გლობალური ომის პარტია უნდა დამარცხდეს, ეს არის მნიშვნელოვანი მთელი მსოფლიოსთვის - ირაკლი კობახიძე

არ მგონია, რომ მეორად ძალებთან დიალოგს რაიმე აზრი ჰქონდეს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კითხვას, რა თემაზე დიალოგისთვის არის მზად ხელისუფლება ოპოზიციასთან.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დიალოგი მნიშვნელოვანია, თუმცა ოპოზიცია სინამდვილეში მეორად ძალას წარმოადგენს.

„ჩვენი ოპოზიცია, ეს ოთხი რადიკალური პარტია სინამდვილეში მეორადი ძალებია. მათ ჰყავთ საკუთარი პატრონი და ჩვენ გვირჩევნია, მათ პატრონებთან გავმართოთ დიალოგი, რასაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ აუცილებლად გვექნება ამ ოთხი პოლიტიკური პარტიის უფროსებთან დიალოგი მომდევნო კვირების განმავლობაში. ჩვენ საუბარი გვქონდა მათ შორის „დიფ სთეითზე“ და ასეთ რაღაცებზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ თვის ბოლოდან ვითარება შეიცვლება. ეს მარტივი არ იქნება. რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპისთვისაც არ იქნება ადვილი „დიფ სთეითის“ დამარცხება. თუ ის შეძლებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას, შეიძლება, დიალოგი აღარც გახდეს საჭირო და მარტივად აღდგება სამართლიანობა. შევხედოთ, როგორ განვითარდება პროცესები“, - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება კანონმდებლობას, პრემიერის თქმით, თუკი იქნება შესაბამისი დასაბუთება გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ხელისუფლება მზად არის გადასინჯვისთვის.

 

„ჩვენი გზავნილები არ განსხვავდება. ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის ნებისმიერ ფორმატში. თუ იქნება კონკრეტული ფორმატი შექმნილი, შემოთავაზებული მათ შორის ევროსაბჭოს მხრიდან, რა თქმა უნდა, აქაც ვართ ღია, შესაბამისად, აქ არის სრული თანხვედრა ჩვენს გზავნილებს შორის. რაც შეეხება კანონის გადასინჯვას, აქ არის ერთი რამ მთავარი - ჩვენ უნდა დაგვისაბუთონ, სად არღვევს ეს კანონი სამართლის პრინციპებს, სადაც დაგვისაბუთებენ ასეთ რამეს, რომ არის სამართლებრივი ხარვეზები, რა თქმა უნდა, მზად ვართ გადასინჯვისთვის. შესაბამისად, პრაქტიკულად ვიმეორებთ იმას, რასაც ამბობს ბატონი ალენ ბერსე “, - განაცხადა პრემიერმა.

 
პრემიერის თქმით, დამარცხდება „დიფ სთეითი“ და „დიფ სთეითთან“ ერთად დამარცხდება ომი მსოფლიოში.


„უკრაინასთან მიმართებითაც მოქმედმა  ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ახალ ადმინისტრაციას დაუტოვოს მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა. გამოვიდა დონალდ ტრამპი და მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო სწორი. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს, ასე, რომ რასაც აკეთებს მოქმედი ადმინისტრაცია ის აუცილებლად არ გაგრძელდება ახალი ადმინისტრაციის პირობებში. აქაც ჩვენ შეგვიძლია დავიტოვოთ იგივეს იმედი. თუმცა, რისკები, ბუნებრივია, რჩება, შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი „დიფ სთეითის“ დამარცხებას და არაფორმალური გავლენების დამარცხებას, ეს გამოჩნდება 20 იანვრის შემდეგ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შეძლებს დამარცხებას, თუმცა ეს არ იქნება მარტივი. ჩვენს მაგალითზე ყველაზე კარგად გამოჩნდება ის, თუ რამდენად დამარცხდება  “დიფ სთეითი“ და არაფორმალური გავლენები აშშ-ში. გლობალური ომის პარტია უნდა დამარცხდეს. ეს არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ აშშ-სთვის, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. თქვენ ნახეთ, რა უქნეს მსოფლიოს წინა 4 წლის განმავლობაში და რა მოუტანა „დიფ სტეიტმა“ მსოფლიოს წინა 4 წლის განმავლობაში - მთელი მსოფლიო არის არეული, რა ხდება უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, სირიაში. მთელი მსოფლიო არიეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დამარცხდება „დიფ სთეითი“ და „დიფ სთეითთან“ ერთად დამარცხდება ომი მსოფლიოში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ „დიფ სთეითის დამარცხებით მშვიდობა დაისადგურებს შემდეგი 4 წლის განმავლობაში მაინც მსოფლიოში“, განაცხადა პრემიერმა“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ უზრუნველყოს ქვეყნის წინსვლა ევროპული მიმართულებით, ოპონენტები აკეთებენ ყველაფერს საპირისპიროდ.

