ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკელ ხალხს - საგარეო უწყება ავიაკატასტროფაზე

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს აცხადებს აშშ-ში ავიაკატასტროფის გამო.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ვაშინგტონის მახლობლად მომხდარი ტრაგიკული ავიაკატასტროფის გამო, რამაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“, - წერს საგარეო უწყება X-ზე.

„ჩვენ გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკელ ხალხს ამ რთულ პერიოდში“, - წერია განცხადებაში.

გასულ ღამით ვაშინგტონთან, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად, ჰაერში ერთმანეთს შეეჯახნენ ავიაკომპანია American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი Bombardier CRJ700 და შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი Black Hawk.

თვითმფრინავში იმყოფებოდნენ 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ხოლო ვერტმფრენში - 3 სამხედრო. შეჯახების შემდეგ ორივე მდინარე პოტომაკში ჩამოვარდა.

ტელეკომპანია CBS-მა პოლიციელებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი დროით ღამის თორმეტის ნახევრისთვის მდინარიდან ამოიტანეს 18 დაღუპულის ცხედარი.

კოლუმბიის ოლქის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის, ჯონ დონელის ინფორმაციით, მდინარეში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია რთულ პირობებში მიმდინარეობს. მყვინთავებს სიბნელესა და ყინვაში, ცივ და მღვრიე წყალში მუშაობა უჭირთ.

30 იანვარს, დილით, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ვაშინგტონთან ჩამოვარდნილ თვითმფრინავში იმყოფებოდნენ რუსი მწვრთნელები, ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულები ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი.

ამერიკული მედიით გავრცელდა შეერთებული შტატების ფიგურული ციგურაობის ფედერაციის განცხადება, რომ თვითმფრინავის მგზავრებს შორის იყვნენ სპორტსმენები, მწვრთნელები და მათი ოჯახების წევრები, რომლებიც კანზასში მდებარე ბაზიდან ბრუნდებოდნენ. ფედერაციას მათი კონკრეტული რაოდენობა არ დაუსახელებია.