაკკეინის ინსტიტუტს“ ჯერ კიდევ არჩევნებამდე პირდაპირ ჰქონდა ასახული საკუთარ ანგარიშში „მაიდნის“ სცენარი, რისი განხორციელებაც რეალურად ამ პერიოდის განმავლობაში დაიწყო.
„არჩევნების მეორე დღიდან დაიწყეს ქუჩების გადაკეტვა, გმირთა მოედანს კეტავდნენ და ა.შ.. სცენარი, რაც ეწერა მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში, პირდაპირ აამოქმედეს რადიკალური ოპოზიციის და NGO-ების ხელით. ახლა საუბრობენ მსხვერპლზე, სანქციებზე, ეს არის ყველაზე ექსტრემისტული ძალები, რომლებიც არიან საქართველოში ნეგატიური სცენარების განვითარებით დაინტერესებული. იმედი მაქვს, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 იანვრიდან ბევრი რამ შეიცვლება რადიკალურად და საქართველოს მიმართ დამოკიდებულება იქნება არა უსამართლო, არამედ სამართლიანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დიალოგზე შეთავაზებას გამოხმაურება ამ დრომდე არ მოჰყოლია.
„გუშინ გამოვეხმაურე მაგალითად შოთა არველაძის განცხადებას, მასაც შეუძლია, წამოიყვანოს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ენდობა, მათ შორის კომპეტენციის კუთხით, გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა საკითხზე. დისკუსია არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ერთად დავიცვათ ეროვნული ინტერესები. თუ ვინმეს კითხვები აქვს, ეს კითხვები ღიად უნდა გაირჩეს, ეს არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ ერთად განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენი მხრიდან კვლავაც შემიძლია დავაფიქსირო ღიაობა ნებისმიერ ფორმატში ასეთი დისკუსიისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, იმდენად ძლიერია ბულინგი, რომ ისინი ვერ ახერხებენ ამ შეთავაზებაზე დადებითი პასუხის გაცემას.
„ჩვენ არ ვსაუბრობთ მოძალადეებთან დიალოგზე, ვსაუბრობთ გულწრფელ ადამიანებთან დიალოგზე, რომლებიც მათ შორის, გამოდიოდნენ რუსთაველის გამზირზე და აპროტესტებდნენ ჩვენს გადაწყვეტილებას. არა მოძალადეებთან, არამედ გულწრფელ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ მძაფრი პროტესტის განცდა დღესაც. მათთან ვართ მზად დიალოგისთვის. მაგრამ ხედავთ, რომ იმდენად ძლიერია ბულინგი, რომ ისინი ვერ ახერხებენ ამ შეთავაზებაზე დადებითი პასუხის გაცემას. ეს არის ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი გამოვლინება. ვინც არ ძალადობს, მათთან მზად ვართ დისკუსიისთვის. რა უდგას ამას წინ. თუ ჰგონიათ, რომ მართლები არიან, რატომ არ მოდიან? შოთა არველაძეს დიდ პატივს ვცემ, როგორც ფეხბურთელს, იყო გამორჩეული ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში. მან თქვა, რომ ხელისუფლებიდან არავინ ესაუბრება ხალხს. მოვიდეს თვითონ შოთა არველაძე, დიდი პატივისცემით ვიმეორებ ამას, წამოიყვანოს ის, ვის კომპეტენციაშიც არის დარწმუნებული, ათი კაცი წამოიყვანოს, რატომ არ მოდიან“, - განაცხადა პრემიერმა.