"ეს გამოხატავს უპატივცემულობას ქართველი ხალხის ნების მიმართ" - პრემიერი ესტონეთის პარლამენტის განცხადებაზე

ერთი ხელიდან არის კოორდინირებული ასეთი ტიპის პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში, ასეთი პირდაპირი კოორდინაცია არათუ ვერ გამოირიცხება, არამედ არის სრულიად ლოგიკური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, ის ხშირად ციტირებდა რობერტ ფიცოს კონკრეტულ ვიდეომიმართვას, სადაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი აღწერს ისეთ პროცესებს, რაც არის იდენტური იმისა, რაც ხდება დღეს საქართველოში.

 

„ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური, მე დეტალები არ ვიცი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური. აბსოლუტურად ერთი ხელიდან არის კოორდინირებული ასეთი ტიპის პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში. მე ხშირად ვციტირებდი ხოლმე სლოვაკეთის პრემიერის, რობერტ ფიცოს კონკრეტულ ვიდეომიმართვას, სადაც ის აღწერს სლოვაკეთში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის ლიბერალური ფაშიზმის განვრცობას სლოვაკეთის ტერიტორიაზე. რასაც ის აღწერს თავის ათწუთიან მიმართვაში, არის აბსოლუტურად იდენტური იმისა, რაც ხდება დღეს საქართველოში. შესაბამისად, ასეთი პირდაპირი კოორდინაცია არათუ ვერ გამოირიცხება, არამედ არის სრულიად ლოგიკური, შესაბამისად, მე ეჭვს ვერ შევიტანდი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ესტონეთის პარლამენტის განცხადება მიუღებელი და ანტიქართულია და ქართველი ხალხის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს.


„იმ პირობებში, როდესაც Deep State-ზე არის წნეხი ამერიკის შეერთებულ შტატებში, Deep State-ი არის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებული ევროპაში. თქვენ იცით, რომ განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში არის Deep State-ის გავლენა ძალიან სერიოზული, ეს აისახება, რა თქმა უნდა, ესტონეთზეც. ჩვენ ესტონეთთან ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ. რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები არის მიუღებელი, ეს არის ცალსახად ანტიქართული განცხადება, რაც გამოხატავს უპატივცემულობას ქართველი ხალხის ნების მიმართ, თუმცა ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ესტონეთთან, გამომდინარე ისტორიული მეგობრობიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული ქართველ და ესტონელ ხალხებს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.