ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საპარლამენტო შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, აცხადებს, რომ გეგმავენ, ეუთო/ODIHR-ს ერთობლივად სთხოვონ, გამოგზავნოს საქართველოში „სპეციალური მისია, რომელიც შეისწავლის მიტაცებულ არჩევნებს“.
ოთხი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებმა ამ ინიციატივაზე 19 დეკემბერს, საერთო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
პარტიები ეუთოსა და მის „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს“ სთხოვენ, „აამუშავოს მოსკოვის მექანიზმი, რომელიც პირველად 1991 წელს იქნა გამოყენებული“.
მათი განმარტებით, ეს „გულისხმობს, ეუთომ გამოგზავნოს საქართველოში სპეციალური მისია, რომელიც შეისწავლის საქართველოში არჩევნებზე დარღვევებს, მიტაცებულ არჩევნებს, რომ ჩვენ გვქონდეს სამომავლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა ამ ქვეყანაში“.
ეუთოსადმი პარტიების მეორე თხოვნაა, სპეციალურმა მისიამ შეიწავლოს „ძალადობრივი ფაქტები, რასაც რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს“.
ეს პარტიები არიან:
- „კოალიცია ცვლილებისთვის
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“
- „ძლიერი საქართველო“
- „გახარია საქართველოსთვის“.
რა არის „მოსკოვის მექანიზმი“
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“, რომელიც ეყრდნობა 1989 წელს მიღებულ „ვენის მექანიზმს“, მიიღეს 1991 წელს. ორივე მექანიზმი ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით არის შექმნილი.
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“ შესაძლებლობას აძლევს ეუთოს წევრ ქვეყნებს, გამოიძიონ „სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ“ ამა თუ იმ ქვეყანაში, - ამ ქვეყნის ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.
1990-იანი წლებიდან დღემდე „მოსკოვის მექანიზმი“ 15-ჯერ გაააქტიურეს, მათ შორის:
- ბელარუსის 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ - 14 წევრი ქვეყნის მოთხოვნით;
- 1999 წელს „მოსკოვის მექანიზმი“ გაააქტიურა რუსეთის ფედერაციამ ნატოს სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ ყოფილ იუგოსლავიაში;
- ასევე, 2018 წელს 16-მა ქვეყანამ მოითხოვა რუსეთში, კერძოდ კი ჩეჩნეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ვითარების გამოსაძიებლად.
- მექანიზმი ამოქმედდა 2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც.
- საქართველო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.
დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, სადაც საუბარია იმ დარღვევებზე, რაც წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს ახლდა.
არჩევნების მეორე დღეს წინასწარი დასკვნა წარადგინა ეუთო/ODIHR-მა. საბოლოო დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა.
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის პრესკონფერენცია, თბილისი, 2024 წლის 27 ოქტომბერი
ასევე ნახეთ
„დაშინება, თვალთვალი, ფარულობის დარღვევა“ - წავიკითხეთ სადამკვირვებლო მისიების დასკვნები
ოპოზიციური პარტიების გარდა, 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს არც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
22-ე დღეა, ქვეყანაში საპროტესტო დემონსტრაციები იმართება.