გვაქვს 4-წლიანი გეგმა, პროგრამა, რომლის შესრულებაც იწყება წლევანდელ წელს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ პროგრამის თითოეული პუნქტი პირნათლად შესრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მიმდინარე წელი იქნება წარმატებული როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის.
„წელს იმართება საქართველოს მთავრობის პირველი სხდომა, მინდა ყველას გისურვოთ წარმატებები 2025 წელს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი იქნება წარმატებული როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ამისათვის ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. ჩვენ გვაქვს 4-წლიანი გეგმა, პროგრამა, რომლის შესრულებაც იწყება წლევანდელ წელს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ამ პროგრამის თითოეული პუნქტი პირნათლად შესრულდეს. განსაკუთრებულად მინდა მივესალმო ბატონ შალვა გოგოლაძეს, რომელიც მინისტრის რანგში პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას და მინდა მას წარმატებები ვუსურვო მინისტრის პოზიციაზე. სპორტის წარმატება არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და დარწმუნებული“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანაში უნდა დასრულდეს რადიკალიზმი და ლიბერალური ფაშიზმი.
„შიდა პოლიტიკური კუთხით 2025 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გადამწყვეტი დარტყმა უნდა მივაყენოთ რადიკალებს ჩვენს ქვეყანაში. რადიკალიზმი ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს და უნდა დასრულდეს ლიბერალური ფაშიზმი. ეს არის უპირობოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს შეუფერხებელი განვითარება და მიაღწიოს ყველა იმ ეროვნულ მიზანს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს დასახული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა მადლობა ასევე გადაუხადა იუსტიციის მინისტრ ანრი ოხანაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და სამთავრობო უწყებებს.
„მადლობა მინდა, ასევე გადავუხადო ჩვენი უწყებების ხელმძღვანელებს შესაბამის მინისტრებს, რომლებიც თანამშრომლობდნენ საქართველოს პრეზიდენტთან, ანრი ოხანაშვილს და ვახტანგ გომელაურს, ჩვენს სამთავრობო უწყებებს. ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თანამშრომლობა საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის. მომავალშიც მზად ვართ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობისთვის. რომ ყოფილიყო ასეთი თანამშრომლობის შესაძლებლობა გასული წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ადრე იქნებოდა შესაძლებელი ასეთი ჰუმანური გადაწყვეტილების მიღება ბევრ პატიმართან მიმართებით, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დღეს გვაქვს თანამშრომლობის შესაძლებლობა, რამაც მოგვცა ასეთი ნაბიჯების გადადგმის საშუალება და მისცა საქართველოს პრეზიდენტს იმის შესაძლებლობა, რომ გამოეცა ასეთი ჰუმანური აქტი, რითაც ისარგებლებს 613 პატიმარი. მინდა, მათ, ყველას ვუსურვო სრულფასოვანი დაბრუნება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სრულფასოვანი რესოციალიზაცია, ამისათვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს სურს აშშ-სთან ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან.
„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, აშშ-ში იმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ეს არის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი აშშ-სთვის. გასული 4 წელი იყო საკმაოდ რთული მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოსთვის, იყო არაერთი კრიზისი, კვლავაც მიმდინარეობს ომი უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი. ფსევდოლიბერალური პროპაგანდა კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა ამ 4 წლის განმავლობაში. ლიბერალური ფაშიზმი არის არა მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა, არამედ სხვადასხვა ქვეყნის პრობლემაა, ამანაც ახალი განვითარება შეიძინა ამ 4 წლის მანძილზე და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში, ამ 4 წლის განმავლობაში, იყო რევოლუციის 4 მცდელობა. სამწუხაროდ, მსოფლიოში არ იყო სიმშვიდე და ანალოგიურად იყო რთული პროცესები ჩვენს ქვეყანაშიც. გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ შემდეგი 4 წელი იქნება თვისებრივად განსხვავებული, იქნება ბევრად უფრო მშვიდი მსოფლიოსთვის და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზეც. ძალიან ამბიციური გეგმა აქვს პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული, ეს არის „დიფ სთეითის“ დამარცხების გეგმა და ჩვენ გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში. ამ ბრძოლაში წარმატებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ „დიფ სთეითთან“ ბრძოლა პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება და ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში, რეგიონში და ხელს შეუწყობს სწორი და ჯანსაღი ფასეულობების გავრცელებას, ნაცვლად იმ ფასეულობებისა, რომელიც აქტიურად ვრცელდებოდა მსოფლიოს მასშტაბით გასული 4 წლის მანძილზე.
„ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავაფიქსიროთ მზაობა, რომ გვსურს ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვა, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სთან, იმედი გვაქვს, რომ გვექნება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები. ამ კუთხითაც 2025 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია მიდის ყველას წინააღმდეგ, ისინი მუშაობენ, რომ დაზარალდეს თითოეული მოქალაქე.
„ჩვენ გვყავს რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მიდის ყველას წინააღმდეგ. ისინი ემუქრებიან არა მხოლოდ ჩვენს მხარდამჭერებს, არამედ საკუთარ მხარდამჭერებსაც, მათ შორის ეკონომიკური კრიზისით, სანქციებით და ა.შ. არა მარტო ემუქრებიან, ამაზე მუშაობენ, რომ დაზარალდეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე, რა თქმა უნდა, არაფერი გამოსდით მთელი ამ წლების განმავლობაში და არც მომავალში არაფერი გამოუვათ. ოპოზიციისგან განსხვავებით, რომელიც არის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ, საკუთარი მხარდამჭერების წინააღმდეგაც კი, ჩვენ ვართ ყველას მთავრობა და უნდა ვიმუშაოთ, როგორც ყველას მთავრობა და იმ სარგებლით, იმ სიკეთეებით, რომელსაც ჩვენ მივიღებთ ჩვენი პოლიტიკის შედეგად, უნდა ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. ამ სულისკვეთებით უნდა განვაგრძოთ მუშაობა, როგორც 2025 წელს, ასევე შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.