“ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა აბუ-დაბის ინციდენტზე პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ აბუ-დაბის სასამართლომ ის და ვიქტორ სანიკიძე დააჯარიმა.
როგორც მან “იმედის“ ეთერში განაცხადა, ჯარიმა მათმა მეგობრებმა გადაიხადეს, თუმცა ისინი აუცილებლად გადაიხდიან.
“იყო სასამართლო, ჯარიმა და ჯარიმის საფუძველზე შემდეგ მოგვეცა შესაძლებლობა, დაგვეტოვებინა აბუ-დაბი. [..] მესამე დღეა რაც ჩვენ ჩამოვედით, [..] ჯარიმა გამოიწერა, დირჰამებში, იქ ჩვენ გვყავდა მეგობრები, ვინც გადაიხადა ეს ჯარიმა და ახლა ამ 3 და 4 ათას დოლარს, ბუნებრივია, ჩვენ გადავიხდით", - თქვა ზარქუამ.
ზარქუა იმ ადამიანთან, რომელმაც ლაშა გაბიტაშვილის მისამართით თეფში ისროლა, ნაცნობობას უარყოფს და ამბობს, რომ საერთოდ არ იცნობდა
„ის ვიღაც ახალგაზრდა იყო იქ, ბევრი ქართველი ისვენებდა იქ და ჩასული იყო. ეტყობა, იმდენად ამოუვიდათ ხალხს ეს პროვოკაციები, რომ თვითონაც თეფში ისროლა. არც ვიცნობთ ამ ადამიანს, როგორ მოხვდა იქ, რანაირად", – ირწმუნება ზარქუა.
ასევე, ზარქუას მტკიცებით, "ის, რაც აბუ-დაბიში მოხდა საამაყო არ არის", მაგრამ "თმენის ვალდებულების მიუხედავად, ყოველთვის ასეთი რეაგირება ექნება".
“ხმაურიანი მოგზაურობა გამოგვივიდა აბუ -დაბიში... ის, რაც მოხდა, ეს არ არის საამაყო, უბრალოდ, შეურაცხყოფაზე, ოჯახის, შვილების, ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება იმიტომ, რომ კაცები ვართ და ქართველები ვართ...“- თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ-დაბიში მყოფი ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,ზარქუასა და სანიკიძეს, ჯარიმის გარდა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შესვლა სამუდამოდ აეკრძალათ