1 თებერვლამდე პატარაიამ აღიაროს ცილისწამება, სხვა შემთხვევაში ვუჩივლებ - ჩერგოლეიშვილი

ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საფარის აღმასრულებელ დირექტორს, ბაია პატარაიას ცილისწამებისთვის უჩივლებს. მისი თქმით, პატარაიას პირველ თებერვლამდე აძლევს ვადას, ცილისწამება საჯაროდ აღიაროს. ჩერგოლეიშვილი წერს, რომ აღიარების ფორმას, ადგილს და დროს მისი იურისტები განსაზღვრავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფედერალისტების ლიდერი ცილისწამების საქმეზე სასამართლოს მიმართავს.

"NGO - ელიტის ერთერთმა წარმომადგენელმა, ქალბატონმა ბაია პატარაიამ წამოიწყო ცილისმწამებლური კამპანია ჩემი მისამართით. მან თავადვე აღიარა, რომ მისი განზრახვა იყო ჩემი დისკრედიტაცია - თავს ირეცხავს და ვერ უნდა გაირეცხოსო - ამტკიცებს.

შესაბამისად, მის ცილისწამებას შეცდომად ვერ განვიხილავ.

ვინც თვალს მადევნებს, ყველამ იცის, რომ სასტიკად არ მომწონს ქართული პოლიტიკის ხარისხი.

ღრმად მწამს, რომ ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს. უფრო მეტიც, ბოლოდროინდელი პროცესები აჩვენებს - ქართველი ხალხი თვისებრივად უკეთესი ხარისხის პოლიტიკას ითხოვს.

ვიწყებ ბრძოლას იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა მიზანს მიაღწიოს და პოლიტიკის ხარისხი გაუმჯობესდეს.

ცილისწამება, რომელიც ნორმადაა ქცეული პოლიტიკურ სპექტრში, ამ უხარისხობის მთავარი მდგენელია.

იმისთვის, რომ პოლიტიკური დისკუსია პოლიტიკურ შინაარსზე ფოკუსირდეს და სრულიად სამარცხვინო, უსაფუძვლო და ცილისმწამებლური ბრალდებები მარგინალიზდეს, ცილისმწამებლებს თავიანთი მოქმედება ფასი უნდა დაუჯდეთ - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ქართული დემოკრატიისთვის და ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლის სახელს ეფარებიან და იყენებენ.

ცხადია, რომ ქართული სასამართლო არანაირ ნდობას არ იმსახურებს - ცილისწამება ივანიშვილის რეჟიმის ხელწერაა და პრეცედენტების შექმნა რეჟიმის სასამართლოს არ აწყობს.

მაგრამ სამართლიანი სასამართლოს უფლება თუ დაირღვა - ქვეყნის გარეთ ვიპოვი სამართალს.

ამას გარდა, მე სულ არ ვფიქრობ, რომ ეს რეჟიმი წლების განმავლობაში შენარჩუნდება და იმისთვის, რომ ხანდაზმულობის ვადა არ დაირღვეს, ახლავე შემაქვს სარჩელი, რომ პროცესი დაიწყოს.

საწყის ეტაპზე, ბაია პატარაიასგან მოვითხოვ საჯარო ბოდიშს და ცილისწამების აღიარებას შემდეგ ბრალდებებზე:

“მიშას კრიტიკის გამო ტაბულადან ბლოგერებს ყრიდნენ” - ეს ტყუილია, არცერთ თანამშრომელს სამსახური სააკაშვილის კრიტიკის გამო არ დაუტოვებია.
“იძულების წესით სილქნეტს შეტენილი ჰქონდა მისი ჟურნალების დარიგება/გაყიდვა” - - ეს არის ცილისწამება, არანაირი იძულება არ მომხდარა.
“მომხმარებელი, რომელსაც არ უნდოდა ტაბულა და უნდოდა სილკტივი, ვერ აცალკევებდა ამ ორს” - ეს არის ცილისწამება, ყველას შეეძლო უარის თქმა ჟურნალზე და არ მიიღებდა.
“სამინისტროები ვალდებულები იყვნენ, ეყიდათ ტაბულას დიდი რაოდენობით ჟურნალი, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლებს არ ჰქონდათ ინტერესი” - ეს არის ცილისწამება, არცერთ სამინისტროს ამის ვალდებულება არ ჰქონია.
“კეზერას, ანუ თავდაცვის სამინისტროს ვერტალოტებით დააფრენდა საკუთარ დაქალებს და სტუმრებს” - ეს არის ცილისწამება, არცერთი ჩემი სტუმარი, ან მეგობარი ჩემთან ერთად, ჩემს ნათხოვარ თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენში არ მჯდარა.
“ასევე ბევრი ირწმუნებს, რომ ბიძინასგან აღებული ფულის გამო დაშალა ბოკერიამ ნაციონალური მოძრაობა პირველად. ოღონდ, იდეურ განხეთქილებად გაასაღა ეს თავისსავე პარტიაში” - ეს არის ცილისწამება და გავრცელებულია ზიანის მოყენების მოტივით.
ამას გარდა, მისგან მოვითხოვ აღიარებას, რომ ეს ცილისწამებლური განცხადებები ჩემთვის ზიანის მოყენების მიზნით გაავრცელა. ამ მოთხოვნებს მოქალაქე პატარაია ოფიციალურად მიიღებს ჩემი იურისტებისგან.

