ბატონი ალენ ბერსეს ვიზიტი საქართველოში არის საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს განემარტა საქართველოში არსებული ვითარება, და ის, რომ ბოლო პერიოდში მიტინგებმა მიიღო მშვიდობიანი ხასიათი, აქედან გამომდინარე, საპოლიციო ძალის გამოყენების საჭიროება აღარ არის.
„მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოში ჩამობრძანებისთვის. ბატონი ალენ ბერსეს ვიზიტი საქართველოში არის საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო და პროდუქტიული დისკუსიები ბატონ გენერალურ მდივანთან. ჩვენ განვუმარტეთ ბატონ გენერალურ მდივანს საქართველოში არსებული ვითარება, ის, რომ ბოლო პერიოდში მიტინგებმა მიიღო მშვიდობიანი ხასიათი, აქედან გამომდინარე, აღარ არის საპოლიციო ძალის გამოყენების საჭიროება და დარწმუნებული ვართ, რომ ასე გაგრძელდება ვითარება შემდეგი დღეების და კვირების განმავლობაშიც“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე განმარტებები გაკეთდა ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით.
„ასევე განმარტებები გავაკეთეთ ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ ძირითადად ძალადობრივი აქტების გამო ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული ადამიანების გარკვეული რაოდენობა. განვმარტეთ, რომ საქართველოში ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა არის 15 დღე, შესაბამისად, თვის ბოლომდე ეს ადამიანები სრულად იქნებიან გათავისუფლებულები. რა თქმა უნდა. ეს არ ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც სისხლის სამართლებრივი ბრალდების ქვეშ არიან წინასწარ პატიმრობაში. ასეთია დაახლოებით 30 პატიმარი. ესეც განვუმარტეთ ბატონ გენერალურ მდივანს.
რაც შეეხება გამოძიებას, წარიმართება გამოძიებები, ამასთან დაკავშირებითაც განმარტება მიიღო ბატონმა გენერალურმა მდივანმა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მზადყოფნა, რომ ვითანამშრომლოთ ევროსაბჭოს ყველა სტრუქტურასთან, ასეთ საკითხებთან დაკავშირებით.
ასევე ჩვენ გვქონდა მსჯელობა კანონმდებლობაზე. მათ შორის, მსჯელობა გვქონდა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. აქაც, კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი ღიაობა მსჯელობასთან მიმართებით. ჩვენ ღია ვართ მსჯელობისთვის. ასეთი ღიაობა ჩვენ დაფიქსირებული გვქონდა კანონის მიღების პროცესშიც, კანონის მიღების შემდეგაც. ვამბობთ მარტივ რამეს - თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ ამ კანონში არის რაიმე უარყოფითი, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ამ საკითხზე მსჯელობისთვის. მათ შორის, მზად ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოს შესაბამის სტრუქტურებთან“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე მოხდა მოსაზრებების გაცვლა ყველა საკითხზე, მათ შორის საუბარი იყო კონკრეტულ კანონებთან დაკავშირებით.
„გამომდინარე იქიდან, რომ მე წარმოვადგენ საქართველოს არჩეულ ხელისუფლებას, ლოგიკურია, რომ დასაწყისში და ბოლოში გაიმართა ორი შეხვედრა, ჯერ პირველი შეხვედრა და შემდეგ შემაჯამებელი შეხვედრა. მეორე შეხვედრის მიზანი იყო იმ საკითხების შეჯამება, რაზეც ჰქონდა საუბარი ამ დღეების განმავლობაში ბატონ ბერსეს. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ კონკრეტულ თემებზე იგივე კანონებთან დაკავშირებით და ა.შ. ძალიან პროდუქტიული იყო საბოლოო ჯამში ეს შეხვედრა და ვფიქრობ, ეს შეხვედრა დამატებით შეუწყობს ხელს თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის აბსოლუტურად ყველა თემაზე. კიდევ ერთხელ მადლობა კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ბატონ ბერსეს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, როდესაც ადამიანები კონსტრუქციულად არიან განწყობილი და მომართული არიან თანამშრომლობისკენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მზად არის ყველანაირი დისკუსიისთვის.
