3 წელი სისხლი გაუშრეს ქართველ ხალხს, როცა უარს ეუბნებოდნენ კანდიდატის სტატუსზე, როცა უარს ეუბნებიან ახლაც მოლაპარაკებების გახსნაზე. Deep State-ს გავეცით ჩვენ ღირსეული პასუხი იმ უსამართლობაზე, რასაც ვხედავთ ჩვენ მათი მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვაზე, ვახტანგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა იყო თუ არა პასუხი ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს იყო პასუხი Deep State-ისთვის, რომელიც მოქმედებს უსამართლოდ საქართველოს მიმართ უკვე 4 წელია.
„ჩვენ გვიქმნიან ხელოვნურად პრობლემებს, ქართველ ხალხს უქმნიან ხელოვნურად პრობლემებს საკუთარი უსამართლობით. თქვენ გახსოვთ, რა ხდებოდა წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც რადიკალური ოპოზიციის საბოტაჟი გამოგვიცხადეს კრიზისად. ეს ხომ Deep State-მა გააკეთა თავის დროზე. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხიც არის ჩვენი ნაბიჯები, მერე, როდესაც არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, მანამდე გახსოვთ, რა ხდებოდა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, იქაც Deep State მოქმედებდა. 3 წელი სისხლი გაუშრეს ქართველ ხალხს, როცა უარს ეუბნებოდნენ კანდიდატის სტატუსზე, როცა უარს ეუბნებიან ახლაც მოლაპარაკებების გახსნაზე. Deep State-ს გავეცით ჩვენ ღირსეული პასუხი იმ უსამართლობაზე, რასაც ვხედავთ ჩვენ მათი მხრიდან.
თუ პრეზიდენტი ტრამპი დაამარცხებს Deep State-ს ამ შემთხვევაში სანქციებიც მოიხსნება, დაველოდოთ როგორ განვითარდება პროცესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა „გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ „დიფ სთეითის“ მიმართულებით ცვლილებები იქნება, კანონების ცვლილებასთან დაკავშირებით მოთხოვნებიც მოიხსნება.
„მაგალითად, ავიღოთ „კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც არის უმარტივესი კანონი, რამდენიმე პუნქტისგან შედგება. მაგალითად, ამ კანონის მიხედვით არავინ არ შეიძლება აუკრძალოს საჯარო მოხელეს სქესის მიხედვით განსაზღვრული ტერმინების გამოყენება, როგორიც არის დედა, მამა, კაცი, ქალი და ა.შ. ბლინკენმა გამოსცა თავის დროზე აქტი, რომლის მიხედვითაც აეკრძალათ სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო მოხელეებს, რომ ისაუბრონ ამ ტერმინებით - კაცი, ქალი, დედა, მამა, ქალიშვილი, ვაჟიშვილი და ა.შ. ამ კანონში წერია, რომ ამ ტერმინების აკრძალვა არ შეიძლება. ეს თუ არის ანტიევროპული მოვლენა, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით. არ შეიძლება, მე მივიდე ხვალ სამოქალაქო რეესტრში და არ შეიძლება, ჩემს შესახებ ჩანაწერი შეიცვალოს კაციდან ქალზე. ეს წერია, მეტი არაფერი და ამაზე გვიმტკიცებენ, რომ ეს აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას. კონკრეტულ ძალებს აქვთ ინტერესი, საქართველოში განავრცონ ლგბტ პროპაგანდა. ძალიან კარგად იციან, რომ ეს კანონი უპირისპირდება ლგბტ პროპაგანდას. აქ არცოდნაში კი არ არის პრობლემა, მათ უნდათ საქართველოში ლგბტ პროპაგანდის განვრცობა, უნდათ, რომ საქართველოში ლგბტ პირთა რაოდენობა ხელოვნურად გაიზარდოს, რასაც ვაკვირდებით ევროპის ქვეყნებში. პროპაგანდა მუშაობს ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში. განა რამე არ იციან, უბრალოდ, „დიფ სთეითის“ საცეცებს უნდათ, საქართველოში დამძიმდეს ვითარება ამ თვალსაზრისით საზოგადოებაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, იგივე ეხება „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ვინაიდან ინტერესი იყო, რომ საქართველოში ფარულად მოეხდინათ რევოლუცია.