მოქალაქე ბაია პატარაიას ვაძლევ დროს 1 თებევრლამდე, რომ მოვგვარდეთ და ეს ყველაფერი სასამართლოს გარეშე აღიაროს საჯაროდ - (აღიარების ფორმას, ადგილს და დროს ჩემი იურისტები განუსაზღვრავენ).

თუ ქალბატონმა პატარაიამ გადაწყვიტა რომ უარი თქვას აღიარებაზე და გააგრძელოს მთელი სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია ცილისწამებლის რეპუტაციით, საქმე წავა სასამართლოში და დაიწყება პროცესი, რომელიც ძალიან დიდ როლს ითამაშებს ქართული პოლიტიკური დისკუსიის გაჯანსაღებაში" - ამბობს ჩერგოლეიშვილი.

ბაია პატარაიამ ფედერალისტების ლიდერზე FB-პოსტი 10 იანვარს დაწერა. მისი მტკიცებით, "ჩერგოლეიშვილი იყო სააკაშვილის კორუფციული ელიტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სახე. ვერასდროს გაირეცხება და ოდანავადაც არ ჯობია არცერთ ოპოზიციურ პარტიას წესიერებით".

"ახალგაზრდებს შეიძლება, არც ახსოვთ, რა შეზრდილი იყო მაშინდელი “ტაბულა” ნაცებთან. მიშას კრიტიკის გამო ბლოგერებს ყრიდნენ. იძულების წესით სილქნეტს შეტენილი ჰქონდა მისი ჟურნალის დარიგება-გაყიდვა; მომხმარებელი, რომლესაც არ უნდოდა ტაბულა და უნდოდა სილქტვ, ვერ აცალკევებდა ამ ორს; რაც მაშინვე გაუქმდა, როცა მიშამ არჩევნები წააგო. ასევე, სამინისტროები ვალდებული იყვნენ ეყიდათ ძალიან დიდი რაოდენობის ტაბულას ჟურნალი, მიუხედავად იმისა, რომ მათ თანამშრომლებს არ ჰქონდათ ინტერესი. აი, ასე ასაღებდა და უკანალში ტენიდა ყველას ამ თავის ჟურნალს უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლი!

კიდევ უარესი, კეზერას ანუ თავდაცვის სამინისტროს ვერტალიოტებით დააფრენდა საკუთარ დაქალებს და სტუმრებს და იმდენად უგონოა, თავის პირით ტრაბახობდა და ყვებოდა ამას ჩემთანაც და ძალიან ბევრთანაც მერე, როცა ჯერ ნაჩხუბარი არ იყო კეზერასთან.

ასევე ბევრი ირწმუნებს, რომ ბიძინასგან აღებული ფულის გამო დაშალა ბოკერიამ ნაციონალური მოძრაობა პირველად. ოღონდ, იდეურ განხეთქილებად გაასაღა ეს თავისსავე პარტიაში, საიდანაც ერთი ადამიანიც კი აღარ დარჩა წამლად. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იქცევა ეს ოჯახი დღემდე და როგორ ეხმარებიან ირიბად ბიძინას, მე ეგ ამბავიც სარწმუნო მგონია. ეს თუ ასე არ არის, მაშინ მისივე საყვარელ ტერმინს გამოვიყენებ და უბრალოდ “სასარგებლო იდიოტია”.

მეორეჯერ კი იმიტომ დაეშალათ პარტია, რომ საშინელი ავტორიტარები არიან ორივე და არავისთან შეუძლიათ ძალაუფლების გაყოფა. ჩერგო საერთოდ სრული აუტანლობა აქვს ალტერნატიული აზრის. მოკლედ, ჩერგო ვერავის ჩარეცხავს საკუთარი თავის გარდა!

პ.ს. ვიცი, რომ ასეთი პოსტებიც კი უხარია, იმდენად უნდა გააქტუალურება, მაგრამ ერთხელ უნდა შემეხსენებინა ყველასთვის, რომ არ დაგვვიწყებია მისი კორუფციული წარსული" - წერდა პატარაია.