სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური, კვირა-ნახევარი დარჩა თანამდებობაზე, შესაბამისად არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ვერ ელევა საკუთარ სკამს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის ყველა განცხადება აბსურდულია.
„ასე ადამიანი სკამს ეჭიდებოდეს, პირველად ვნახე. ასეთი ემოციური დამოკიდებულება ჰქონდეს საკუთარი სკამის მიმართ, როგორც აქვს სალომე ზურაბიშვილს, მართლა პირველად ვნახე. ვერ ელევა საკუთარ თანამდებობას, შესაბამისად აქვს ძალიან მძიმე ემოციური მდგომარეობა, კადრულობს ყველაფერს, ყველაფერ უკადრებელს. ეს არის რეალური შეფასება. დანარჩენი საინტერესო არ არის“, - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ოპოზიციის რესურსი არის განულებული.
„მთავარი ის არის, რომ მათი რესურსები გავანულეთ. ძალადობრივი და ყველანაირი რესურსი არის განულებული. აქედან გამომდინარე, ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებენ ისინი დემოკრატიულ პროცესს. მოხდება ინაუგურაცია, თანამდებობას დაიკავებს ახლადარჩეული პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, გაგრძელდება საპარლამენტო მუშაობა, მთავრობა განაგრძობს საკუთარი პროგრამის შესრულებას. ეს იქნება პროცესი, რომელიც გაგრძელდება 29 დეკემბრის შემდეგაც“, - განაცხადა პრემიერმა.