„ამიტომ ეწინააღმდეგებოდნენ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. ძალიან კარგად იციან, რომ კანონი არის კარგი და კარგი რომ არის, იმიტომ არ უნდათ. იგივე ეხება „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონსაც. რომ იციან, კარგია, ამიტომ არ უნდათ, რადგან თვითონ აქვთ ნეგატიური მიზნები, უნდათ „ლგბტ“ პროპაგანდის წარმოება, გაგრძელება და მეორე შემთხვევაში - შავი ფულით რევოლუციის მოწყობა. კარგი რომ არის, იმიტომ ებრძვიან. ვნახოთ, თუ „დიფ სთეითი“ დამარცხდება აშშ-ში, ამას გავლენა ექნება ევროკავშირზეც და ასეთ შემთხვევაში აღარავინ მოგვთხოვს ასეთი კანონების გაუქმებას თუ გადახედვას. თუ „დიფ სთეითი“ კვლავაც გაიმარჯვებს, სირთულეები გაგრძელდება, თუმცა ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების მზადყოფნა დისკუსიისთვის .
„ჯერ ხომ უნდა შედგეს დისკუსია, იქნებ დისკუსიის პროცესში ვლინდება ის, რომ კანონი არის თავიდან ბოლომდე კარგი, მაშინ რას ვაკეთებთ, მაინც უნდა შევცვალოთ? რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში არ შეიძლება, კანონი შეცვალო. ჯერ უნდა დასაბუთდეს პუნქტობრივად, რა არის კარგი, რა არ არის კარგი და ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება ცვლილებასთან დაკავშირებით და შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რა უნდა შეიცვალოს. ამიტომ, ჯერ დავიწყოთ დისკუსია, მერე ვთქვათ, შეიცვლება თუ არა და მერე ვთქვათ, რომ შეიცვლება, რა შეიცვლება. ეს არის ყველაზე ჯანსაღი მიდგომა ამ თემასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პრემიერმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ ქვეყანას ხელოვნურად არყევდა სწორედ „დიფ სთეითი“.
„2019 წლის ივნისის ბოლოს გადაწყვეტილი იყო კონკრეტულ მომენტში გიორგი გახარიას გადაყენება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან, ეს იყო მათ შორის ჩვენი მოთხოვნა, მეც ვიზიარებდი ამ მოთხოვნას და გუნდის არაერთი წევრი ითხოვდა ამას. ეს პროტესტი არსებობდა და მიგვაჩნდა, რომ მიზანშეწონილი იყო ქვეყნისთვის პირველ რიგში და ასევე გუნდისთვის მისი გადადგომა, თუმცა როგორც კი ეს გადაწყდა, 15 წუთი ითხოვა მოსაფიქრებლად მაშინ გახარიამ და ამ 15 წუთის განმავლობაში გაისმა ზარი „დიფ სთეითიდან“. მერე გაგრძელდა ეს პროცესები, ჩვენ ტაქტიკურად სწორად ვიმოქმედეთ და საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ გახარიასგანაც გათავისუფლდა ჩვენი გუნდი და ჩვენი ქვეყანა, მოვლენები დაუბრუნდა იმ კალაპოტს, რომელსაც უნდა დაბრუნებოდა, ეს იყო ერთგვარი კომპრომისული გადაწყვეტილება. იქაც ამ ქვეყანას ხელოვნურად არყევდა სწორედ „დიფ სთეითი“. ასეთ კომპრომისებზე ჩვენ აღარ მივდივართ უკვე ოთხი წელია და ამაზეა გამწარებული ეს ხალხი.