„ღია ვართ ნებისმიერი ფორმატისთვის, ჩვენ არ გავურბივართ არასდროს დისკუსიას გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს მყარი პოზიციები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი პოზიციები არის სწორი და სიმართლე არის ჩვენს მხარეს, აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან ყოველთვის ფიქსირდებოდა ღიაობა და ახლაც შეგვიძლია იგივე დამოკიდებულება გამოვხატოთ. ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ, დისკუსიებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, მან ალენ ბერსეს დაუდასტურა მზაობა დისკუსიისთვის.
„რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს და იმას, თუ რა შეიცვალა, ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეიცვალა. ერთი პრინციპული რამ შეიცვალა - ძლივს ვნახეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ არგუმენტებით გვესაუბროს. პირველი კაცია, პირველი ევროპელია, რომელიც გვეუბნება, რომ მზად არის დაგვიჯდეს, არგუმენტებით გვესაუბროს ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც ამდენი ხანია ვითხოვთ. პირველი ევროპელია, რომელიც მზად არის დისკუსიისთვის. აქედან გამომდინარე ამ ღირსეულ კაცს დავუდასტურეთ მზაობა დისკუსიისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, არჩევნების შეფასება არის ცესკოს და საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქცია, რომელსაც არ აღიარებენ კონკრეტული სუბიექტები.
„ბატონმა ბერსემაც განმარტა, რომ მისი მისიის მიზანი ვერ იქნება არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე შეფასების გაკეთება. ჩვენ ინფორმაცია გავუზიარეთ გენერალურ მდივანს ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა მან შეხვედრის დროსაც დაადასტურა ის, რაც თქვა საჯაროდ, რომ მისი მისია ვერ იქნება არჩევნების შეფასება. მან ერთი საინტერესო რამ თქვა, რომ არჩევნების შეფასება არის შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქცია. ეს არის ცესკო, საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც არ აღიარებენ კონკრეტული სუბიექტები ჩვენს ქვეყანაში. მან დაადასტურა ის, რომ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები აფასებენ არჩევნებს და არა ევროსაბჭო. არჩევნების ლეგიტიმაციას რაც შეეხება, არჩევნებს ლეგიტიმაციას ანიჭებს ხალხი. ქართველმა ხალხმა მიანიჭა არჩევნებს ლეგიტიმაცია. შესაბამისად, ყველაფერი არის დამთავრებული. ძალადობრივი რესურსიც განეიტრალდა, არავითარი რესურსი არავის აქვს არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, რომ სახალხო ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენოს. დამთავრებულია ამის რესურსი თავიდან ბოლომდე “, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირისადმი ნდობა და ევროპული ინსტიტუტებისადმი ნდობა განსხვავებული რამ არის.
„ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნდობას არყევენ შესაბამისი ევროპული ინსტიტუტები. როდესაც ევროპული ინსტიტუტები პირდაპირ აჩვენებენ იმას, რომ მათ უნდათ ხელისუფლებაში მწამებლების და მკვლელების დაბრუნება, ეს რა თქმა უნდა, არყევს ნდობას ინსტიტუტების მიმართ. ევროკავშირის მიმართ ნდობა არის განსხვავებული რამ. რაც შეეხება ჩვენს წვლილს ევროკავშირის მიმართ ნდობის ზრდაში, ეს წვლილი პირდაპირ არის გამოხატული რეიტინგებში. როცა საუბარია ევროკავშირზე, 10%-ით არის გაზრდილი 2012 წლის შემდეგ ევროკავშირის მიმართ დადებითი დამოკიდებულება, იყო 75% და არის დაახლოებით 85%-მდე ჩვენი მმართველობის პირობებში. ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი დამსახურება. ჩვენ, მაშინაც კი, როდესაც უხეშად თავს გვესხმიან ევროპული ინსტიტუტები, ვამბობთ, რომ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ჩვენ, ქვეყანაში ვინარჩუნებთ 80%-ზე მაღალ ნდობას. ზოგადად, როცა ხარ კონკრეტული ოჯახის წევრი, ეს არის მნიშვნელოვანი. ევროკავშირი არის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სივრცე თანამედროვე სამყაროში. რა თქმა უნდა, ამან შეიძლება არ დააჩქაროს ეკონომიკური ზრდა ან პირდაპირი შედეგები შეიძლება არ გამოიწვიოს, მაგრამ როდესაც ხარ ერთიანი სივრცის ნაწილი, თავისთავად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური სარგებელი. ეს არის მთავარი, რასაც ჩვენ ველით ევროკავშირში გაწევრიანებისგან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.