"მზია ამაღლობელი არის სინდისის პატიმარი და სიმბოლო, რომელიც რეჟიმს ჰყავს დატყვევებული" - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს მიმართა.

"დემონსტრაციები, რომლებიც თბილისის მთავარ გამზირზე ყოველ დღე იმართება, აბსოლუტურად მშვიდობიან ხასიათს ატარებს. მინდა შეგახსენოთ, რომ არც ერთი დაკავებულის წინააღმდეგ, რომელთა სასამართლო პროცესებიც ახლა მიმდინარეობს, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება. დაკავებულთა შორის არის ქალი ჟურნალისტი აჭარიდან, რომელიც უკვე მე-17 დღეა, ციხეში შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია.

ქალბატონი მზია ამაღლობელი არის სინდისის პატიმარი და სიმბოლო, რომელიც რეჟიმს ჰყავს დატყვევებული. ამრიგად, ეს არის პოლიტიკური პატიმრობა, რადგან არცერთი ეს ადამიანი არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, მეტიც, ამ აქციების სადავეები დღეს პოლიტიკოსების ხელში არ არის. ამ აქციებს ხალხი მართავს. ეს პროტესტები არის მშვიდობიანი და ყოველ დღე 10-დან 100 ათასამდე ადამიანი იკრიბება და მინდა გითხრათ, რომ თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ დამტვრეულ ვიტრინას ან დამწვარ მანქანას ამ პროტესტების შედეგად. 

უპირველესი საკითხი და უპირველესი გამოწვევა დღეს არის დემოკრატია, რადგან საქმე გვაქვს ერთპარტიულ რეჟიმთან. ეს არის პარლამენტი, რომელიც მივიღეთ გაყალბებული არჩევნების შედეგად, ეს ერთპარტიული პარლამენტია, რომელშიც არ არის არცერთი ოპოზიციური პარტია. დღეს ხელისუფლება უზურპირებული აქვს ერთ პარტიას, რომელიც ერთი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის ხელშია. ამრიგად საქმე გვაქვს რუსული ტიპის რეჟიმთან, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან"