ახალი წლების შემდეგ რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ძალადობის, დაშინების, დაკავებების სერიას ერთადერთი მიზანი აქვს - "გააჩეროს პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება".
მისი თქმით, რუსული რეჟიმი ახალ ეტაპზე გადავიდა და ყველა იმ მეთოდს იყენებს, რაც პუტინის რეჟიმს ახასიათებს.
ზურაბიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებასაც იხსენებს და არ გამორიცხავს, რომ "ოცნებას" ე.წ. დეპუტატებისთვის რიგით მოქალაქეებზე თავდასხმის ნებართვა აქვს გაცემული.
რაც შეეხება ექსპრემიერ გიორგი გახარიას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას, პრეზიდენტმა ფაქტს, "სრულიად წარმოუდგენელი" უწოდა.
მისი თქმით, დაშინებისა და ძალადობის კამპანიის შესახებ საერთაშორისო საზოგადოება ინფორმირებული იქნება.
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკას მოქალაქეებმა სწორედ გაფიცვით უნდა უპასუხოს.
"ისე დაემთხვა, რომ დღეს არის საზოგადოების დიდი ნაწილის გაფიცვა, სწორედ ეს გაფიცვა უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რომ საზოგადოება არ დაშინდება, რომ საზოგადოება შემართულია, იცის რა უნდა და რა არ უნდა. საქართველო არ დათანხმდება იმას, რომ საქართველო ბოლომდე რუსულ რეჟიმად გადაიქცეს. ამის წინააღმდეგ საქართველო მშვიდობიანად იბრძვის"
სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა:
"მინდა ვუთხრა ბატონ ივანიშვილს - ის მცდელობა, რომელიც აშკარად არის კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირების პროვოცირებაა, ან მცდელობას, რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, ეს არის წარმოუდგენელი. საქართველოში არ არსებობს ორი მხარე, არსებობს საზოგადოება და არსებობენ ისინი, ვინც ძალადობის მატარებლები არიან. იქნებიან ისინი დეპუტატები თუ კერძო პირები, ვინც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, სოციალურ ქსელში ის ძალადობის გზავნილები გააჟღერონ, ისინი ძალადობრივი რეჟიმის მონაწილეები არიან. რეჟიმი არის ერთ მხარეს, საზოგადოება მეორე მხარეს"- დასძინა ზურაბიშვილმა.