ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან მუშაობას, უწყებებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან მუშაობას, როგორც ადგილობრივ საერთაშორისო პარტნიორებთან, - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ თბილისში თავისი ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ევროსაბჭოს აქვს სამოქმედო გეგმა 2024-2027 წლებისთვის, რომელიც მინისტრთა კომიტეტის მიერ არის დამტკიცებული.
„ეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა საქართველოსათვის და ეს გეგმა არის მთავარი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ დავეხმაროთ საქართველოს თავისი ევროპული სულისკვეთების განხორციელებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან მუშაობას, უწყებებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან მუშაობას, როგორც საერთაშორისო ადგილობრივ პარტნიორებთან. მე მოვუწოდებ ყველა დონორს, რომ პირიქით, გააძლიერონ და არ შეამცირონ მხარდაჭერა ამ საქმიანობაში.
მე გამოვხატე ჩემი შეშფოთება იმ კანონმდებლობაზე, რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ფიზიკური პირების უფლებებს. ეს კანონი უნდა შეიცვალოს ისე, რომ სრულად მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, როგორც ეს არის გაწერილი ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაში და ამას როგორც ვენეციის კომისია გვეუბნება, - განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ.
„მე მივესალმები და გეტყვით იმას, რომ მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლიდა უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარს, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, იქნება ჩართული ვენეციის კომისიაც და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებების, რომელიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში. გამოვხატავ იმედს, რომ ამგვარი პროცესები შეიძლება განხორციელდეს სხვა მიმართულებებითაც, როგორიცაა თანასწორობა, დისკრიმინაციის აღკვეთა, საარჩევნო რეფორმები, ციხის და პრობაციის რეფორმები და დარწმუნებულები ვართ, რომ ბოლოდროინდელი კანონმდებლობა არ მოდის შესაბამისობაში ევროპის საბჭოს მოცემულობასთან“, - აღნიშნა ბერსემ.