მთავარი მიზეზი, რატომაც ჰქონდა რევოლუციის ოთხი მცდელობა 4 წლის განმავლობაში, სწორედ ეს არის, რომ ასეთ კომპრომისებზე აღარ მივდივართ და გახარიები აღარ გვყავს გუნდის ლიდერებად. ამ მიზეზის გამო 4-ჯერ მოგვიწყვეს რევოლუცია, ქვეყანას არ ასვენებენ 4 წლის განმავლობაში. ეს საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტ ტრამპს ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში წარმატებები უსურვა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა დაპირება, რომ ის დაამარცხებს „დიფ სთეითს“ და გაათავისუფლებს ამერიკის შეერთებულ შტატებს არაფორმალური გავლენებისგან. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ დონალდ ტრამპი ამას შეძლებს და ეს ყველაფერი საქართველოს მაგალითზეც გამოჩნდება. გამოჩნდება საქართველოს მაგალითზეც ის, თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტი ტრამპი „დიფ სთეითის“ დამარცხებას, არაფორმალური გავლენების დამარცხებას. პრეზიდენტ ტრამპს მინდა, ვუსურვო წარმატებები ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ვახტანგ გომელაურს საქართველოს ვიცე-პრემიერის პოზიციაზე წარმატება უსურვა.
„ვახტანგ გომელაურის დანიშვნა საქართველოს ვიცე-პრემიერად მანამდეც განიხილებოდა აქტიურად, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა ჩვენი გადაწყვეტილება დააჩქარა. მინდა, ვახტანგ გომელაურს წარმატებები ვუსურვო საქართველოს ვიცე-პრემიერის პოზიციაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მთლიანობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციებისას ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა.
„საქართველოში იყო ძალიან უხეში მცდელობა, მოეწყოთ „ნაცმაიდანი“ და იცით, როგორ სრულდება ხოლმე ასეთი პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, უკრაინაში როდესაც მოეწყო მაიდანი, 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ამ პროცესების შედეგად და 2 ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის უმძიმესი ფორმით. საიდან იყო კოორდინირებული ეს მაიდანი, ესეც ყველას ძალიან კარგად ახსოვს. რაც შეეხება საფრანგეთს, „ყვითელი ჟილეტის“ ცნობილ პროტესტს, 11 ადამიანი დაიღუპა ამ პროტესტის მსვლელობისას, 4 400-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრუტალური მოქმედებების შედეგად. გახსოვთ, როგორ წარიმართა პროცესები აშშ-ში, როდესაც ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა კაპიტოლიუმში, კაცს პირდაპირ ტყვია ესროლეს და ადგილზე მოკლეს. წარმოიდგინეთ, საქართველოში ასეთი რამ როგორ შეიძლება მოხდეს. როდესაც ვსაუბრობთ, რომ საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით, გვაქვს კონკრეტული მაგალითები ამისთვის. ასეთი რამ წარმოუდგენელი იქნებოდა საქართველოში, თუმცა ამერიკაში ისე გაიარა ამ მოვლენებმა, ამას რაიმე განსაკუთრებული პროტესტი არ მოჰყოლია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ იგივე მოხდა საფრანგეთსა და უკრაინაშიც.
მთავრობის მეთაურის თქმით, აშშ-შიც უამრავი ადამიანი დაშავდა და დააპატიმრეს და ადამიანები 4 წლის წინ ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელს დღემდე იხდიან.
