ჩვენი ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა ამ 4 წლის განმავლობაში იქნება საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის საბოლოოდ დამარცხება და ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა უპასუხა შეკითხვა მომღერლების ბულინგზე, რომლებიც მონაწილეობენ საახალწლო ღონისძიებებში.
„ეს კლასიკური ლიბერალური ფაშიზმია. ეს არის იდეოლოგია, რომლის გავრცელებასაც ცდილობენ, გარკვეულწილად წარმატებით ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ეს ბულინგიც არის ამის გამოხატულება, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ამ ბულინგს არ აქვს წარმატება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 4-დან 3-მა ბარიერგადალახულმა პარტიამ აღიარა არჩევნების შედეგები.
„რეალურად, ყველა ხედავს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობაში ყველა არის დარწმუნებული, უბრალოდ მათ დაიწყეს გარკვეული თამაში პატრონების დავალებით, უნდა ეცადათ ხელისუფლების შეცვლა ძალადობრივი მეთოდებით, თუმცა ესეც ჩავარდა. ახლა წავა განსხვავებული პროცესი. თებერვალში, მე მგონია, რომ შეიძლება ჩვენზე ადრე შევიდნენ პარლამენტში, როდესაც გაიხსნება მომდევნო საპარლამენტო სესია.
მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს ეს პარტიები საკუთარმა პატრონებმა და ამას უკავშირდება ის არათანმიმდევრულობა, რაც არის დღეს აშკარად სახეზე. ერთი პარტია ამბობს ერთს, დანარჩენები ამბობენ სხვას, არის სრული შეუთანხმებლობა მათ შორის. ერთი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ყველა დანარჩენმა აღიარა. ეს ყველაფერი არის იმ არათანმიმდევრული ნაბიჯების შედეგი, რაც მათი მხრიდან გადაიდგა. მათ სცადეს რევოლუციის მოწყობა ძალადობრივი მეთოდებით, ჩაუვარდათ და ახლა არიან აბსოლუტურად დეზორიენტირებული. ეს არის მათი არათანმიმდევრული ნაბიჯების მიზეზი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის განცხადებაზე, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ როცა კონკრეტული პოლიტიკოსი სიმართლეს არ ლაპარაკობს, მისი განცხადებები საზოგადოებისთვის აღარ არის რელევანტური.
„ხშირად ჩვენ ვხედავთ ხოლმე, როდესაც ინტენსიური განცხადებები კეთდება ამა თუ იმ ჩინოვნიკის მხრიდან, მერე იკვეთება კონკრეტული ფინანსური ინტერესის ნიშნები. არ ვიცი, ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე, ყოველ შემთხვევაში მე ამას დიდი ყურადღებას არ მივაქცევდი. მთავარია, საზოგადოებამ ისწავლა ყველაფერი, პირველ რიგში ისწავლა ის, რომ არც ერთ ცალკეულ პოლიტიკოსს არ უნდა გაეკიდოს მის განცხადებებში. გახსოვთ, რომ ხუთი რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა, მაგრამ ამითაც კი ვერ შეძლეს საზოგადოებაზე ზემოქმედება, რადგან საზოგადოებისთვის მთავარია, რა არის სიმართლე. როცა ხედავენ, რომ კონკრეტული პოლიტიკოსი სიმართლეს არ ლაპარაკობს, საზოგადოებისთვის ეს განცხადებები აღარ არის რელევანტური. ყველას ვურჩევდი, თავი შეიკავოს ასეთი ფუჭი კამპანიების წარმოებისგან, ქართულ საზოგადოებაში ეს ვერავითარ განსაკუთრებულ მღელვარებას ვერ გამოიწვევს და ამას ვერ ექნება ქართულ საზოგადოებაზე ზემოქმედების ეფექტი, ერთადერთი, რაც ზემოქმედებს ქართულ საზოგადოებაზე, ეს არის სიმართლე და ამისთვის ჩვენც ბევრი რამ გავაკეთეთ. იმიტომ გაააქტიურეს კონკრეტული რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ ვიღაცამ შექმნას აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე. ჩვენ სხვა რამეს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან. ჩვენი ხელი არის გაწვდილი, ჩვენ ვთავაზობთ ახალ ადმინისტრაციას სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას სუფთა ფურცლიდან, თვისებრივად განახლებას, გაჯანსაღებას იმ ურთიერთობების, რომელიც არ არის დღეს ჯანსაღ მდგომარეობაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან იქნება შემხვედრი პრაგმატული ნაბიჯები, ეს შედის ორივე ქვეყნის, როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ინტერესებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.