საკმაოდ მძიმე დღეები ჰქონდა ჩვენს ოპოზიციას გასული კვირის განმავლობაში, ჯერ იყო ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში, რამაც მათ მძიმე დარტყმა მიაყენა, რაც შემდეგ გამოჩნდა მათი კომენტარებიდან და ამას დაემატა ეუთო/ოდირის ანგარიში, რომელიც რეალურად ადასტურებს, რომ საქართველოში წარმატებით შედგა საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე ძირითადი ბრალდება ჰქონდა ოპოზიციას და ასევე სალომე ზურაბიშვილს, რომლებიც სრულად გააბათილა ეუთო/ოდირის ანგარიშმა.
„კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ის, რაზეც ისაუბრა გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. რამდენიმე ძირითადი ბრალდება ჰქონდა ოპოზიციას და ასევე სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს ამ არჩევნებთან დაკავშირებით და ხუთივე ეს ძირითადი ბრალდება სრულად გააბათილა ეუთო/ოდირის ანგარიშმა. პირველი ბრალდება ეხებოდა გაჟონვას და ეს არავითარ არსებით თემად არ იქნა დაფიქსირებული ეუთო/ოდირის ანგარიშში. რეალურად უბნების 76 პროცენტში საერთოდ ხმის ფარულობის კუთხით არავითარი პრობლემა არ დაუდგენია ეუთო/ოდირს. დანარჩენ შემთხვევაში დადგინდა მხოლოდ ცალკეული შემთხვევები. პირველი ბრალდება მთლიანად გაბათილდა, რაც ეხებოდა ხმის ფარულობას. რაც შეეხებოდა ემიგრანტების მიერ ხმის მიცემას, ეს საკითხი საერთოდ არ მიიჩნია რელევანტურად ეუთო/ოდირმა. შესაბამისად, ამ ნაწილშიც მათი ყალბი ბრალდებები მთლიანად იქნა გაბათილებული. მესამე - კარუსელი, გახსოვთ ამასთან დაკავშირებით განცხადებები, ბრალდება იმაზე, თითქოს 300 ათასი ხმა იყო გაყალბებული ასეთი მეთოდებით, ასევე გახსოვთ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ზუსტად 17-ჯერ აძლევდა ერთი და იგივე ამომრჩეველი ხმას, ამასთან დაკავშირებითაც ბრალდება თავიდან ბოლომდე იქნა გაბათილებული. საერთოდ არ მიიჩნია ეს საკითხი რელევანტურად ეუთო/ოდირმა. ამაზე საერთოდ არ არის საუბარი ეუთო/ოდირის დასკვნაში. რუსეთის ჩარევა, ესეც კიდევ ერთი ყალბი ბრალდება. არავითარი მინიშნებაც კი არ არის ამასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაში. რაც შეეხება ძალადობას, ძალადობასთან დაკავშირებით საუბარია მხოლოდ იზოლირებულ შემთხვევებზე. შესაბამისად, ყველა ბრალდება იქნა გაბათილებული, რასაც აყენებდა ამ არჩევნებთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიცია.
ეუთო/ოდირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები წარმატებით შედგა, შესაბამისად, კიდევ უფრო დამძიმდა ემოციური ფონი ოპოზიციაში, კიდევ უფრო მეტად დაუმძიმდა ემოციური ფონი სალომე ზურაბიშვილს,
ჩვენ გვეუბნებიან, რომ არ ვიცი რა წრეში, მათ ჰქონდათ სერიოზული მსჯელობა არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით და რეალურად შეკრიბა ოპოზიციური სპექტრი სალომე ზურაბიშვილმა სწორედ იმ განზრახვით, რომ მას გუშინ უნდა დაენიშნა საპარლამენტო არჩევნები. მიზანი იყო ცხადი, აჟიოტაჟის შექმნა. ხედავთ, რომ ხალხი აღარ მონაწილეობს შეკრებებში, გუშინ სრული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული და აქაც კი 3 ათას კაცამდე ძლივს შეკრიბეს. ნახეთ, რომ აზიარებდნენ შარშანდელი აქციის ფოტომასალას. პირველი - ხალხი აღარ დადის აქციებზე, ვერ მოახერხეს მთელი ამ კვირების განმავლობაში პოლიციის გამოწვევა, ვეღარ ახერხებენ ძალადობით პოლიციისთვის ასეთი გამოწვევის შექმნას. შესაბამისად არის მძიმე ემოციური ფონი და არის ერთგვარი ისტერიული მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციაში და ეს აისახება სალომე ზურაბიშვილზეც. შედგა საბოლოო ჯამში ბრიფინგი, თუმცა ეს ინიციატივა ამ ბრიფინგზე არ გაჟღერდა, ვიღაც ჭკვიანმა ურჩია სალომე ზურაბიშვილს, ეს არ გაეკეთებინა.
რეალურად, ცივი წყალი გადაასხა ეუთო/ოდირის დასკვნამ ოპოზიციის ყველა გზავნილს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. სხვა არაფერი აქვთ დარჩენილი, შესაბამისად, იძულებული არიან, ისაუბრონ ტყუილებით საზოგადოების წინაშე. მათ ყოველთვის ახასიათებდათ ასეთი საუბარი, შესაბამისად, ახალი ბუნებრივია არაფერია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.