„საქართველოს პრაქტიკაში შეგვიძლია გავიხსენოთ 2011 წლის 26 მაისი, 4 კაცი მოკლეს მშვიდობიან დემონსტრაციაზე. ეს გააკეთა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა. გახსოვთ, როგორ მოქმედებდა მათი ერთ-ერთი ფავორიტი გიორგი გახარია. 2019 წლის ივნისში, იყო ძალადობრივი აქცია, რომელსაც ვიღაცები მაშინაც მშვიდობიანად ნათლავდნენ და აგხარიას მინისტრობის პერიოდში 7-მა ადამიანმა მიიღო უმძიმესი დაზიანება, რისი აუცილებლობაც ნამდვილად არ არსებობდა. წყლის ჭავლის და გაზის გამოყენების შემთხვევაში თავიდან შეიძლებოდა ამ შედეგის არიდება, თუმცა სწორედ მათი ფავორიტი გახარიას მოქმედებების შედეგად, 7-მა ადამიანმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რამაც კვალი დატოვა მათ ჯანმრთელობაზე, აქედან ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. არც იმ ქვეყნებში, რომელზეც ვისაუბრე და არც საქართველოში 2011 წელს ან 2019 წელს, გახარიას ვგულისხმობ, არავინ დაუსანქცირებიათ. რატომ? იმიტომ, რომ არსებობს ორმაგი სტანდარტი, დღეს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი შინაგან საქმეთა სამინისტრო დაასანქცირეს, მაგრამ თავის დროზე ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, არ დაუსანქცირებიათ. ეს არის რეალური სურათი, დანარჩენზე საზოგადოებაც იმსჯელებს. ეს არის აღიარება იმისა, რომ „ნაცმაიდნის“ მცდელობა სანქციების ავტორების მხრიდან იყო კოორდინირებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრმა უპასუხა შეკითხვას, შეიძლება თუ არა დასანქცირების მიზეზი იყოს ის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში შსს-ს თანამშრომლები არ არიან პასუხისგებაში მიცემული მაშინ, როდესაც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შსს-ს არაერთი თანამშრომელი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და მაშინდელი მინისტრი არ მოხვდა სანქცირებულთა სიაში.
„გამოძიება არ ყოფილა რეალურად მიზეზი. გამოძიება დაწყებულია და გრძელდება. რაც შეეხება წინა მოვლენებს, წინა ძალადობრივ აქციებს, პასუხისგებაშიც არიან მიცემული კონკრეტული პოლიციელები, სადაც იდენტიფიცირებადი იყვნენ მარტივად ადამიანები, მაშინდელ საქმეებზე რამდენიმე ადამიანია პასუხისგებაში მიცემული, შესაბამისი უწყებებისგან შეგიძლიათ ეს ინფორმაცია გამოითხოვოთ. თვალები დათხარეს ადამიანებს, ეს გააკეთა გახარიამ, მისმა ქმედებებმა გამოიწვია ეს ყველაფერი, რაც საერთოდ მარტივად შეიძლება თავიდან ყოფილიყო აცილებული, მაგრამ აქამდე მიიყვანა საქმე გახარიამ. მერაბიშვილი ვახსენე ასევე, რომელმაც 4 კაცი მოკლა მშვიდობიანი აქციის პროცესში, 4 კაცი მოკლა და ჯიხურებზე განათავსეს შემდეგ, უტიაშვილის იდეა იყო ეს ყველაფერი. იქ არ დაუსანქცირებიათ ადამიანები იმიტომ, რომ მერაბიშვილი და გახარია არიან ამ ე.წ. Deep State-ის უცხოელი აგენტები, განსხვავებით ვახტანგ გომელაურისგან, რომელიც ემსახურება, არა უცხო ძალას, არამედ ემსახურება ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ხედავენ, რომ ობიექტურად ხდება მოვლენების შეფასება, იწყება თავდასხმა ასეთ ადამიანებზე.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, თავდაპირველად ისინი თავს ესხმოდნენ ეუთო-ოდირს, თქვენ გახსოვთ, რა მასშტაბის თავდასხმა განხორციელდა ეუთო-ოდირზე, როდესაც ეუთო-ოდირმა დადებითად შეაფასა ქართული არჩევნები. გრძელდება ეს თავდასხმა, იმიტომ, რომ ელოდებიან, რომ იგივე დასკვნა განმეორდება უკვე, როდესაც საბოლოო დოკუმენტი ჩამოყალიბდება. იგივეა ზუსტად ევროსაბჭოს შემთხვევაში. ეუთო და ევროსაბჭო არის ორი უმსხვილესი ევროპული გაერთიანება, სადაც ჭარბობენ სწორედ დემოკრატიული სახელმწიფოები და შესაბამისად, ეს ორი სუბიექტი ასრულებს მნიშვნელოვან როლს ევროპაში მოვლენების სწორი მიმართულებით განვითარებაში. თუმცა ისინი