რეალობა არის ერთი, 1 120 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მხარი დაუჭირა მმართველ ძალას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამ ლეგიტიმაციის შედეგია, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევა.
„მანამდეც, სალომე ზურაბიშვილი იყო უმცირესობის პრეზიდენტი, უფრო კონკრეტულად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი. დღეს ის გახდა მოქალაქე ზურაბიშვილი. ეს არის ერთადერთი რეალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია.
რაც შეეხება ინაუგურაციაზე მიწვევას, ამერიკელმა კუბილიუსმა მიიწვია ის ინაუგურაციაზე. აქაც არაფერი საინტერესო არ არის. მოქალაქე ზურაბიშვილს შეუძლია დაესწროს ინაუგურაციას, როგორც ამას აკეთებს ასი ათასობით ადამიანი. ამერიკელი კუბილიუსის განცხადებებს არავითარი დატვირთვა არ აქვს.
ომს ვერ დავიწყებთ. მთავარი მიზეზი იმ სირთულეებისა, რაც აქვს ჩვენს სახელმწიფოს, კონკრეტულად, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს, არის ის, რომ ჩვენ 2022 წლის თებერვალში არ შევუერთდით ომს და არ გავხსენით მეორე ფრონტი. ამის შემდეგ დაიწყო მთავარი სირთულეები. კრედიტ სვისს რაც შეეხება, სწორედ მარტის დასაწყისში, ომის დაწყებიდან ორ კვირაში, გაიყინა კრედიტ სვისის თანხები. ყველა პრობლემა, ყველა სირთულე, რაც არის დაკავშირებული ჩვენს ქვეყანასთან და ხელისუფლებასთან, იწყება სწორედ უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან. ომს ვერ დავიწყებთ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. არიან ძალები, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, რომელსაც ამერიკაში უწოდებენ დიფ სთეითის მფარველებს. ეს ადამიანები აქტიურად ითხოვდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. როგორც ამერიკაშია დიფ სთეითი, ასევე საქართველოშიც გვაქვს პატარა დიფ სთეთი, ამ დიფ სთეითს ეწოდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ეს ქვეყანა ქართული ფიფ სთეითისგან უნდა გათავისუფლდეს ზუსტად ისე, როგორც ეს დააანონსა დონალდ ტრამპმა თავისი დიფ სთეითის შემთხვევაში.
ურთიერთობების გადატვირთვა დამოკიდებული იქნება უკრაინაში ომის დასრულებაზე. ჩვენ პირველ რიგში უნდა დაველოდოთ უკრაინაში ომის დასრულებას, რაც მალე დასრულება უკრაინაში ომი, მით უკეთესი პირველ რიგში უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის, მაგრამ ასევე მით უკეთესი ჩვენი რეგიონისთვის, მით უკეთესი საქართველოსთვის, შესაბამისად, ჩვენ ყველამ უნდა ვუგულშემატკივროთ უკრაინაში ომის დასრულებას.
ჩვენ ვამბობდით სამ პირობას ურთიერთობის გადატვირთვისთვის - პირველი იყო ჩვენი არჩევნები, რომელიც დასრულდა, არის შემდგარი ხელისუფლება, მეორე იყო ამერიკის არჩევნები და ესეც თითქმის დასრულების პროცესშია. 20 იანვარს შედგება ინაუგურაცია, აქედან სამ კვირაში იქნება ახალი რეალობა და მესამე პირობა იყო უკრაინაში ომის დასრულება. ჩვენ ვსაუბრობდით ამ სამ პირობაზე კუმულაციურად და სამივე პირობის შესრულების შემდეგ, დარწმუნებული ვართ, ჩვენი ქვეყნისთვის ვითარება შემსუბუქდება, მათ შორის დღის წესრიგიდან მოიხსნება მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნაზე. როცა აღარ იქნება პირველი ფრონტი, აღარ იქნება მეორე ფრონტის მოთხოვნა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.