"სომხეთს და საქართველოს აქვთ აქტიური როლი რეგიონული განვითარების მიმართულებით" - ნიკოლ ფაშინიანი

ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ განვიხილავთ ძალიან ბევრ კონკრეტულ საკითხს, მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეთანხმებებს, რასაც აქვს პირდაპირი გავლენა ჩვენს ქვეყნებზე, -  ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე განაცხადა. 
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ეს დისკუსია ახალ შესაძლებლობებსა და ფორმატს ქმნის და აძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს. 
„თბილისში ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საქართველოს და სომხეთის ურთიერთობებში და წვლილი შეიტანა სტაბილურობის უზრუნველყოფაში მთელს რეგიონში. ეს დოკუმენტი არა მარტო ასახავს იურიდიულად იმ მაღალი დონის თანამშრომლობას, რომელიც გაგვაჩნია ორ ქვეყანას, არამედ ფართო პრაქტიკულ შესაძლებლობებს ქმნის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განსავითარებლად,“, -  აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, 2024 წელი წარმატებული და ეფექტური წელი იყო როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისთვის.

 

„მიმაჩნია, რომ სომხეთს და საქართველოს ახალი მიღწევები აქვთ. 2024 წელი დავხურეთ, რომელიც წარმატებული და ეფექტური წელი იყო როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისთვის. ჩვენი თბილი ურთიერთობების ხასიათი მოითხოვს, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებული დონით და ერთობლივად გამოვავლინოთ ახალი ჰორიზონტები. აი ამ სულისკვეთებით, დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელი ყველა ჩვენი ძალისხმევის და ერთობლივი ინიციატივების შედეგად იქნება ახალი ამბიციური პროექტების დასაწყისი. ჩვენ სხვადასხვა სექტორში, იქნება ეს კომუნიკაცია, ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, უსაფრთხოება, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა და ხალხთაშორის კონტაქტები. ჩვენ შეგვიძლია, ერთობლივი ნაბიჯები გადავდგათ იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავამარტივოთ დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი, რაც გაზრდის როგორც მგზავრების მიმოსვლას,  ასევე საქონელბრუნვას  და ჩვენ გვექნება საშუალება, რომ იურიდიული და საკანონმდებლო ურთიერთობები დავხვეწოთ ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც შექმნის უფრო გამარტივებულ შესაძლებლობებს, ბიზნესტრანზაქციების და ოპერაციების განსახორციელებლად. ეს არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ბიზნესსაქმიანობისთვის და ეს ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობებისთვის და სავაჭრო ბრუნვის ხელშეწყობისთვის გაკეთდება“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, კომისიის ფარგლებში ხდება ურთიერთსასარგებლო ინიციატივების დამუშავება.

 

„სტრატეგიული პარტნიორების პრიზმაში და თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებელმა სომხეთმა და საქართველომ ქრონოლოგიურად 30 წელზე მეტი წლის განმავლობაში თანამშრომლობა ნამდვილად კარგად განავითარეს, გვქონია მიღწევები, ბევრი დაბრკოლებაც გადაგვილახავს. მინდა, ხაზი გავუსვა იმ დიდ პოტენციალს, რომელიც გაგვაჩნია ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებისა და გამდიდრების კუთხით. ეს თანამშრომლობა არის ის იდეა, რის მიმართაც ერთგულება გვაქვს ნაკისრი და კონკრეტული პოლიტიკის საფუძველზე შეგვიძლია, ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. ჩვენ სრულად ვცემთ პატივს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ გვაქვს კარგი გაგება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა. ყველა ნაბიჯს ვდგამთ იმისათვის, რომ ამ ორიენტირებისკენ ვიაროთ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.


მანვე საქართველოსთან მაღალი დონის ურთიერთობის შენარჩუნებისა და კიდევ უფრო მეტად განვითარების იმედი გამოთქვა.

 

„სომხეთს და საქართველოს აქვთ აქტიური როლი რეგიონული განვითარების მიმართულებით. სამშვიდობო პროექტი ითვალისწინებს ამ რეალობას და ძალიან კონკრეტული სარგებელი შეუძლია მოიტანოს, ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელი იყო გლობალური და რეგიონული გამოწვევების მქონე წელი, საქართველომ და სომხეთმა მაინც შეძლეს ჰარმონიული გადაწყვეტილების პოვნა. აღნიშნული ცვალებადი გარემოს ფარგლებში შეიქმნა იმის წინაპირობა, რომ სამომავლოდ წარმატება იქნას მიღწეული. ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება სტრატეგიას, არსებული რთული გეოპოლიტიკური ფონის მიუხედავად, აქცენტი გაკეთდეს მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩვენ ერთმანეთს მხარს დავუჭერთ და მომავალშიც კიდევ უფრო განვავითარებთ თანამშრომლობას.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო კოლეგებო, ძალიან მიხარია, თქვენი მასპინძლობა. ჩვენი საბჭოს წევრებს ვუსურვებ ორმხრივი ინიციატივების წარმატებით განხორციელებას, დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ შევძლებთ ყველა შესაძლო ძალისხმევის განხორციელებას იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ მაღალი დონის ურთიერთობა და კიდევ უფრო განვავითაროთ ეს მიმართულება,“- აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშნიანმა და ირაკლი კობახიძემ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს, სადაც სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობების ერთობლივი ძალისხმევის საფუძველზე, გაგრძელდება ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავება არაერთი მიმართულებით.

 

„სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომები, წლიური შეხვედრები, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ცხადჰყოფს იმას, რომ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მდიდარი დღის წესრიგის მქონეა.

წინა წლებში, განსაკუთრებით 2024 წელს, მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია იქნა ხელმოწერილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობების ერთობლივი ძალისხმევის საფუძველზე გავაგრძელებთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებას მრავალი მიმართულებით. დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი ეხებოდა ბევრ საკითხს, მათ შორის ტრანსპორტს, კომუნიკაციებს, ენერგეტიკას, ტურიზმს, სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას, ჯანდაცვას, კულტურას, განათლებას, მეცნიერებას და კიდევ მრავალ საკითხს, არსებულ და სამომავლო პროექტებთან დაკავშირებით. ვაღიარებ, რომ ჩვენი მოძმე ერი მეგობრული განწყობით ძალიან კონკრეტული, ძლიერი რეალობის წინაშე იმყოფება, საქართველო-სომხეთი უპირობოდ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ ერთმანეთს ზრუნვით და პატივისცემით ვექცევით, ვზრუნავთ ერთმანეთის პრიორიტეტებზე, პოზიციებზე. არათუ დავუშვებთ რაიმეს ერთმანეთის საზიანოდ, არამედ ერთმანეთის ინტერესებს ვიცავთ. საზოგადოებები ჩვენს ქვეყნებში იზიარებენ ძალიან ბევრ ტრადიციას, იქნება ეს კულტურული, თუ ისტორიული და ჩვენ გაგვაჩნია ის ფასეულობები, რომელიც ეფუძნება მეგობრობას, პატივისცემას და ეს კლდეშია ნაკვეთი. ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთის ინტერესებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა შესძლო მიმართულებით,“- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.