საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება, ვინც არ ითანამშრომლებს საპარლამენტო გამოძიებასთან, ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომების გატარება, რაც გათვალისწინებულია ჩვენი კანონმდებლობით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება, ვინაიდან, საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულებს და ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი აღიარებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
„საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის ყველა შესაბამისი პირის ვალდებულება. თუ ეს ვალდებულება არ შესრულდება, ამისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის სანქციები, მე მინდა, ეს ყველას შევახსენო. რაც შეეხება საპარლამენტო გამოძიების მნიშვნელობას, თავისთავად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულებს, მათ შორის, ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი აქვს აღიარებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ეს არის ადამიანების მკვლელობა, ადამიანების წამებსა, ბიზნესის რეკეტი, არჩევნების გაყალბება, 2008 წლის ომი. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, საჭიროა სიღრმისეული გამოძიება, ვინც არ ითანამშრომლებს საპარლამენტო გამოძიებასთან, ყველას მიმართ იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომების გატარება, რაც გათვალისწინებულია ჩვენი კანონმდებლობით,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, პროტოკოლის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე არ არის მიღებული უცხოელი პოლიტიკური ლიდერების მონაწილეობა და შესაბამისად, საქართველოს მთავრობას შესაბამისი გადაწყვეტილება აქვს მიღებული.
„პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას ესწრება 220 000 ადამიანი. ეს არის ოფიციალური მონაცემები, რაც არის გამოქვეყნებული. ინაუგურაციას არ ესწრებიან პოლიტიკური ლიდერები, მას ესწრებიან ამომრჩევლები, კონკრეტული ადამიანები, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნებიდან, მაგრამ პოლიტიკური ლიდერები ასეთ ღონისძიებაში არ მონაწილეობენ, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია არის მიჩნეული არსებითად ეროვნული დღესასწაული და ეროვნული ღონისძიება, თუმცა ასეთ ღონისძიებებში შეიძლება ისეთი ადამიანების მიწვევა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რაიმე ოფიციალურ სტატუსთან. თქვენ იცით, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები მიდიან აშშ-ში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და მიიღონ მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, ეს არის მათი არჩევანი. გამომდინარე იქიდან, რომ თავისი პროტოკოლი აქვს პრეზიდენტის ინაუგურაციას და აქ არ არის მიღებული უცხოელი პოლიტიკური ლიდერების მონაწილეობა, ჩვენ გვაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა რა თქმა უნდა, ამასთან ერთად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან ჩამოყალიბდეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ამისათვის ჩვენი მხრიდან არის სრული ღიაობა, მთავარია, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები“, - განაცხადა პრემიერმა.