საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა პენიტენციურ დაწესებულებაში მზია ამაღლობელი მოინახულა.
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მზია ამაღლობელის დაკავების დღიდან, სულ შვიდჯერ მოხდა მისი მონახულება, მათ შორის უშუალოდ მის მიერაც.
ლევან იოსელიანის განმარტებით, როგორც აქვს ინფორმაცია, მზია ამაღლობელი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს მეთვალყურეობას ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მზია ამაღლობელი ამჟამად თავს ნორმალურად გრძნობს.
„ქალბატონი მზია თავს გრძნობს ნორმალურად. ის საკვებს არ იღებს 12 იანვრიდან. მისი დაკავებიდან დღემდე, ჩვენ მიერ ქალბატონი მზია მონახულებულ იქნა შვიდჯერ, მათ შორის ჩემ მიერ პირადადაც იქნა მონახულებული. ჩვენ ვიცით მისი პირადი განთავსების პირობები. მე უშუალოდ ვიყავი მასთან საკანში. ამ პირობებთან დაკავშირებით მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. რაც შეეხება თვითონ ადმინისტრციის მხრიდან დამოკიდებულებას, მოპყრობას, ამასთან დაკავშირებითაც ქალბატონ მზიას პრეტენზია არ აქვს. რეგულარულად ხდება მისი ჯანმრთელობის მონიტორინგი, უტარდება კვლევები, ექიმი დღეში სამჯერ ნახულობს და შესაბამისად იღებენ ინფორმაციას.
ასევე, ჩვენმა წარმომადგენელმა ნახა ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც სამედიცინო თავლსაზრისით ამ პერიოდში იქნა შედგენილი. ეს დოკუმენტაცია ჩვენ მიერაც არის გამოთხოვილი და იმედია, დროულად მოგვაწვდიან. გარდა ამისა, ის ესაუბრა ექიმს, პენიტენციური დაწესებულების ექიმს, ვინც იქ იმყოფება და მისგანაც მიიღო დამატებითი ინფორმაცია. არსებობს სხვა საკითხებიც, რომლებიც უშუალოდ ქალბატონი მზიას ჯანმრთელობას ეხება – პერსონალური ინფორმაციაა და ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ – რასთან დაკავშირებითაც მეტი ყურადღებაა საჭირო შიმშილობის პერიოდში და ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მეთვალყურეობას. ამ საკითხზე უფრო აქცენტირებული ვიქნებით, რომ არც ჩვენ და არც პენიტენციურ დაწესებულებას არ გამოეპაროს რამე ისეთი, რამაც შეიძლება, საფრთხე შეუქმნას მის ჯანმრთელობას. როდესაც შევხვდი, მისი პოზიცია იყო, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დღესაც იმავე პოზიციაზე რჩება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.