საბაბ-მიზეზის ძებნას აზრი არ აქვს, რადგან ისედაც თვალნათელია, რომ საზოგადოება პოლარიზებულია. მართალია, პოლარიზაცია ჯერ იმ დონემდე არ მისულა, რომ წინ, წარსულში, ესე იგი, 90-იან წლებში დავბრუნდეთ და საქართველოს მოქალაქეებმა ერთმანეთს საქმე ისევ იარაღით გავურჩიოთ, მაგრამ როგორც იტყვიან, ვითარება „წკიპზეა“ და თუ ყველა, თითოეული ჩვენგანი გონიერებას არ გამოვიჩენთ, შესაძლოა, ისევ ფატალურ შედეგამდე მივიდეთ. ეს შედეგი კი ნანახი გვაქვს, შედეგი, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში „თბილისის ომის“ სახელითაა შესული... რა გახდა თბილისის ომის საბაბი? - მარტივად რომ ვთქვათ, ალბათ, პროვოკაცია...
იმის ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რომ შეცდომა აღარ გავიმეოროთ, ამ შეცდომის დეტალების ცოდნაა - არ დავუშვათ წინ, 90-იანებში დაბრუნება!
***
1991 წლის 22 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე ხელისუფლებისა და მისი მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირებების დაპირისპირებით, „თბილისის ომი“ დაიწყო, რომელმაც 15 დღე გასტანა და, ოფიციალური მონაცემებით, 113 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
შეიარაღებული კონფლიქტი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, 1991 წლის 22 დეკემბერს, დილის რვის ნახევრზე დაიწყო, თუმცა ხელისუფლება და ოპოზიცია შეიარაღებული დაპირისპირებისკენ თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში მიდიოდნენ.
ვითარება პრემიერ-მინისტრ თენგიზ სიგუას გადადგომისა და პრეზიდენტის მიერ „გეკაჩეპე“-ს პუტჩის დროს, ეროვნული გვარდიის სარდლის თანამდებობის გაუქმების შემდეგ დაიძაბა. კერძოდ, 1991 წლის 2 სექტემბერს, პოლიციამ, იარაღის გამოყენებით, რუსთაველის ძეგლთან, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) საინფორმაციო მიტინგი დაარბია.
თბლისში, პრაქტიკულად, პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ, ყოფილ „იმელის“ შენობასთან, შიმშილობა გამოაცხადა.
10 სექტემბერს, ბარიკადები აღიმართა რუსთაველის პროსპექტზე. პარალელურად, ჟურნალისტები, ე.წ. შემოქმედებითი ინტელიგენცია და სხვები საინფორმაციო მიტინგებს მართავდნენ საქტელერადიო დეპარტამენტის შენობასა და ედპ-ის შტაბ-ბინასთან.
4-5 სექტემბერს, ხელისუფლებამ ძალით გაწმინდა რუსთაველის პროსპექტი და რამდენიმე ადამიანი დაიჭირა კიდეც.
გვარდიის დიდი ნაწილი, დაახლოებით, 15 ათასი ადამიანი, თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით, ჯერ რკონის ხეობაში, შემდეგ კი თბილისის ზღვის მახლობლად დაბანაკდა.
1991 წლის 5 დეკემბერს, რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის ხელმძღვანელთა მიერ, ე.წ. ბელოვეჟის ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად, საბჭოთა კავშირმა, როგორც სახელმწიფომ, არსებობა შეწყვიტა.
ამ მოვლენამ კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია.
19 დეკემბერს გაიმართა ოპოზიციის მიტინგი რესპუბლიკის მოედანზე, ხელისუფლების მომხრეების კი - მთავრობის სასახლესთან... ვრცლად სტატია იხილეთ აქ.