"აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება არაფორმალური გავლენებისგან" - ირაკლი კობახიძე

აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამაში ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან, ისიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება არაფორმალური გავლენებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუბრობს ძალიან ხშირად ე.წ. დიფ სთეითზე, რომელიც მისი განცხადებით, არსებით გავლენას ახდენს მართვაზე აშშ-ში. 

 

„ცოტა ხნის წინ გავრცელდა ჯეფრი საქსის ინტერვიუ, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია დაადანაშაულა, საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება. ჩვენ ვახტანგ გომელაურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლების სანქცირებას შეგვიძლია, მივცეთ გარკვეული შეფასება და შეიძლება, ობიექტურად იქნეს აღქმული ეს ფაქტი, როგორც მოქმედი ადმინისტრაციის ერთგვარი აღიარება. თქვენ იცით, რომ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუბრობს ძალიან ხშირად ე.წ. დიფ სთეითზე, რომელიც მისი განცხადებით, არსებით გავლენას ახდენს მართვაზე აშშ-ში. მაგალითად, დონალდ ტრამპმა მასზე ტერაქტის განხორციელებამდე ერთი თვით ადრე გააკეთა ძალიან სერიოზული განცხადება ე.წ. დიფ სთეითთან დაკავშირებით, მან განაცხადა ასეთი რამ, რომ „დიფ სთეითი“ დაანგრევს ამერიკის შეერთებულ შტატებს ან ამერიკის შეერთებული შტატები დაანგრევს და მოშლის „დიფ სთეითს“. მთელი ამ 4 წლის განმავლობაში „დიფ სთეითი“ ანგრევდა აშშ-ს და სწორედ ამის შედეგია ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებსაც ასე ხშირად ვისმენთ ამერიკული სტრუქტურებიდან. აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამაში ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან, ისიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება არაფორმალური გავლენებისგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი არის უმძიმეს მდგომარეობაში.

„მე არ მინდა ზელენსკიზე საერთოდ რაიმე განცხადება გავაკეთო, ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ის ვერ მოქმედებს დამოუკიდებლად, ვერც მაშინ მოქმედებდა დამოუკიდებლად, როდესაც საქართველოდან ელჩი გაიწვია და ვერც მაშინ, როდესაც ჩვენი ელჩი გამოუშვა უკრაინიდან. ეს არის სამწუხარო რეალობა. ჩვენ გვესმის, უკრაინა არის ომის მდგომარეობაში, უკრაინის პრეზიდენტი არის უმძიმეს მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ შევიდეთ პოლემიკაში მასთან, თუმცა დასანანია ის განცხადებები, რაც მისი მხრიდან კეთდება   “, - განაცხადა პრემიერმა.


პრემიერის თქმით, საქართველო რჩება ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.

 

„ლიბერალური ფაშიზმი ყველგან მოქმედებს ერთი ხელწერით, საქართველოში, ესტონეთში, სლოვაკეთში თუ გერმანიაში, ყველგან, ხელწერა არის იდენტური. აქაც, ადამიანმა განსხვავებული აზრი დააფიქსირა და ვნახეთ სრული შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრის მიმართ, რაც არის ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი გამოხატულება. ძირითადად ორ რამეზე დგას ლიბერალური ფაშიზმი - ეს არის სიცრუე და სიძულვილი. ვნახეთ, რომ ესტონეთშიც მსგავსი ხელწერით მოქმედებენ შესაბამისი ძალები, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ  ვრჩებით ესტონეთთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო“, - განაცხადა პრემიერმა.