სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში ჩავიდა - ვინ დაესწრება ტრამპის ინაუგურაციას

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში ჩავიდა - ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება, რომელიც 20 იანვარს არის დაგეგმილი.

სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად "რესბუბლიკელმა" კონგრესმენმა, ჯო უილსონმა მიიწვია. 

ასევე ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან  „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები.

შტატებში მყოფი კოალიციის ლიდერები ღონისძიებაზე კონგრესმენებმა მიიპატიჟეს. 

მამუკა ხაზარაძის თქმით, ინაუგურაციას კოალიციის 4 წევრი დაესწრება.

„მიწვეული ვართ, მადლობა მინდა ვუთხრა იმ კონგრესმენებს, რომლებმაც მოსაწვევები მოგვცეს. 20 -ში მოგაწვდით კადრებს ადგილიდან. მე, ბადრი ჯაფარიძე, გრიგოლ გეგელია და მელორ წუფურია დავესწრებით ინაუგურაციას“, - განაცხადა ხაზარაძემ. 

ზუსტად სამ დღეში დონალდ ტრამპი უკვე მეორედ კაპიტოლიუმის წინ პრეზიდენტის ფიცს დადებს.