ოპოზიციას სინამდვილეში აქვს ერთადერთი გეგმა, ეს არის თვითლიკვიდაციის გეგმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რაც ნაკლები იქნება რადიკალური პარტიები და რადიკალიზმი ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად განვითარდება დემოკრატიული სისტემა.
„რეალურად იმ ქმედებებით, რასაც ისინი ახორციელებენ არჩევნების შემდეგ, ახორციელებენ თვითლიკვიდაციას, თვითონვე ასუსტებენ კიდევ უფრო მეტად საკუთარ პოზიციებს. შესაბამისად, ეს არის კარგი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის. რაც ნაკლები იქნება რადიკალური პარტიები და რადიკალიზმი ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი დემოკრატიული სისტემა. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ოპოზიციის შემდგომ დასუსტებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, მათი ერთიანობის მთავარი საფუძველი არის ის, რომ მათ ჰყავთ საერთო პატრონი.
„თუმცა, ვერც ერთიანად და ვერც ცალ-ცალკე მათ არავითარი წარმატების შანსი არ აქვთ იმიტომ, რომ საზოგადოებამ იცის მათი წარსული, აწმყო და შესაბამისად, კარგად შეუძლია გაიაზროს ის, თუ რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ოპოზიციის თუნდაც რაიმე უმნიშვნელო წარმატება. შესაბამისად, არც ერთიანობით და არც დაშლით მათ არავითარი წარმატების რესურსი არ აქვთ. ეს არის ის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გაუსწორონ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ისინი ვერ აღწევენ საკუთარ მიზნებს და მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ ქვეყანას რაიმე ზიანი მიაყენონ, არის წარუმატებლობისთვის განწირული.
„ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რაც შეეხება ოპოზიციის მოქმედებას, ჩვენ ვიცით, რომ მათი მოქმედებები არის თავიდან ბოლომდე გარედან კოორდინირებული შესაბამისი სუბიექტების მიერ, ვისაც არ სურთ ქვეყნის წინსვლა და განვითარება, თუმცა, ისინი ვერ აღწევენ საკუთარ მიზნებს მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში და ამ შემთხვევაშიც, მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ ქვეყანას რაიმე ზიანი მიაყენონ, არის წარუმატებლობისთვის განწირული. ეს ეხება როგორც ოპოზიციას, ასევე მათ მფარველებს ქვეყნის გარეთ, თუმცა თავისთავად ეს არის სამწუხარო, მაგრამ საზოგადოება ხედავს და აფასებს ყველაფერს“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, - საქართველოში დამარცხდა ბოლშევიზმი და დამარცხდება აუცილებლად ლიბერალური ფაშიზმიც.
„ეს არის ლიბერალური ფაშიზმი და ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. არის ორგანიზებული ქმედებები და ხელწერა არის აბსოლუტურად ერთი და იგივე. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომ საქართველოში დავასრულოთ ლიბერალური ფაშიზმი. ნებისმიერ ასეთ ქმედებას უნდა დავუპირისპირდეთ და საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს. რაც მთავარია, ამ ყველაფრის თავი და თავი, ლიბერალური ფაშიზმი, ეს იდეოლოგია უნდა დამარცხდეს საბოლოოდ ჩვენს ქვეყანაში. ეს იდეოლოგია არის ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო ბოლშევიზმი ერთი საუკუნის წინ. საქართველოში დამარცხდა ბოლშევიზმი და დამარცხდება აუცილებლად ლიბერალური ფაშიზმიც“, - განაცხადა პრემიერმა.