პირდაპირ თავს ესხმიან ევროპის ძალიან მაღალი რანგის წარმომადგენლებს. ჯერ თავს დაესხნენ პირდაპირ ეუთოს და ეუთოს ხელმძღვანელობას, ახლა უკვე გადავიდნენ ევროსაბჭოს ხელმძღვანელობის მიმართ თავდასხმაზე. ეს ხდებოდა 4 წლის წინაც. როდესაც ხედავენ, რომ არიან გარკვეული ობიექტური სუბიექტები, რომლებიც ობიექტურად აფასებენ მოვლენებს ქვეყანაში, მაშინვე რადიკალური ოპოზიცია არჩევს ხოლმე თავდასხმას ასეთ ადამიანებზე. ამის გაგრძელებაა ეს ყველაფერი. სინამდვილეში ხდება ის, რომ სადაც ნაკლებია „დიფ სთეითის“ გავლენა, იქ არის მეტი ობიექტურობა, ეს ვიხილეთ სწორედ ეუთოს და ევროსაბჭოს შემთხვევაში. ერთადერთი, ვისაც აღიარებს რადიკალური ოპოზიცია, არის სწორედ „დიფ სთეითი“, ანუ ისინი არიან მათი პატრონები, ეს არის რეალურად ის, რაც დგას ამ ყველაფრის უკან“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, რადიკალური ოპოზიცია თავიდან ბოლომდე გარედან არის მართული და დამოუკიდებლობის ნულოვანი რესურსი აქვს.
„მგონი ვიღაცეები ვერ აფასებენ ჯანსაღად მოვლენებს. ისიც არ იციან მგონი, რომ 1 000 კაცსაც ვეღარ კრებს 4 პარტია და 10-ზე მეტი მდიდარი NGO რუსთაველის გამზირზე და რაღაცნაირად, ვიღაცამ სცადა, რომ ძალა შეეძინა პროტესტისთვის, რომელიც უკვე არის ჩამქრალი. ამას უკავშირდება, ბუნებრივია, ეს არაფრისმომცემი სანქციების დაწესება, განცხადებები ევროპული საბჭოს და მინისტრთა საბჭოს მხრიდან. რეალურად, ამით ოპოზიციას ვერავინ გააცოცხლებს. რადიკალური ოპოზიცია აღარ ექვემდებარება გაცოცხლებას, იმდენად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს ისევ მათმა პატრონებმა ეს ადამიანები. აქედანაც ჩანს, რომ სინამდვილეში რადიკალური ოპოზიცია თავიდან ბოლომდე გარედან არის მართული, დამოუკიდებლობის ნულოვანი რესურსი აქვს და პრინციპში, კარგად ვითარდება ძალიან მოვლენები. ამ დღეების განმავლობაში კიდევ უფრო დამძიმდა რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა, რაც არის არა მარტო კარგი და საჭირო, არამედ აუცილებელიც იმისათვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სისტემა გაჯანსაღდეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სანქციებიდან გამომდინარე, თუკი რომელიმე მოხელეს წარმოექმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი, ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას.
„რაც შეეხება ჩვენს რეაგირებას სანქციებზე, პირველ რიგში ფინანსურ სანქციებს რაც შეეხება, თუკი რომელიმე მოხელეს წარმოექმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი ამ სანქციებიდან, ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას. ეს არ არის მარტო სანქციებზე პასუხი, ეს არ არის მხოლოდ უსამართლო გადაწყვეტილებაზე პასუხი, ეს არის პირველ რიგში პასუხი იმ ღირსეულ ქმედებებზე, რომლებსაც ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ეს არის ღირსებაზე და ჰუმანურობაზე პასუხი.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ინაუგურაციის შემდეგ, ღირსების ორდენზე წარვადგინოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები, 11 თანამდებობის პირზე გახლავთ საუბარი, ესენი არიან: ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, შალვა ბედოიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე - ასევე მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ კუპატაძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, მილერი ლაგაზაური - ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და მირზა კეზევაძე - ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. ინაუგურაციის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს 11-ვე წარმომადგენელი იქნება წარდგენილი ჩვენი მხრიდან ღირსების ორდენზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.