ყველა ინსტანციამ დაადასტურა, რომ არავითარი არც გაყალბება, არც რაიმე მნიშვნელოვანი მანიპულაცია ამ არჩევნებზე არ ყოფილა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, ეს დაადასტურა პირველ რიგში ეუთო/ოდირმა, რომელმაც უარყო ხუთივე ძირითადი ბრალდება, რითაც გამოდიოდა რადიკალური ოპოზიცია.
„ყველა ინსტანციამ დაადასტურა, რომ არავითარი არც გაყალბება, არც რაიმე მნიშვნელოვანი მანიპულაცია ამ არჩევნებზე არ ყოფილა. ეს პირველ რიგში დაადგინა ეუთო/ოდირმა, რომელმაც უარყო ხუთივე ძირითადი ბრალდება, რითაც გამოდიოდა რადიკალური ოპოზიცია, ეს დაადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ და ეს პრაქტიკულად უკვე დაადგინა საქართველოს პროკურატურამ. ასევე, ეს ფაქტი დასტურდება იმით, რომ ყველა თავს არიდებს გამოძიებას, მისვლას გამოკითხვაზე, მიზეზი არის მარტივი, არავის აქვს არავითარი მტკიცებულება, არათუ გაყალბებასთან, არამედ რაიმე არსებით მანიპულაციასთან დაკავშირებითაც კი. შესაბამისად, ყველაფერი დღესავით ნათელია.
როგორც ჩვენ 4 წლის წინ დავუმტკიცეთ რადიკალურ ოპოზიციას, რომ არა არჩევნები იყო გაყალბებული, არამედ გაყალბებული იყო მათი პარალელური დათვლის შედეგები, ასევე წელსაც დამტკიცდა, რომ გაყალბდა არა არჩევნები, არამედ გაყალბდა მათი ეგზიტპოლები. შესაბამისად, ყველაფერი დანარჩენი არის აქაც უსუსური მცდელობა, რომ რაღაცნაირად შემოიტანონ არეულობა პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა 4 წლის წინანდელი მოვლენებისგან განსხვავებითაც კი, წელს ამის არანაირი რესურსი აღარ აქვთ,“ - განაცხადა პრემიერმა.
2024 წლის 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გამოვიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი ნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, თუ როგორ აფასებს პრემიერ-მინისტრი დღეს დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის რადიკალური ოპოზიციის მორიგი უსუსური პერფორმანსი, რასაც არავითარი ფასი არ აქვს.
„რეალურად, ყველამ იცის, რომ მოვლენები ვითარდება ისე, როგორც ეს შედის ქართველი ხალხის ინტერესებში. 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გამოვიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი ნება. ყველაფერი დანარჩენი არის რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტურად უსუსური მცდელობები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვერავითარ ხელახალ არჩევნებზე ვერ იქნება საუბარი იმ პირობებში, როდესაც ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი ნება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, არჩევნებზე მმართველი გუნდის შედეგსა და მეორე ადგილზე გასული პარტიის შედეგს შორის თითქმის ხუთმაგი სხვაობაა, შესაბამისად, ხელახალ არჩევნებზე საუბარი ვერ იქნება.
„რა ხელახალ არჩევნებზეა საუბარი, როდესაც არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად გამართულად და ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი ნება. ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგეთ ეს არჩევნები, სხვაობა ჩვენს შედეგსა და მეორე ადგილზე გასული პარტიის შედეგს შორის არის დაახლოებით ხუთმაგი, ასეთ პირობებში საერთოდ რაზეა საუბარი. შესაბამისად, არ მიკვირს ევროკავშირის ასეთი პოზიცია. ბუნებრივია, ვერავითარ ხელახალ არჩევნებზე ვერ იქნება საუბარი იმ პირობებში, როდესაც ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი ნება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.