"ინტერესი იყო ერთადერთი - ქვეყნის ომში ჩართვა" - ირაკლი კობახიძე

სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ქვეყნის წინააღმდეგ. ინტერესი იყო ერთადერთი - ქვეყნის ომში ჩართვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზესტაფონში განუცხადა.

 

პრემიერის თქმით,  ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი.

 

„ჩვენთვის ნაკლებად არის ეს საკითხი საინტერესო. სანქციები გამოიყენებოდა როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, ქვეყნის წინააღმდეგ. ინტერესი იყო ერთადერთი - ქვეყნის ომში ჩართვა, თუმცა არც ერთ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის განადგურებას. შესაბამისად, ამ შანტაჟს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ექნება ეფექტი“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციონერობა არის ხოლმე თავშესაფარი საქართველოში ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ გარკვეული პრობლემები.

 

„ამის არაერთი მაგალითი ვიხილეთ ჩვენ, ზოგადად კრიმინალების თავშესაფრად არის გადაქცეული რადიკალური ოპოზიცია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენ ხედავთ, რომ სასამართლოს მიერ აღიარებული კრიმინალებით არის სავსე რადიკალური ოპოზიცია. სტრასბურგის მიერ დადასტურებული კრიმინალებით არის სავსე რადიკალური ოპოზიცია, ეს არის ერთგვარი ტენდენცია. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, მიაღწიოს წარმატებას ქართულ პოლიტიკაში, საზოგადოება ხედავს ყველაფერს“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით,  თავისუფლად შეიძლებოდა 2008 წლის  და ასევე უკრაინის ომის თავიდან აცილება, თუმცა, კონკრეტულმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ უკრაინაში  ომი მომხდარიყო.

 

„იმაზე, რომ უკრაინაში ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ცვენ ვსაუბრობთ უკვე ძალიან დიდი ხანია. თუმცა, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა და ამან მოუტანა დამანგრეველი შედეგები ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ომის თავიდან აცილება შეიძლება. შეიძლებოდა თავისუფლად 2008 წლის ომის თავიდან აცილება, შეიძლებოდა უკრაინაში ომის თავიდან აცილება, თუმცა, კონკრეტულმა ძალებმა ე.წ დიფ სთეითმა, გლობალური ომის პარტიამ, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ უკრაინაში მომხდარიყო ომი. ეს იყო დამანგრეველი ომი, რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა უკრაინაში, თუმცა, არაერთმა სუბიექტმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ განხორციელებულიყო რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ასეთი ინიციატივებით ოპოზიცია ვერ შეარყევს ქვეყნის პოზიციებს, თუმცა, ეს მეტყველებს მათ ბუნებასა და მათი პატრონების ინტერესებზე.

 

„ყველა მიმართულებით ოპოზიცია და მათი პატრონები ცდილობენ, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს არის მორიგი ანტი-ქართული ინიციატივა, ნაბიჯი, რადიკალური ოპოზიციის, მათი ბატონების მხრიდან. ასეთი ინიციატივებით ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეარყევენ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს, თუმცა, თავისთავად, ეს მეტყველებს ოპოზიციის ბუნებასა და მათი პატრონების ინტერესებზე. მათი ინტერესები სამწუხაროდ  ძირეულად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, იქ მუშაობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის საინტერესო, მაგრამ იმისდა მიხედვით ვიმოქმედებთ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.

მე მინდა, შეგახსენოთ, წლების განმავლობაში, მათ შორის, როდესაც მე ვიყავი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, ჩვენ ვაყენებდით ხოლმე რუსული დელეგაციის უფლებამოსილების არცნობის საკითხს სხვა ქვეყნებთან ერთად და მაშინ საპარლამენტო ასამბლეა არ იზიარებდა ხოლმე ჩვენს პოზიციას. დღეს აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელია, როდესაც პრორუსულობის საბაბით რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები ცდილობენ, ქართულ დელეგაციას შეუჩერონ მანდატი. ასეთი ინიციატივები არის აბსოლუტურად ანტი-ქართული, თუმცა ამითაც ვერავითარ ზიანს ისინი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვერ მიაყენებენ,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სწორედ ხალხის მხარდაჭერის არქონა არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ვერ ჩნდებიან მათივე ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე. 

„გახსოვთ წინასაარჩევნოდ მთავარი ღონისძიება როცა ჩატარდა თავისუფლების მოედანზე, იქაც კი ვერ გამოჩნდნენ ოპოზიციის ლიდერები. ახლა არის მათ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები, თუმცა იქაც კი ვერ ჩნდებიან. იმდენად დისკრედიტებულია ოპოზიცია, რომ მათ არც ერთ გეგმას არ უწერია განხორციელება, ეს არის პირველ რიგში, იმის შედეგი, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა. თან ამტკიცებენ, თითქოს მათ მოიგეს არჩევნები, თან ხალხთან გამოჩენისაც კი რცხვენიათ. ასეთ დროს ვხედავთ, რამხელა აბსურდშია შესული რადიკალური ოპოზიცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.