„კანვასის“ რევოლუცია საქართველოში არ შედგება - ირაკლი კობახიძე

არჩევნები ჩატარდება საქართველოში 2028 წლის ოქტომბერში. ყველას ვურჩევ, მოემზადოს 2028 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ზესტაფონში განუცხადა.

 

პრემიერის თქმით, მანამდე მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები და რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია აქაც სცადოს ბედი.

„თქვენ იცით, რაც არის ოპოზიციის მოთხოვნები, პირველ რიგში, ეს არის რიგგარეშე არჩევნები. მე ყველას მინდა შევახსენო, რომ არჩევნები ჩატარდება საქართველოში 2028 წლის ოქტომბერში. ყველას ვურჩევ, მოემზადოს 2028 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის. მანამდე, ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები, შეუძლიათ, იქაც სცადონ ბედი. ეს არის ჩემი რჩევა რადიკალური ოპოზიციის მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, „კანვასის“ რევოლუცია საქართველოში არ შედგება, საქართველოს მთავრობა კი ყველას ხელს შეუწყობს პროფესიული საქმიანობის წარმოებაში, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა.

 

„საქართველოში, ამ სამი წლის განმავლობაში, ვიხილეთ რევოლუციის 4 მცდელობა, ეს არის უკვე მე-4 მცდელობა. ხან პარტიებით სცადეს რევოლუციის მცდელობა, ხან „ენჯეოებით“, ხან ჟურნალისტებით, ანუ სხვადასხვა ჟურნალისტები, პირობითად, რა თქმა უნდა, საუბარია ე.წ. მედიამენეჯერებზე და ოპოზიციური მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე, ყველა საშუალებით სცადეს რევოლუციის მცდელობა, თუმცა ყველა საშუალება ჩავარდა. ახლა რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ერთგვარი „კანვასის“ რევოლუციის მცდელობა. იცით, რომ ე.წ. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა რევოლუციაში ტრენინგები და ამის შედეგებს ვხედავთ ჩვენ დღეს სახეზე. ფსევდოელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის, როგორც ჩავარდა ყველა წინა მცდელობა, ოთხივე მცდელობა. ნებისმიერი ასეთი აქტი არის განწირული სამომავლოდაც. „კანვასის“ რევოლუცია საქართველოში არ შედგება. ყველას მინდა მოვუწოდო, მიხედონ საკუთარ პროფესიას. ეს არის ჩემი რჩევა. ჩვენ, საქართველოს მთავრობა, ყველას დავეხმარებით, ყველას გავუწვდით და შევუწყობთ ხელს, საკუთარი პროფესიული საქმიანობის წარმოებაში, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა,“- განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობებში არის სირთულეები, საქართველო განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირთან. 

 

„მიუხედავად იმისა, რომ არის სირთულეები ურთიერთობებში, ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას ევროკავშირთან და ამის მორიგი გამოხატულებაა ის, რომ ჩვენ ყველა ვალდებულებას ვასრულებთ და მათ შორის ჩვენი ერთ-ერთი ვალდებულება გახლდათ შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა ევროკომისიისთვის. ეს არის ეკონომიკური რეფორმების გეგმა, ეს მოიცავს სამ წელიწადს - 2025-2026-2027 წლებისთვის არის გაწერილი ეს გეგმა, აქ საუბარია მაკროეკონომიკურ, ფისკალურ საკითხებზე. ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენი მკაფიო ხედვა წარვუდგინეთ ევროკომისიას. ჩვენ ბუნებრივია, ვრჩებით იმ ვალდებულებების ერთგული, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ევროინტეგრაციასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.