„ჩვენი კურსი არის ძალიან მკაფიო, 2022 წლიდან მოყოლებული ჩვენ ვითხოვდით კანდიდატის სტატუსს, ამისთვის შეიქმნა სამუშაო პროცესი, წარვადგინეთ 5000-გვერდიანი დოკუმენტაცია, რის მომზადებაშიც ჩართული იყვნენ ჩვენი საჯარო მოსამსახურეები როგორც მთავრობიდან, ისე პარლამენტიდან და სხვა სტრუქტურებიდან და ივნისში ჩვენ უარი გვეთქვა კანდიდატის სტატუსზე. იმავე პერიოდში NGO-ები დაუპირისპირდნენ ამ პროცესს, ამბობდნენ, რომ არა სახელმწიფო უწყებებს, არამედ NGO-ებს უნდა შეევსოთ განაცხადი. ოპოზიცია თავიდან ბოლომდე უპირისპირდებოდა ამ პროცესს. მაშინ ერთ-ერთი NGO-ს წარმომადგენელი, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებას ხელმძღვანელობდა, პირდაპირ აცხადებდა, რომ საქართველოს არ უნდა მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, ვგულისხმობ სოროსის ფონდის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს. პირდაპირ აწარმოებდნენ ჩვენი ოპონენტები კამპანიას საქართველოს ევროპული გზის წინააღმდეგ, თუმცა მაინცდამაინც გაღიზიანება არ მახსოვს ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ძალების მხრიდან. ჩვენი ოპონენტები აწარმოებდნენ კამპანიას ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, ჩვენ ვითხოვდით საქართველოს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით. ივნისში გვეთქვა უარი, არავითარი განმარტება არ მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად ადამიანებმა, რომლებიც იბრალებენ პროქართულობას, გადადგეს ყველაზე ანტიქართული ნაბიჯი და ქართველ ხალხს 2022 წლის ივნისში უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს პროცესი წელიწად-ნახევარს გაგრძელდა და ხელისუფლებას წარუდგინეს 12 პუნქტი, რომელზე მუშაობაც მყისიერად დაიწყო, თუმცა ოპოზიციამ პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა.

„ოპოზიცია და NGO-ები არ შეუერთდნენ ამ პროცესს, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. ბოიკოტი გამოუცხადეს იმ პროცესს, რომლის გარეშეც შეუძლებელი იყო კანდიდატის სტატუსის მიღება. აქაც ჩვენი ხელისუფლება თავიდან ბოლომდე მოქმედებდა ამ მიზნით, რასაც ჰქვია საქართველოს წინსვლა ევროპული მიმართულებით და პირდაპირ, ღიად და უხეშად, ოპოზიცია თავისი NGO-ებით დაუპირისპირდა ევროინტეგრაციის პროცესს. ჯგუფებშიც კი არ შემოვიდნენ. ამ კამპანიას ჰქონდა მხარდაჭერა მათ მედიასაშუალებების მხრიდან, NGO-ების მხრიდან. NGO-ებმაც უარი თქვეს ამ პროცესში მონაწილეობაზე. ჩვენ მარტო ვიბრძოლეთ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და გამოვგლიჯეთ ხელიდან შესაბამის ძალებს კანდიდატის სტატუსი. ამის შემდეგ გაგრძელდა პროცესი და აქაც ზუსტად იგივე. არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს არ უნდა მიეცეს არაფერი, არც კანდიდატის სტატუსი, არც მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას და ა.შ. ჩვენ მუდმივად ვითხოვთ ამას. ვისი კურსია პროევროპული და ვისი არის ანტიევროპული, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა ევროპული მიმართულებით, ჩვენი ოპონენტები აკეთებენ ყველაფერს საპირისპიროდ. ერთი სიტყვა ვერ დავაცდენინეთ ვერც ოპოზიციას, ვერც NGO-ებს, ვერც სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველოს უნდა მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და მათი შესაბამისი განცხადების გარეშე მაინც მოვიპოვეთ ეს სტატუსი. მოგვიანებით იგივე პროცესი გაგრძელდა. ერთადერთი სუბიექტი, ვინც საქართველოში პროევროპულია, არის სწორედ ხელისუფლება. ყველა დანარჩენი სამი წელია, აწარმოებს კამპანიას საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, რაც ხელის გულზე დევს. ისინი ამბობდნენ, რომ არ უნდა მოგვენიჭოს, არ უნდა გაიხსნას, ჩვენ ვამბობდით, რომ უნდა მოგვენიჭოს, უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები. ეს არის ფაქტები და დანარჩენი არის ელემენტარული ლოგიკის და წაკითხულის და მოსმენილის გააზრების საქმე“, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ასეთ პირობებში რომ დიალოგი სირთულეებთან არის დაკავშირებული, ამას ევროსაბჭოს გენერალური მდივანიც კარგად ხვდება.
 

„რაც შეეხება ოპოზიციასთან დიალოგს, ამ თემასთან დაკავშირებით მაინცდამაინც ხანგრძლივი საუბარი არ გვქონია. თავად ჩვენი სტუმრებიც კარგად ხვდებიან იმას, რომ ეს დიალოგი არის სირთულესთან დაკავშირებული. მათ შორის, თქვენ ნახეთ, რომ მეორე ადგილზე გასული პარტიის წარმომადგენლები საერთოდ არ მივიდნენ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ევროსაბჭოს ხელმძღვანელთან მისვლაც კი არ იკადრეს. ასეთ პირობებში რომ დიალოგი  სირთულეებთან არის დაკავშირებული, ამას ბატონი ბერსეც ძალიან კარგად ხვდება“, - განაცხადა პრემიერმა.